ჩვენ ბოლო თაობა ვართ, ვისაც ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება ემახსოვრება. ალბათ, ხანდახან ნოსტალგიაც გვაწვება, როგორ გვიკვალავდნენ გზას ქაღალდის რუქები, უცხო ქალაქში გამვლელ-გამომვლელს მიმართულებას ვეკითხებოდით, ზოგს გარშემო საკვები ობიექტების არსებობის შესახებ, თვითმფრინავის ბილეთის თუ სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად კი მთელ დღეს გადავდებდით, მათ სააგენტოში შესაძენად. ნამდვილად ქონდა ამ ყველაფერს თავისი ხიბლი, მაგრამ დღესდღეობით ყველანაირი ინფორმაციის მიღება წამებშია შესაძლებელი და უნდა ვაღიაროთ, ეს ცხოვრებას და მოგზაურობას საგრძნობლად გვიმარტივებს. გთავაზობთ რამდენიმე აპლიკაციას, რომელიც არა მხოლოდ გვეხმარება, არამედ ფულსაც დაგვაზოგინებს:
Skyscanner
რასაკვირველია, მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე მნიშვენლოვანი ეტაპი ფრენის დაჯავშნაა, უმეტესობა ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი ბილეთის ფასი პრიორიტეტია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის მიხედვით ვარჩევთ თარიღს და ხანდახან მიმართულებასაც კი. Skyscanner-ს საუკეთესო საძიებო სისტემა აქვს, რომელიც უამრავ ავიაკომპანიას აერთიანებს, შემდეგ მაუსის ერთი დაკლიკვით ფრენები შეგიძლიათ ფასის ზრდადობის ან ყველაზე მცირე ფრენის დროის მიხედვით დაალაგოთ. მსგავს სერვისს სხვა ვებსაიტებიც გვთავაზობენ, მაგრამ რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, მთელი თვის განრიგის გადახედვის შესაძლებლობაა- ამოირჩევთ თვეს და გადაგეშლებათ კალენდარი, სადაც თითოეულ დღეს ყველაზე იაფიანი ფრენის ფასებია მოცემული. გაგიკვირდებათ და, მხოლოდ ერთი დღის ინტერვალით შესაძლოა რამდენიმე ასეული ლარით განსხვავდებოდეს ბილეთის ფასი. ამიტომ, ვთვლი Skyscanner უკონკურენტოა.
Omio
ადრე Goeuro-დ ცნობილი Omio, ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებელ სხვადასხვა გზას გთავაზობთ - მატარებელი, ავტობუსი და თვითმფრინავი. ევროპის ქვეყნებში ხშირად არის შემთხვევა, რომ თვითმფრინავის ბილეთის ფასი ავტობუსზე და მით უფრო მატარებელზე დაბალია. ამიტომ, როდესაც რამდენიმე ქალაქის თუ ქვეყნის მონახულებას გადაწყვეტთ, Omio-ს საძიებო სისტემით, ყველაზე მოსახერხებელი გზის აღმოჩენაა შესაძლებელი და აპლიკაციის საშუალებით სასურველ ბილეთს სულ რამდენიმე წუთში შეიძენთ.
Couchsurfing
Couchsurfing არის პლატფორმა, სადაც ადგილობრივები ტურისტებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ, თანაც სრულიად უსასყიდლოდ. პირობები ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, ეს იქნება ტახტი მისაღებ ოთახში, თუ საკუთარი ოთახი მდიდრულ სახლში. ამ გზით მოგზაურობა გაცილებით საინტერესო სახეს იძენს, რადგან ხედავთ როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები და ისეთ რჩევებს ვიღებთ, რისი ინტერნეტში ამოკითხვაც შეუძლებელია. თუმცა მესმის, არაპროგნოზირებადი ღამისგასათევი ადგილი ყველასთვის იდეალური არ არის, ჩნდება კითხვა, რამდენად შევეწყობით ჩვენს მასპინძელს, რამდენად მოსახერხებელ ლოკაციაზე იქნება სახლი, დაგხვდება თუ არა ის, რასაც ველით და ა.შ. მაგრამ, გარდა ნახსენები ფუნქციისა, Couchsurfing-ს გააჩნია Hangout კატეგორიაც, სადაც აპლიკაციის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შესთავაზოს ტურისტებს, შეიკრიბონ ადგილობრივ ბარში, დაკავდნენ სპორტით სუფთა ჰაერზე, წავიდნენ კარაოკეზე და სხვა ნებისმიერი სოციალური აქტივობით. მიუხედავად იმისა, მარტო მოგზაურობთ თუ მეგობრებთან ერთად, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა შეხვდეთ ადამიანებს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიაროთ.
XE
იმ შემთხვევაში თუ მოგზაურობთ ქვეყანაში, რომლის ვალუტაც არც ისე ნაცნობია და მისი გამოთვლა 2x2-ვით მარტივი არ არის, XE საუკეთესო გამოსავალია არ დაკარგოთ დრო ზეპირ არითმეტიკაში და თუნდაც კალკულატორის გამოყენებაში. აპლიკაციაში ნებისმიერი ქვეყნის ვალუტაა ხელმისაწვდომი, მათი კურსი კი რამდენიმე წუთში ერთხელ ახლდება, რაც თქვენი მხრიდან მოულოდნელ ზედმეტ ხარჯს გამორიცხავს. ამიტომ, სანამ ჩინური იუანების ან შვედური კრონების ჩვენთვის ნაცნობ კურსთან გასწორებას აუღებთ ალღოს, XE-ს გადმოწერას გირჩევთ.
Maps.me
არ მოგატყუებთ, Google Maps ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ Maps.me-ს გააჩნია მნიშვნელოვანი ფუნქცია, გადმოწეროთ ამა თუ იმ ქალაქის რუკა და იხმაროთ ინტერნეტთან კავშირის გარეშე. აპლიკაციას ადგილების მონიშვნის ფერადი პინებიც ახალისებს, რაც გაგიმარტივებთ თქვენს მიერ ჩანიშნული ლოკაციების სორტირებას. მაგალითად, ცისფრად შეგიძლიათ საკვები ობიექტები მონიშნოთ, ყვითლად - საცხოვრებელი ადგილი, წითლად კი, ძირითადი სანახაობები. ეს მიდგომა, ამარტივებს გადაადგილების პროცესს, რადგან ზუსტად იცით რასთან ხართ ახლოს.
MyGPI
ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვევის მომსახურების აპლიკაცია MyGPI-ს მეშვეობით შეგიძლიათ სამოგზაურო დაზღვევის თქვენთვის ხელსაყრელი პოლისი შეარჩიოთ, როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი- სტანდარტული პოლისი განკუთვნილია მოკლევადიანი ვიზიტებისთვისი, ბიზნეს თრეველი - მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს, მრავალჯერადი - გრძელვადიანი ვიზიტისას, წლიური მრავალჯერადი- წლის განმავლობაში გრძელვადიანი ვიზიტებისას . რაც მთავარია, პოლისის შეძენა ძალიან მარტივად აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი და თქვენი გეგმების მიხედვით შერჩეული პოლისი, ფინანსებს მნიშვნელოვნად დაგაზოგინებთ. ასევე, რაც ამ აპლიკაციის ჩემი საყვარელი ფუნქციაა, ეკო მონეტების დაგროვება, რაც დიდი მოტივაციაა მომხმარებელმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და ამით სარგებელიც კი მიიღოს. ეკო მონეტების დაგროვება შესაძლებელია, ისეთი აქტივობებით, რაც ჩვენი ცხოვრების წესში თუ არ არის, უნდა იყოს მაინც: ვარჯიში, ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, საკმარისი წყლის მიღება და გამონაბოლქვის შემოწმება. შესაბამისი ქულების დაგროვებისთანავე კი, მათი მეშვეობით თქვენი მომდევნო სამოგზაურო დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ, ან სხვა სადაზღვევო პროდუქტი.
ადგილობრივი ტაქსის აპლიკაცია
ეს თავის დაზღვევის კარგი საშუალებაა, წინასწარ შეგიძლიათ მოიძიოთ თუ რომელი ტაქსის კომპანიაა ბიუჯეტური და პოპულარული ქვეყანაში, რომელშიც მიემგზავრებით. შეიძლება თქვენც, ისევე როგორც მე, მოგზაურობისას ტაქსის გამოყენებას არ გეგმავდეთ, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლოა გადაგარჩინოთ, მაგალითად მატარებლის სადგურამდე გზა ვერ გაიკვლიეთ, გაგვიანდებათ, გზად კი ყველა ტაქსი დაკავებულია ან სამჯერ მეტს გიფასებთ, მაშინ როდესაც, აპლიკაციის რუკაზე მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ტაქსი ადგილზე გაჩნდება.
და მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისას ციფრულ სამყაროს გამოვეთიშოთ და გარშემო მიმოვიხედოთ, მით უფრო, როცა დაგეგმვას და გადაადგილებას ზემოთ ნახსენები აპლიკაციების მეშვეობით წინასწარ გავიმარტივებთ.