16 მარტს ჩვენმა განყოფილებამ ჟურნალ ეკონომისტის ოფისი დატოვა და სახლებისკენ გაემართა. ეს ბოლო დღე იყო, რომელიც ლონდონის რედაქციაში გავატარეთ. ახლაც კი, როდესაც ამ სტატიას ვწერთ, იქ დაბრუნების პერსპექტივა ბუნდოვანია.
გასაოცარია, რაოდენ მყისიერად მოვახერხეთ შექმნილ მდგომარეობასთან ადაპტირება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გაზეთი იწერებოდა, ეწყობოდა და იბეჭდებოდა სახლების დივნებიდან და სამზარეულოს მაგიდებიდან. იანვარი და თებერვალი, ე.წ პრე-კორონამდელი პერიოდი, “პოსტ-კორონა პერიოდის” გადმოსახედიდან უძველეს ხანად გვეჩვენება - ჩვენს წელთაღრიცხვამდე (Before Christ) ანუ Before Corona (BC), ხოლო ახლანდელ პერიოდს “ახალი წელთაღრიცხა” (After Domestication) – AD შეგვიძლია დავარქვათ. ტვიტერმა უკვე გამოაცხადა, რომ უკლებლივ ყველა მის თანამშრომელს ამიერიდან ექნება თავისუფლება, სახლიდან იმუშაოს, ხოლო ფეისბუქმა - მომდევნო ათი წლის განმავლობაში ნელ-ნელა გადავალთო ამ სტილზე.
თავისი მაგინტუდით ამ მოკლე პერიოდში მომხდარი ცვილელებები შეგვიძლია გავუტოლოთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ინდუსტრიულ რევოლუციებს. 1880 წელს ენერგიის ახალი წყაროს - ელექტროენერგიის აღმოჩენამ მანამდე ორთქლის ენერგიაზე მომუშავე საწარმოებს სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. თუმცა მაშინდელ ქარხნებს 50 წელი დასჭირდათ, რომ წარმოება გადაეწყოთ. კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებს კაცობრიობა უფრო მზად შეხვდა და გაცილებით სწრაფად გადავეწყვეთ კიდეც.
ასეთ მყისიერ გადაწყობას, წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, რამდენიმე წინაპირობა ჰქონდა: პირველი, სწრაფი ინტერნეტი საშუალებას იძლევა დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაცვლა წამებში მოხდეს, ხოლო ერთმანეთთან კავშირი - ვიდეოკონფერენციით; მეორე, თანამედროვე ეკონომიკა მომსახურებაზეა აწყობილი და არა წარმოებაზე და ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების უწყვეტობა შევინარჩუნეთ, რომ სახლებიდან მუშაობის საშუალება გვქონოდა და იქიდან გვემართა ბიზნესი.
ეს კი არა, სახლიდან მუშაობა ისე გავითავისეთ, თითქოს ეს ჩვენი ცხოვრების ჩვეული სტილი ყოფილიყოს. სახლში დარჩენა თუ მანამდე სიზარმაცესთან და ყალთაბანდობასთან ასოცირდებოდა და თავის გასამართლებლად არგუმენტები უნდა გეძებნა, ახლა პირიქითაა - იმ ხალხს, ვინც ოფისში დაბრუნებას დაჟინებით მოითხოვს, ეჭვის თვალით უყურებენ - განდიდების მანიით ხომ არ არიან შეპრყობილებიო.
ცხადია, რაღაც-რაღაცეები გვენატრება. ვიდეოქოლი ვერ შეცვლის გემრიელად “დავჯდეთ - გავიაროთ” და უცებ დაგეგმილ შეხვედრებს და ამ შეხვედრაზე კოლეგა რომ ირონიულად ჩაიღიმებს და შენ რომ ამ ერთი გამოხედვით მიხვდები, რა ხდება - ვერც იმას. შემოქმედებითი ნაპერწკალის ანთებაც თითქოს რთულია ასე..
რასაკვირველია, ოფისები არ გაქრება, თუმცა იმის წარმოდგენა, რომ მუშაობის სტილი და კულტურა “ძველი წელთაღრიცხვის”(კორონამდელ) ხანას დაუბრუნდება, შეუძლებელია. ამ საუკუნის განმავლობაში სამსახურში მისასვლელად საათებს ვატარებდით გადატენილ ტრანსპორტში, ნერვებს ვიგლეჯდით საცობებში - გასული ორი თვეა კი ასეთ წვალებას ავცდით და ამ მდგომარეობით ვტკბებით.
მეორე მხარესაც რომ შევხედოთ, დამსაქმებლები იძულებულები იყვნენ, ცენტრალურ და ძვირადღირებულ უბნებში მოეძებნათ საოფისე შენობები, რადგან ხალხის შეკრება ამგვარ ლოკაციაზე უფრო ადვილი იყო. იჯარის თანხა ცალკე ხარჯია და ამას დაუმატეთ კომუნალურები, დასუფთავება, ქათერინგი, პრინტერები და დაცვის ხარჯები.
დასკვნა ერთია, ცენტრალიზებულ დიდ ოფისებში რწმენა სამუდამოდ იკარგება.
“ჩვენს წელთაღრიცხვამდე” (კორონამდე) მცხოვრები დასაქმებულის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამუშაო დროის გამიჯნვა და ცხოვრების ჯანსაღი რიტმის შენარჩუნება იყო, საინტერესოა რა ცვლილებებს მოიტანს “ახალი წელთაღრიცხვა”. თუ არასამუშაო დროს ზარებზე პასუხი აქამდეც მისაღებ ფენომენად გვექცა, აწი ზღვარი სამუშაო და არასამუშაო დროს შორის კიდევ უფრო გაფერმკრთალდება. დღის ბოლოს ვეღარ დავხურავთ ლეპტოპებს და გადაღლილები დასასვენებლად სახლში ვეღარ გავეშურებით, რადგან ისედაც სახლში ვიქნებით. ან კი საერთოდ რას შეიძლება ეწოდოს ახალ სამყაროში სამუშაო დღის ბოლო, სამუშაო კვირის დასასრული?
ასეა თუ ისე, ჩვენ ძალიან საინტერესო ცვლილებების მიჯნაზე ვართ. “ახალი წელთაღრიცხვა” უფრო მეტ თავისუფლებას გვიქადის, ჩვენ შევძლებთ ავირჩიოთ, როდის ვიმუშაოთ, საიდან ვიმუშაოთ, სად ვიცხოვროთ … ბევრი შეიძლება მოწყდეს დიდი ქალაქის დამქანცველ რიტმს და უფრო მშვიდი გარემო აირჩიოს. კაცებსაც ნაკლები თავის გამამართლებელი არგუმენტი ექნებათ ბავშვის მოვლისგან ან სახლის საქმეებისგან თავის ასარიდებლად, “ოფისში გასაქცევი” ხომ აღარ ექნებათ. იქნებ მომავალი უკვე კარგად დავიწყებულ ნორმალურობასთან დაბრუნებაა: მე-19 საუკუნემდე ადამიანები საკუთარ სახლებში ან სახლებთან ახლოს მუშაობდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალური ისტორიკოსები 2020-ს სამყაროს ახალი ეტაპის დასაწყისად მოიხსენიებენ.