რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?

რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?

გახდე ვეგეტარიანელი საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრების სტილს საგრძნობლად ცვლის. პირველ რიგში უნდა გავიაზაროთ რისთვის ვაკეთებთ ამას, და რა სარგებლობა მოაქვს ამ ცვლილებას ფიზიკურად თუ სულიერად. გარდა ამისა, სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას არამხოლოდ პირადად ჩვენთვის, არამედ გარემოზეც დიდი გავლენა შეუძლია იქონიოს. გაგაცნობთ ყველაზე გამორჩეულ მიზეზებს საკმაოდ გრძელი სიიდან თუ რატომ ხდებიან ადამიანები ვეგეტარიანელები:

გადავარჩინოთ პლანეტა

თუ კი გარემოს საკითხი გულწრფელად გვაღელვებს და კარგად ვიაზრებთ რამდენად კრიზისულ მდგომარეობაშია პლანეტა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ხორცზე უარის თქმა, ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მარტივი გზაა გარემოს დაცვაში გარკვეული წვლილის შესატანად. ცხოველების და ფრინველების გამრავლების სისტემა უზარმაზარ რესურსს მოითხოვს, რაც ეკოლოგიას დიდ დარტყმას აყენებს. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწის მოსახლეობა გაიზარდა, მიუხედავად უამრავი ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესისა, ხორცის მოხმარება გაორმაგდა. უმეტესად ვამრავლებთ: ქათამს, ცხვარს, ძროხას და ღორს, რის მოვლასაც უზარმაზარი საკვები, წყლის თუ სხვადასხვა სასუქის მარაგი სჭირდება, მაშინ, როდესაც პლანეტაზე 1 მილიარდი ადამიანი შიმშილობს. გარდა ამისა:

  • მეურნეობის სწრაფი ზრდა იწვევს გაუტყევებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხეების ადგილას, დღეს ფარმებია გაშენებული.
  • ხმელეთი იწამლება უხვი სასუქებით.
  • ის ნარჩენები, რასაც არ მივირთმევთ, ჰაერში მომწამლავ ნივთიერებებს უშვებს.

აღსანიშნავია, რომ თუნდაც გააზრებული მოხმარება, მისი შემცირება გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მით უმეტეს თუ ამას მილიონობით ადამიანი გადაწყვეტს.

ფიზიკური ფორმის შენარჩუნება

მეცნიერები და ექიმები დღემდე დაობენ საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიტამინი B12, რომელსაც ხორცი შეიცავს (ამავდროულად ლობიო და სხვა ვეგეტარიანული საკვებიც, თუმცა მცირე რაოდენობით) ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა არსებობს ფაქტები, თუ ფიზიკურად რა შედეგები მოყვება ხორცზე უარის თქმას ან შემცირებას:

  • წონაში კლება - როგორც წესი ვეგეტარიანელები იშვიათად ებრძვიან ჭარბ წონას, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება.
  • იმ ფაქტზე, რომ ვეგეტარიანელებს ამა თუ იმ დაავადების რისკი უმცირდებათ, დავა არ არის. მათ შორისაა: ინსულტი, გულსისძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სიმსივნე.
  • როგორც წესი, ხორცი ბოსტნეულით და ხილით ნაცვლდება, რის გამოც ადამიანს გაცილებით მეტი ენერგია და გაზრდილი იმუნიტეტი აქვს.
  • აღსანიშნავია, რომ სხეულს იმ ტოქსიკურ ქიმიკატებს არიდებთ თავიდან, რისი საშუალებითაც ცხოველებს ზრდიან.

ვეგეტარიანელის მენტალიტეტი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სულიერი მხარეა. ადამიანი გაცილებით მშვიდად გრძნობს თავს ცხოველური პროდუქტის გარეშე, რადგან მისი მოპოვების უკან დიდი წამება დგას. ადამიანებს, რომლებსაც აურის სჯერათ, ღრმად სწამთ, რომ ხორცის მიღებით ჩვენი გარკვეულწილად ნაწილი ბინძურდება. ცნობილია, რომ იოგები უარს ამბობენ ხორცზე ვარჯიშისას თუ მედიტაციისას, რადგან ის ამძიმებთ როგორც სულიერად, როგორც ფიზიკურადაც.

გარდა ამისა, ხორცი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ დაზოგილი ფული ვეგეტარიანელობის მიზეზი არა, მაგრამ სასიამოვნო შედეგია. ასევე, უფრო მარტივია სწრაფი კვების ობიექტთან ჩავლისას ცდუნების გადალახვა, რადგან ვეგეტარიანული პროდუქტის არჩევანი საკმაოდ მწირია, და ხშირად არც ისე მაცდური.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ!

  • აუცილებელია შევიძინოთ ბაზისური ცოდნა რაციონულ კვებაზე, რადგან შეიძლება იყოთ ვეგეტარიანელი, მაგრამ მუდმივად მიირთმევდეთ სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილ შემწვარ კარტოფილს, სასუსნავებს, მილქშეიქებს, რაც რა საკვირველია ჯანსაღ კვებას არ გულისხმობს. ცარიელი კალორიები, რასაც დადებითი არაფერი მოაქვს ორგანიზმისთვის, ნებისმიერი კვების დროს არაჯანსაღია.
  • არსებობს ვეგეტარიანული პროდუქტები, მაგალითად უგემრიელესი ავკოადო, რომელიც არც ისე ეკო-მეგობრულია, რადგან მისი წარმოება უზარმაზარი რაოდენობის წყალს მოითხოვს, ასე რომ, თუ გსურთ გაზარდოთ გარემოზე დადებითი გავლენა, გაითვალისწინეთ მსგავსი პროდუქტების მოხმარების დოზა.
  • რისკი,რაც მსგავს დიეტას შეიძლება ახლდეს თან, არის ვიტამინი B12-ის, Omega 3-ის ნაკლებობა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შემცველი პროდუქტის მიღება და საჭირომებისამებრ ვიტამინით ჩანაცვლება.

ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ კვება მრავალფეროვანი არ უნდა იყოს. ხორცის ჩანაცვლება შესაძლებელია - ტოფუთი, სოკოთი, ოსპით; რძე-სოიოს რძით, საჭირო ცილები - თხილით, ნიგოზით, ნუშით და ასე უსასრულოდ.

სურვილის შემთხვევაში, ყველაზე მარტივი გზა ვეგეტარიანელობისკენ რეალური მიზნის დასახვაა. ხშირად, ადამიანები, ხორცის მოხმარებას ნელ-ნელა ამცირებენ, პერიოდულად არ მიირთმევენ და შემდეგ განსაზღვრავენ, თუ რამდენად შეუძლიათ ამ ნაბიჯის გადადგმა.

ყველას თავის ისტორია აქვს თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, თქვენ რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მთავარ ფაქტორად?

2020-01-23
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?