კვირის რჩევები
5 ლარად შეიძლება იყიდო 1 კოლოფი სიგარეტი და მერე 20-ჯერ მოგიწიოს ქუჩაში გასვლა მოსაწევად. ათასი მეგაბაიტი მობილური ინტერნეტის შეძენა და მერე რეალურ სამყაროზე დაკვირვების ნავლად, ფეისბუქის დაუსრულებლად სქროლვაც შეიძლება. 5 ლარად ვერ შეჭამ გემრიელ ჰამბურგერს და ვერც ხაჭაპურს, მაგრამ მოახერხებ, რომ იყიდო: 1 კილო პომიდორი, 1 კილო კიტრი, 1 კილო კარტოფილი, 1 პური, 1 ბოთლი კოკა -კოლა და თავად მოამზადო სადილი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. 5 ლარად შეიძლება 10 -ჯერ იმგზავრო ავტობუსით ან 6 -ჯერ სამარშუტო ტაქსით. მეტროთიც იმგზავრებ 10 -ჯერ, თუ რა თქმა უნდა, მემანქანეები გაფიცულები არ არიან. 5 ლარად ვერ წახვალ თეატრში, ვერც კონცერტზე და ვერც კლუბში. უფრო მეტიც, თუ თბილისის 3 უბანზე მეტი გაქვს გასავლელი, ამ თანხით, ტაქსით, თეატრის შენობამდეც კი ვერ მიხვალ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში, 5 ლარი ძალიან მცირე თანხაა, ავტომობილის საწვავსაც კი ვერ იყიდი იმდენს, რომ მნიშვნელოვანი მანძილის დაფარვას ეყოს, თუმცა 5 ლარად იგივე ავტომობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთის გაკეთება შეგიძლია. ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გეგონებათ, რომ „დაშლილებში“ ვიზიტს და იქ ავტომობილის ახალი სარკეების შეძენას გთავაზობთ, კარგად ვიცი, ამ ფულით „დაშლილებშიც“ კი ვერ „იშოპინგებ“, თუმცა 5 ლარად შეგიძლია შეიძინო სერვისი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ „დაშლილებში“ სიარულს თავიდან აგარიდებს. ალბათ მიხვდი, დაზღვევაზე ვსაუბრობ და გიკვირს ფასი, გგონია რაღაც მეშლება, არადა ეს აბსოლუტური რეალობაა, დაზღვევა უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. სწორედ 5 ლარი ღირს მძღოლების ერთ -ერთი ყველაზე უფრო დიდი კოშმარის, სხვისი ქონების დაზიანების შედეგად დაკისრებული ვალდებულებებისთვის, თავის არიდება. ამისთვის კი საკმარისია, შეიძინოთ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. აღნიშნული პოლისის მფლობელების მიერ დაზიანებული სხვისი ავტომობილის, სხვისი ქონებისა და სხვისი ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს სადაზღვევო კომპანია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის 5 ლარიან პოლისს ფლობთ, სადაზღვევო კომპანია თქვენს ნაცვლად აანაზღაურებს, თქვენს მიერ მიყენებულ 5 ათას ლარიან ზარალს. თუ საკუთარი თავის დაზღვევა უფრო დიდი ზარალის ხარჯების ანაზღაურებისგანაც გსურთ, თქვენ მოგიწევთ ოდნავ უფრო ძვირადღირებული პაკეტის შეძენა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოდნავ ძვირი მართლაც ოდნავ ძვირს ნიშნავს, რადგან ქართულ ბაზარზე, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველაზე მაღალ ფასიანი პაკეტი სულ რაღაც 12 ლარი ღირს. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ზარალის ანაზღაურება ხდება მაშინაც კი თუ ავტომობილს მართავდა არა მფლობელი, არამედ ვინმე სხვა. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რაც სადაზღვევო კომპანიის ოფისში ვიზიტს აგარიდებთ თავიდან. და ბოლოს, გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობასა და თქვენს კუთვნილებაში არსებული ყოველი 5 ლარის გონივრულად ხარჯვას.
კვირის რჩევები
წაიკითხავდით,  ბოლო წლების სტატისტიკას, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის. ნუ, თუ არ წაიკითხავდით, შენიშნავდით მაინც... ჰოდა რას მოვაყოლე... ხშირად, ქვეყნებში შიდა ტურების დაგეგმვა, ჩამოსვლის შემდეგ ჯობს, რაკი ონლაინ ადგილობრივ კომპანიებზე რთულია დეტალური ინფორმაციის მოძიება, მათი სანდოობის გამორკვევა და ა.შ. ჩახვალ, შეირბენ რომელიმე ტურისტულ ქუჩაზე და ეგ არის. ძირითად შემთხვევებში, ბედს ხარ მინდობილი. სულ ხუთი დღით ჩახვედი, ტური იყიდე, ხვალ მთელი დღე უნდა გაატარო ამ ამბებში და ჰოპ - კომპანია ტურს აუქმებს, შენ კიდევ ხუთი დღიდან როცა ერთი ან უფრო ცუდ შემთხვევაში მეტი დღე გიუქმდება, არც ისე სახარბიელო დღეში ხარ. პრობლემები ხშირია: შეიძლება შენი ფრენა გადაიდოს. ერთი შეხედვით გადაიდო და ჰა, თუმცა თუ ჩავუღმავდებით, აი მანდ ხდება უბედურება. სექტემბერში მაქვს ფრენა ქუთაისიდან ბარსელონაში, საიდანაც 9 საათში მაროკოში უნდა გადავფრინდე. საკმარისია ეს ფრენა გაუქმდეს და მეორე დღეს მომიწიოს, მე მაროკოს ფრენის ბილეთების მიუქმდება, რაკი ვაგვიანებ, სასტუმროებიც მრჩება ჰაერში, ახლიდან მიწევს ბარსელონაში ხარჯების გაღება და თან იმ ბარსელონაში, სადაც უკვე მეხუთედ მივდივარ. ვფიქრობ, ნეტა დამეზღვია. შეიძლება ბოლო წამს, სასტუმრომ მოგწეროს, რომ რაღაც ფორსმაჟორის გამო ვეღარ ახერხებს შენს მიღებას. ორი დღეღა დაგრჩა, ათასი საქმე, ყველაფერი, რაც კარგია დაჯავშნილია, ფულს კი მიბრუნებს, მაგრამ ახლა რაღა ვიშოვო, ან სად?! კიდევ ერთი შარია, კიდევ ვფიქრობ, ნეტა ეგეც დამეზღვია! ადგილობრივი ტური აიღე, გადაგაგდეს, აი როგორც ტაქსი გთხოვს აეროპორტში 17 ლარიან გზაზე 60 და 80 ლარს, მიდი და სდიე აბა, უცხო ქვეყანაში, ან თუნდაც იპოვო, დაკარგულ ბედნიერ წუთებს, ნანატრი შვებულებისას ვინ აგინაზღაურებს? არც არავინ, გარდა სადაზღვევო კომპანიისა :) ჩემი, ეარბიენბიზე გაქირავებული ბინებიდან და ასევე, იმ სტუმრებისგან, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად ვიკვეთებით, გასართობ ადგილებში - მცირე სტატისტიკური მოკვლევა გავაკეთე: ევროპიდან, ამერიკიდან და მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულთა აბსოლოტური უმრავლესობა დაზღვეულია ყველა აზღვევს ფრენას, ტურს, ა.შ. სამოგზაურო დაზღვევის გარეშე მოგზაურობა ვერც კი წარმოუდგენიათ ბარგიც დაზღვეული აქვთ, რამდენიმე მათგანს პრაქტიკაც ჰქონია, რომ ბარგი დაკარგულა, ან დაგვიანებულა და მთელი დასვენების პერიოდი, რაც ეცვათ იმას პლუს უცებ ნაყიდი ტანსაცმლით გაუტარებიათ ისინიც კი, ვინც უცხო ხალხთან რჩებიან, კარვებში ათენებენ და სათავგადასავლო ცხოვრების წესს აწვებიან, აუცილებლად ყიდულობენ დაზღვევას, მინიმალურ პაკეტს მაინც. მეც სულ მიკვირდა, რატომ იყვნენ ასე მშვიდად ყველაფერზე და მე რატომ ვღელავდი ამდენ რამეზე. გამოსავალი ნაპოვნია. აქა მშვიდობა!
ისტორიები
უხსოვარი დროიდან მოგზაურობდნენ ადამიანები. თუმცა, ბევრად ნელა და ნაკლებად საინტერესოდ. ჩვენმა შორეულმა წინაპარმა მოგზაურობა თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაიწყო ეთიოპიიდან და გავრცელდა მთელ დანარჩენ დედამიწაზე. მას შემდეგ ადამიანები მოუსვენრად გადაადგილდებიან კონტინენტიდან კონტინენტზე, იპყრობენ ზღვებსა და ოკეანეებს, ითვისებენ ჩრდილო თუ სამხრეთ პოლუსების თოვლით დაფარულ სივრცეებს, ლივლივებენ ცაში და მიისწრაფიან, რათა მეტი შეიცნონ ახალი ადგილების შესახებ. საუკუნეების წინ ადამიანები მოგზაურობდნენ სავაჭრო მიზნით ან და საბრძოლველად. სწორედ ეს ორი გახლდათ ახალი კულტურების, ცივილიზაციების შეცნობის ერთადერთი გზა. მოგვიანებით, საერთაშორისო ავიახაზების განვითარების შედეგად ადამიანმა სწრაფი ტემპებით აითვისა გართობისა და დასვენების ახალი ხერბები, რომელიც უცხო ქვეყნების მონახულებით, კამკამა სანაპიროებით ტკბობის, მთის კურორტებზე თოვლში სრიალით, ეგზოტიკური ქალაქების ვიწრო ქუჩებში უბრალოდ ხეტიალით თუ უამრავი სხვა ფორმით გამოვლინდება. მოგზაურობის დაგეგმვა მრავალი საინტერესო და ამავდროულად რთული კომპონენტისგან შედგება, რა დროსაც სხვადასხვა წვრილმან-მსხვილმანი საქმეები გვაქვს შესასრულებელი. ვიყიდოთ ავიაბილეთები, მოვძებნოთ და დავჯავშნოთ საცხოვრებელი, ზამთარში ჩრდილოეთისთვის მოვიმზადოთ ღუნღულა ტანსაცმელი, ზაფხულში კი იმგვარი, რომ ყველა ხვდებოდეს აქ თუ ვინმე ჭეშმარიტად „გულაობს“, ეს სწორედაც რომ ჩვენ ვართ. ბარგი ჩავალაგოთ, არ დაგვრჩეს სმარტფონის დამტენი და ფოვერბანკი, რასაკვირველია არც ფოტოაპარატი. უამრავი საჭირო თუ უსარგებლო ნივთი. თუ ქინდლი არ გვაქვს, ერთი სქელიყდიანი წიგნიც გვჭირდება, თუნდაც რეპუტაციისთვის, სასურველია ფრანგი მწერლის, სამწუხაროდ უელბეკი აღარ გამოდგება, ნაწყენები ვართ. თუმცა კარგ ფრანგ მწერლებს რა გამოლევს. თემას ავცდით, მგონი ყველაფერი ჩავალაგეთ, ბილეთები ხელში გვიჭირავს, ტაქსი გამოძახებულია. თითქოს ყველაფერი მარტივადაა. ევროპის მიმართულებით ვიზა აღარ გვჭირდება და აბა რაღა აღუდგება წინ იმას, რომ ჩვენს ისტორიულ სამშობლო მიწას, ჭეშმარიტ ევროპულ სივრცეს შევუერთდეთ და ჩვენი წილი ევროპელობა დავიბრუნოთ. ჩავალთ და ყველა გვკითხავს საიდან ვართ და სხაპასხუპით ვუპასუხებთ, - ფრომ ჯორჯია, ქანთრი. ისე, ურიგო არ იქნებოდა, სახელმწიფოსთვის პირდაპირ ამგვარი სახელწოდება მიგვენიჭებინა - “Georgia country”. თუმცა, ქვეყნის სახელწოდებას დავეხსნათ და მთავარია შორეული ფრენის მოლოდინით აღელვებული გული ცოტა ხნით დავაოკოთ და დავფიქრდეთ, რაიმე ხომ არ გვრჩება? ასეთ ვითარებაში, ადვილია გამოგვჩეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიც კი, როგორიცაა სამოგზაურო დაზღვევა. მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მოგზაურობისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა აღარ გვჭირდება, სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაზღვევა მაინც საჭიროა. რასაკვირველია, უმჯობესია ყველაფერი წინასწარ მოვამზადოთ, თუმცა არც გულმავიწყებს გაწირავს ბედი და სადაზღვევო სექტორი, რადგანაც თუნდაც აეროპორტიდან შეგვიძლია ონლაინ ვიყიდოთ დაზღვევა, რომელიც მომენტლურად გააქტიურდება და შეგვეძლება სუფთა სინდისით წარვსდგეთ საპასპორტო კონტროლის წინაშე. ამის შემდეგ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ჩავისუნთქოთ ჩვენი ქვეყნის მტვრიანი, თუმცა მაინც საყვარელი ჰაერი, მზერა მივაპყროთ ჰორიზონტზე ლურჯ სივრცეებს და ამაყად გავეშუროთ პირველი ევროპელები სხვა ევროპელ ნათესავებთან შესახვედრად. რაც მთავარია გვახსოვდეს, ბერგჰაინი ვერასდროს შეედრება მშობლიურ ბასიანს, ხოლო LSD საყვარელ LRG-ის.
ისტორიები
დაზღვევა მხოლოდ ციფრები და ქაღალდები არ არის და ხანდახან  ბევრად საინტერესო ამპლუაში გვევლინება. შეიძლება აქამდე არ დაკვირვებიხართ, მაგრამ ძალიან ბევრ ფილმში დაზღვევა საკვანძო როლს ასრულებს და მოვლენების მოულოდნელი განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. დღევანდელ პოსტში გვინდა სწორედ დაზღვევის კინო როლებზე გესაუბროთ. ცხადია, ყველა ფილმს, სადაც სადაზღვევო თემაა გაჟღერებული, ვერ მოვიცავთ, თუმცა, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ფილმების ყურებისას ალბათ თავადვე გაამახვილებთ ყურადღებას და შეიძლება გაგაოცოთ კიდეც, რამდენად ხშირად არის კინოში სადაზღვევო კომპანია თუ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები ნახსენები. დღეისათვის სასაუბროდ ათი ფილმი შევარჩიეთ:   1) Lloyd's of London (1936)   რეჟისორი: ჰენრი კინგი როლებში: ტაირონ პაუერი, მედელინ კეროლი და გაი სტენდინგი მოკლე  შინაარსი: ორი მეგობარი, ჯონათან ბლეიკი და ჰორაციო ნელსონი შემთხვევით მეზღვაურების საუბარს მოკრავენ ყურს, რომლებიც მომავალი სადაზღვევო თაღლითობის შესახებ საუბრობენ. ჯონათანი გადაწყვეტს, რომ ლოიდსის თანამშრომლებს ამ თაღლითობის შესახებ აცნობოს. საბოლოოდ, ჯონათანი ლოიდსის სადაზღვევო ბიზნესში ერთვება და წარმატებასაც აღწევს.   2) Double Indemnity (1944) რეჟისორი: ბილი ვაილდერიროლებში: ფრედ მაკმიურეი, ბარბარა სტენვიკიმოკლე შინაარსი: ფილმის სადაზღვევო აგენტის შესახებაა, რომელიც ხვდება ცოლს, რომელსაც ქმრის მკვლელობა აქვს გადაწყვეტილი და სურს, მკვლელობა უბედური შემთხვევის იერი მისცეს, რათა სადაზღვევო კომპანიისგან ანაზღაურება მიიღოს. 3) To Catch a Thief (1955) რეჟისორი:  ალფრედ ჰიჩკოკიროლებში: კერი გრანტი, გრეის კელიდიახ, დაზღვევა ჰიჩკოკის კლასიკაშიც ფიგურირებს. ამერიკელი ემიგრანტი რივიერაზე მშვიდად ცხოვრობს, თუმცა სიმშვიდე მას შემდეგ მთავრდება, რაც მას ლოიდსის მშვენიერი სადაზღვევო აგენტი ქურდის დასაჭერად ქირაობს. 4) The Wrong Man (1956) რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკიროლებში: ჰენრი ფონდა, ვერა მაილსიროგორც ჩანს, ჰიჩკოკს დაზღვევა ძალიან უყვარდა და ფილმებისთვის საინტერესო თემატიკად მიაჩნდა. მის მორიგ ფილმში, ახალგაზრდა მუსიკოსი სადაზღვევო კომპანიაში შედის, სადაც სხვა ადამიანში, კერძოდ კი ქურდში, ეშლებათ და აპატიმრებენ. მან როგორმე თავისი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს. 5) Alias Jesse James  (1959) რეჟისორი: ნორმან მაკლეოდიროლებში: ბობ ჰოუპი, რონდა ფლემინგი, უენდელ კორეი მოკლე შინაარსი:  ვესტერნი კომედია სადაზღვევო აგენტის შესახებ, რომელიც სიცოცხლის დაზღვევას შემთხვევით ცნობილ ამერიკელ კრიმინალს, ჯესი ჯეიმსს მიჰყიდის. აგენტს დასავლეთში ჯესი ჯეიმსის დასაცავად გზავნიან. თუმცა, ჯეიმსი ფერნსვორთის მოკვლას გეგმავს, რათა ანაზღაურება თავად მიიღოს. 6) The Thomas Crown Affair (1968) რეჟისორი: ნორმან ჯიუისონი როლებში: სტივ მაქქვინი, ფეი დანავეი მოკლე შინაარსი:  კიდევ ერთი პოპულარული და კლასიკური ფილმი, რომელშიც სადაზღვევო გამომძიებელი, ბანკის ძარცვას იძიებს. 7) Entrapment (1999) რეჟისორი: ჯონ ამიელი როლებში: კეტრინ ზეტა-ჯონსი, შონ კონერი მოკლე შინაარსი:  კეტრინ ზეტა ჯონსის გმირი სადაზღვევო გამომძიებელს ვეივერლის დაზღვევის თანამშრომელია. ის ხელოვნების ნიმუშების ქურდს ეძებს, მაგრამ ამისათვის თავადაც ქურდად უნდა შეინიღბოს. 8) Memento (2000)   რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი როლებში: გაი პირსი, კერი-ენ მოსი მოკლე შინაარსი:  ლეონარდი, ყოფილი სადაზღვევო გამომძიებელია, რომელიც ცოლის მკვლელობის გამოძიებას ცდილობს. ის ანტეროგრადული ამნეზიით იტანჯება, ამიტომ მცირე ჩანაწერებით და სხეულზე უამრავი ტატუთი, ცდილობს ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტები აღნიშნოს და ასე გაიხსენოს წარსული.   9)  Cedar Rapids (2011)   რეჟისორი: მიგელ არტეტა როლებში: ედ ჰელმსი მოკლე შინაარსი:  კომედია ადამიანზე, რომელსაც სამსახური ყოველწლიურ სადაზღვევო კონვენციაზე. აიოვაში, სიდარ რეპიდში გზავნის თავის წარმომადგენლად. შემდგომი მოვლენები კი რა თქმა უნდა, კომედიურად ვითარდება.   10) Automata (2014) რეჟისორი: გაბე იბანიესი როლებში: ანტონიო ბანდერასი მოკლე შინაარსი:  ანტონიო ბანდერასი რობოტების კორპორაციის სადაზღვევო აგენტია, რომელიც რობოტების მიერ პროტოკოლის დარღვევის შემთხვევებს იძიებს და გამოძიების პროცესში საინტერესო ფაქტებამდე მიდის.  
online დაზღვევა
დღეს თითქმის აღარაა დარჩენილი სფერო, რომელიც ონლაინ სერვისებს არ გვთავაზობს. ბანკები, მობილური ოპერატორები,ავიახაზები, ტუროპერატორები, სამედიცინო დაწესებულებებიც კი, უკვე დიდი ხანია გამარტივებულ და სწრაფ სერვისებს გვთავაზობენ,  გვიზოგავენ დროსა და ენერგიას, რაც, დამეთანხმებით, ასე მნიშნვნელოვანია ყველასთვის. ბოლო 2 წელია ონლაინ სერვისები სადაზღვევო სექტორმაც გაააქტიურა და დღეს ყველა წამყვანი სადაზღვევო კომპანია, შეძლებისდაგვარად, ცდილობს გამარტივებული დისტანციური მომსახურება შემოგვთავაზოს. დღევანდელ გადატვირთულ რეჟიმის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ დაზღვვევის შესაძენად შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ  ოფისში რიგში დგომა, დროის კარგვა და უზარმაზარი პრეზენტაციების მოსმენა, ნამდვილი ფუფუნებაა. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ამჯერად, დაზღვევის შეძენის 2 ალტერნატიულ გზას განვიხილავთ და გავიგებთ რა უპირატესობები აქვს დაზღვევის ონლაინ ან აგენტთან შეძენას.   რა უპირატესობა აქვს ონლაინ დაზღვევას?   სიმარტივე - ბევრს ჰგონია, რომ დაზღვევის შეძენის პროცესი სირთულეებთან- ხანგრძლივ და ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში, ონლაინ დაზღვევა იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გაზრდილი კონკურენციის პირობებში, სადაზღვევო კომპანიები იმდენად გამარტივებულ პროცედურებს გვთავაზობენ, რომ თუ ოდნავ მაინც ერკვევით სმარტფონებსა და კომპიუტერებში, უპრობლემოდ შეძლებთ დაზღვევის ონლაინ შეძენას.  დროის ეკონომია- თუ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვებით, რომელთაც დატვირთული დღის რეჟიმი აქვს და თითოეული წუთი ძვირფასია, მაშინ ონლაინ დაზღვევა თქვენთვის ყველაზე კომფორტულია. შედიხართ საიტზე, გადაავლებთ თვალს სადაზღვევო პაკეტების პირობებსა და ფასებს, შეარჩევთ სასურველს, ბარათით გადაიხდით  და 2-3 წუთში დაზღვეული ხართ. კომფორტი - ონალაინ შეძენის კიდევ ერთი უპირატეობა მის ფასდაუდებელ კომფორტში მდგომარეობს. წარმოიდგინეთ, არ გიწევთ სადაზღვევო აგენტთან შეხვედრის შეთანხმება. როგორც იქნა როცა მოახერხებთ დათქმულ დროს შეხვედრაზე მისვლას და შემდეგ იწყება 30 სლაიდიანი  power point პრეზენტაციების და კონკურენტული უპირეატესპბებისა მოსმენა. თუ აგენტი გამოცდილი აღმოჩნდა, იქვე გაგაფორმებინებთ ხელშეკრულებას. თუ „მაძიებელი“ ტიპაჟი ხართ, ყველა დეტალს უღმავდებით და დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ დაზღვევის პირობების შესახებ, სავარაუდოდ, სხვა კომპანიებისს პირობების გაგებასაც მოისურვებთ და შესაბამისად იგივე პროცესების გავლა მინიმუმ 2-3ჯერ მოგიწევთ. ამის ალტერნატივა გაცილებით კომფორტულია-თუ, პირობითად, ავტოდაზღვევა გსურთ,  შეარჩევთ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას, რომელთა პირობების შესახებ ინფორმაცია დევს საიტზე. იქვე გამოთვლით ტარიფებს და ზედმეტი ზარების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების გარეშე მარტივად დააზღვევთ თქვენს ავტომობილს.   რა უპირატესობა აქვს აგენტთან დაზღვევას?   მეტი სიცხადე - მიუხედავად ონლაინ სერვისების სიკეთეებისა, სადაზღვევო აგენტის როლი დაზღვევის შეძენისას უმნიშვნელოვანესია და ალბათ, ასეც დარჩება.  თუ თქვენ ვერ ერკვევით დაზღვევის ტერმინოლოგიებში, პროცედურებში ან პოლისში არსებული ინფორმაცია თქვენთვის რთული გასაგებია, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად  და მეტი სიცხადისთვის, საუკეთესო გამოსავალია დაზღვევა აგენტთან შეიძინოთ, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით  პირობების, გამონაკლისებისა და პროცედურების შესახებ. მუდმივი კომუნიკაცია - დაზღვევის აგენტთან ურთიერთობით თქვენ, ფაქტობრივად, დაზღვევის პირად კონსულტანტს იძენთ, რომელთანაც გაქვთ მუდმივი კომუნიკაცია. აგენტი არის დამაკავშირებელი რგოლის თქვენსა და კომპანიას შორის. კომფორტი - ზოგისთვის კომფორტი დისტანციური სერვისებია, ზოგი კი ადამიანებთან უერთიერთობას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ეს პროცესი ყოველთვის სასიამოვნო არ არის. დაზღვევის აგენტი კი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს კომფორტი შეგიქმნათ - ყოველთვის ცდილობს თქვენზე მოარგოს დრო, მოვიდეს თქვენთან სამსახურში, კაფეში, თუ დაგჭირდათ არასამუშაო დროს, უქმეებზე, სახლშიც კი და ადგილზე გაგიწიოთ მომსახურება. ასე, რომ თუ დიდად ვერ მეგობრობთ ტექნოლოგიებთან, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ კომფორტული სერვისი მიიღოთ, დაზღვევის შესაძენად აგენტთან ურთიერთობა საუკეთესო არჩევანია.   ჩვენდა საბედნიეროდ, სადაზღვევო სექტორში კონკურენცუია იზრდება, შესაბამისად სერვისები იხვეწება და საბოლოო ჯამში, ჩვენზე,  მომხარებელზე ორინეტირებულ და მრავალფეროვან მომსახურებას ვიღებ. ასე, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიმოქმედოთ, დავეზღვეთ, ხოლო იმას თუ სად შევიძენთ დაზღვევას- ონლაინ თუ აგენტთან- უკვე ჩვენს  პრიორიტეტებზეა დამოკიდებული, მთავარია ვიცოდეთ თითოეულის უპირატესობები.
კვირის რჩევები
საქართველოში არსებული სოციალური ფონისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, საკუთარი ყოველთვიური შემოსავლის მნიშნელოვანი პროცენტული წილის გადადება უწევს ისეთი ყოველთვიური ხარჯებისთვის როგორებიცაა: ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის გადასახადი, წყლის გადასახადი, დასუფთავების გადასახადი, საკუთარი ან საკუთარი ოჯახის წევრის განათლების დაფინანსების ხარჯები, მობილური ტელეფონის ხარჯები, სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებების შესრულების მიზნით ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადასახდელი თანხები და სხვა მსგავსი ფინანსური დანახარჯები, ამ სიის თუნდაც ერთი პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილების მიღება ხშირად არის საყოყმანო საკითხი. თუმცა, მოდით გავიხსენოთ ძველი სიბრძნე იმის შესახებ, რომ ძუნწი ორმაგს იხდის. მართლაც და, ეს ანდაზა ძალიან ბევრ სიტუაციაში ამართლებდა და დღემდე ამართლებს საკუთარ აზრს. მაგალითად, ფულის ეკონომიის მიზნით დაბალ ფასიანი პროდუქტის შეძენის შემდეგ, თქვენ შესაძლოა, შენაძენით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ ან ნივთი მალე გამოვიდეს მწყობრიდან და იგივე ხარჯის მეორედ გაწევა მოგიწიოთ. სიძუნწის სავალალო შედეგების სიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სადაზღვევო სერვისებისა და პროდუქტების უგულვებელყოფას, მათი საფასურის, კერძოდ კი მცირე ყოველთვიური გადასახადის თავიდან არიდების მიზნით. რატომ? იმიტომ, რომ სადაზღვევო პაკეტში დახარჯული X თანხა შესაძლოა, რომ მომავალში, აღნიშნული X თანხაზე ათჯერ ან ასჯერ დიდი ოდენობის ხარჯისგან გათავისუფლების მიზეზი გახდეს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ X თანხის ყოველთვიურ ეკონომიას ახდენთ, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ძუნწი, რომელსაც ორჯერ, სამჯერ ან ათჯერ მეტის გადახდა მოუწევს. (გააჩნია შემთხვევას) მეტი კონკრეტიკისთვის განვიხილოთ ავტომობილის დაზღვევის მაგალითი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ავტოდაზღვევაზე ეკონომიას აკეთებთ და ამით თქვენი ყოველთვიური ხარჯების შემცირებას ცდილობთ, ფულის ეკონომიის ეს გზა აუცილებლად გაგიხდებათ სანანებელი იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილი დაზიანდა და მისი შეკეთების ხარჯების გაწევის აუცილებლობის წინაშე დადგებით. უფრო მეტიც, თუ თქვენი ავტომობილის დაზიანების პროცესში, თქვენი ბრალეულობით, თქვენს ავტომობილთან ერთად სხვა ავტომობილებიც დაზიანდა, თქვენ მათი შეკეთებისთვის აუცილებელი ხარჯების გაწევაც მოგიწევთ. კოლოსალური ხარჯების თავიდან აცილება არ გახლავთ თქვენი სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის აუცილებლობის მხოლოდ ერთადერთი მიზეზი, რადგან ავტო დაზღვევას სხვა ღირსებებიც გააჩნია. ავტომობილის დაზღვევის სხვა მიზეზები მიზეზი N1 - კომფორტი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ თქვენს სადაზღვევო აგენტთან. ის მაქსიმალურად სწრაფად მოვა შემთხვევის ადგილზე და საკუთარ თავზე სრულად ან ნაწილობრივ აიღებს ყველა იმ უსიამოვნო საკითხის მოგვარებას, რომელიც თან ახლავს ავტოსაგზაო შემთხვევას. (დაზიანებული ავტომობილის ან ავტომობილების ევაკუაცია, ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა მონაწილეებთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ..) მიზეზი N2 - სიმშვიდე როდესაც თქვენი ავტომობილი დაზღვეულია, თქვენ შედარებით ნაკლებს ნერვიულობთ არამხოლოდ ავარიებზე, არამედ ისეთ საფრთხეებზეც, როგორებიცაა: ხანძარი, სეტყვა, მიწისძვრა, ზვავი, მოტეხილი და თქვენს მანქანაზე დაცემული ხის ტოტი, მშენებარე ნაგებობიდან გადმოვარდნილი ან გადმოღვრილი სამშენებლო მასალა, მეზობლის ბავშვების მიერ საქარე მინისთვის გარტყმული ბურთი, ვანდალიზმი და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია ჩვენს ქვეყანაში ავტომობილის მოპარვის ფაქტებს ადგილი აღარ აქვს, მაგრამ მათი გაძარცვის (ავტომობილის შიგთავსის, საბურავების ან სხვა გარე ნაწილების მოპარვა) ფაქტები იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქსირდება ჩვენს დედაქალქში. სადაზღვევო პაკეტის შემდეგ, ნებისმიერ ზემოაღნიშნული უსიამოვნება ხდება თქვენი კი არა სადაზღვევო კომპანიის პრობლემა, რადგან სწორედ მას უწევს თქვენი დაზიანებული ავტომობილის შეკეთება ან მოპარული ნაწილების შეძენა. მიზეზი N3 - მძღოლის კეთილსინდისიერება იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილით სხვა ადამიანების ქონებას ან ჯანმრთელობას დააზიანებთ ამ ადამიანებზე ის სადაზღვევო კომპანია იზრუნებს, რომლის ავტოდაზღვევის პაკეტსაც ფლობთ თქვენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია თქვენს შეცდომებს თქვენს ნაცვლად გამოასწორებს და შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ნაცვლად მოიხდის ბოდიშს, არა სიტყვებით არამედ ქმედებებით. მიზეზი N4 - საკრედიტო ვალდებულებები ავტომობილის დაზღვევა განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალება კრედიტის საშუალებით აქვს შეძენილი. ვალით ნაყიდი მანქანის დაზიანების შემთხვევაში, თქვენ ორმაგ წაგებაში ხართ, რადგან თუ ავტომობილს დაამტვრევთ, მოგიწევთ იხადოთ იმ ნივთის საფასური, რომელიც აღარ არსებობს. ეს ფაქტი კიდევ უფრო სავალალო შედეგებს მოგიტანთ იმ შემთხვევაში თუ თქვენს ცხოვრებაში ფინანსური კრიზისი შეიქმნება და კრედიტის გადახდას ვეღარ მოახერხებთ, რადგან დამტვრეული მანქანის გაყიდვით, მის შესაძენად აღებული თანხის დაბრუნება შეუძლებელია. მოკლედ, რომ ვთქვათ, ავტომობილის დაზღვევის აუცილებლობის 5 მთავარი მიზეზი გახლავთ: გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან თავის დაცვა და საკუთარი ფულის გონივრულად გადანაწილება; მძღოლის კომფორტის უზრუნველყოფა; მძღოლის სიმშვიდის უზრუნველყოფა; მძღოლის კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა; საკრედიტო ვალდებულებების დამძიმებისგან თავის დაცვა. ავტოდაზღვევის ტიპები მომხმარებლის მოთხოვნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არსებობს ავტომობილის სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტები. თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ მანქანა: სტიქიური უბედურებისგან, ვანდალიზმისგან, ავტოსაგზაო შემთხვევისგან და ა.შ. ზოგიერთი სადაზღვევო პაკეტი მოიცავს მხოლოდ ავტომობილის დაზღვევას, ზოგიერთი კი ავტომობილთან ერთად აზღვევს მისი მძღოლისა და მგზავრის ჯანმრთელობასაც. ასევე არსებობს ე.წ. მესამე პირის დაზღვევა, რომლის შეძენის შემთხვევაშიც, სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მიერ, სხვა ადამიანებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ან ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებასა და დაფინანსებას. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია ის სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა ზემოაღნიშნულ სერვისს ერთდროულად მოიცავს, თუმცა არჩევანი პირადად თქვენზეა დამოკიდებული.
დაზღვევის ანბანი
დაზღვევის გაფორმება ძალიან მარტივია - სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, სადაზღვევო პოლისი ხელში დაიჭიროთ. თუმცა, სანამ დაეზღვევით, კარგი იქნება თუ ეს სფერო იდუმალებით მოცული არ დარჩება თქვენთვის და რამდენიმე დეტალში გაერკვევით. დაზღვევისას თქვენსა და სადაზღვევო კომპანიას შორის აუცილებლად ფორმდება ხელშეკრულება. ერთი შეხედვით რამდენადაც რთულად და მოსაწყენად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ხელშეკრულება, იმდენად მარტივი და იოლია რეალურად, თუ სადაზღვევო ტერმინოლოგიაში გაერკვევით და ისე წაიკითხავთ. ეს კი არც ისე რთულია. ქვემოთ მოყვანილია 5 სადაზღვევო ტერმინი, რომელიც დაზღვევამდე უნდა იცოდეთ. 1) პრემია შეიძლება თქვენთვის "პრემია“ შემოსავალთან და წარმატებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ სადაზღვევო სფეროში ეს ასოციაცია დაივიწყეთ, რადგან სადაზღვევო პრემია ეწოდება თანხას, რომელსაც დაზღვევაში იხდით. პრემია შეიძლება იყოს ყოველთვიური, კვარტლური ან წლიური. 2) ლიმიტი ამ შემთხვევაში საქმე უფრო იოლადაა და ლიმიტი ნამდვილად ლიმიტს ნიშნავს, ანუ თანხის მაქსიმუმს, რომელსაც სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ. მაგალითად, თუ თქვენ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 1000 ლარი გაქვთ ლიმიტი, პოლისის მოქმედების, ანუ 1 წლის განმავლობაში, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 1000 ლარი შეგიძლიათ დახარჯოთ. ამ თანხას თუ ამოწურავთ, სტომატოლოგიაზე დაზღვევით პოლისის განახლებამდე ვეღარ ისარგებლებთ. 3) გამონაკლისები აქ ისევ უნდა გადავუხვიოთ პირდაპირ ასოციაციებს. ეს ტერმინი ყველა ხელშეკრულებაშია გამოყენებული და აღნიშნავს იმ შემთხვევებს, რაც დაზღვევით არ ანაზღაურდება. შესაბამისად, როცა დაზღვევის სფეროში "გამონაკლისი" გესმით, არ ნიშნავს, რომ თქვენთვის გამონაკლისს უშვებენ და ზარალს ანაზღაურებენ. გამონაკლისები ანაზღაურებას არ ექვემდებარება. 4) ფრანშიზა ეს უცნაური ჟღერადობის სიტყვა აღნიშნავს თანხის იმ ნაწილს, რომელსაც თქვენ იხდით სადაზღვევო შემთხვევისას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ისევ სტომატოლოგიური მომსახურების მაგალითს მივმართოთ: თუ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სტომატოლოგია 60%-ით გეფარებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მომსახურებაში დახარჯული თანხის 60%-ს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, 40%-ს კი - თქვენ. სწორედ ეს 40%-ია ფრანშიზა. მეორე მაგალითი ავტოდაზღვევაზე ვნახოთ - თუ თქვენ ავტომობილს აზღვევთ და პოლისში მითითებულია, რომ ფრანშიზა 100$-ს შეადგენს, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დროს ასანაზღაურებელ თანხას ეს 100$ გამოაკლდება და დანარჩენი თანხა აგინაზღაურდებათ. რატომ ვირთულებთ საქმეს და ვიყენებთ ფრანშიზას? იმიტომ, რომ ფრანშიზა ფასწარმოქმნაში გვეხმარება და უხეშად რომ ვთქვათ, პოლისს გვიიაფებს. შესაბამისად, ფრანშიზის გარეშე დაზღვევა უფრო ძვირი ღირს. 5) სადაზღვევო შემთხვევა ყველა შემთხვევას, როდესაც საქმეში დაზღვევა ერთვება და თანხას ანაზღაურებს, სადაზღვევო შემთხვევა ეწოდება. ხელშეკრულებაში მკაფიოდ და ზუსტადაა გაწერილი, რა შემთხვევებს ანაზღაურებს დაზღვევა. სადაზღვევო შემთხვევები და გამონაკლისები (გახსოვთ გამონაკლისები? სულ ცოტა ხნის წინ, ზევით ვისაუბრეთ) ერთმანეთს ავსებს და არც ერთი შემთხვევა რჩება კონტრაქტს გარეთ. შესაბამისად, ზუსტად იცით, რა შემთხვევის ანაზღაურებას უნდა ელოდოთ და პირიქით, რა არ აგინაზღაურდებათ. ამიტომ, ხელშეკრულებაში გამონაკლისების და სადაზღვევო შემთხვევების კარგად გაცნობა მომავალი გაუგებრობებს თავიდან აგარიდებთ.
ახალი პოსტები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება