რატომ უნდა გყავდეს პირადი ექიმი

როდესაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა გვექმნება, თუნდაც ეს სეზონური გრიპი ან მარტივი გამონაყრი  იყოს, ყველაზე ნაკლებად ჩივილის შესაფერისი ექიმის მოძებნის ენერგია გვაქვს. ამ დროს ვეკითხებით რჩევას ოჯახის წევრს, მეგობარს, მეზობელს თუ თანამშრომელს, თითოეულს საკუთარი მოსაზრება გააჩნია თუ რომელი სპეციალისტი სჯობს ამა თუ იმ სიტუაციაში. ხანდახან იმდენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ამავდროულად არაპროფესიონალურ რჩევას ვიღებთ, რომ ან სრულიად თავს ვანებებთ ექიმის ძიებას და სასწაულებრივად გამოჯანმრთელებას ველოდებით, ან ერთი სპეციალობის ექიმიდან მეორემდე გადამისამართებაში მთელ ჩვენ დანაზოგს, და ვინ იცის, მეტსაც ვხარჯავთ. მაშინ როდესაც, შეგვიძლია გვყავდეს პირადი ექიმი, ვინც ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, და ის იქნება ერთადერთი ადამიანი, რომელიც ადეკვატურ რჩევებს მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაფერის სპეციალისტთან გაგვგზავნის.

 

პირად ექიმს შეუძლია უმნიშვნელო დაავადება განკურნოს, და თავიდან აგვაცილოს მისი გართულება, მართოს ქრონიკული დაავადებები. თუნდაც ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი იყოთ, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პირად ექიმთან პერიოდულად ურთიერთობა, რათა ეს მდგომარეობა დიდხანს შეინარჩუნოთ.

 

 

მან იცის თქვენი ისტორია

 

პირადმა ექიმმა იცის ჩვენი სამედიცინო ისტორია, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკამენტები რომლებსაც ვიღებთ და სხვა ამგვარი დეტალი, რომლის მოყოლაც სხვადასხვა ექიმთან ყოველ ჯერზე მოგიწევთ, რაც ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ. ამ ისტორიის საფუძველზე, მისთვის გაცილებით მარტივია ივარაუდოს პოტენციური დიაგნოზი, გირჩიოთ რომელი ანალიზის ჩატარებაა თქვენთვის რეკომენდირებული, ხშირად გენეტიკური განწყობის შესახებაც აქვს ინფორმაცია, რის საფუძველზეც მიმართულებას მოგცემთ როგორ წარმართოთ ცხოვრების სტილი და რას დაუთმოთ მეტი ყურადღება.

 

როგორც ვახსენეთ, მან იცის რა მედიკამენტებს იღებთ, ან მიგიღიათ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ხშირად სხვადასხვა ექიმს შესაძლოა არ ქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია და ისეთი წამალი დაგვინიშნოს, რომელიც მეორესთან უკურეაქციაში შედის. რა საკვირველია, პირად ექიმთან კონსულტაცია ამ ყველა შესაძლო შეცდომას გამორიცხავს.

 

 

მიმართვის გაცემა

 

სხვადასხვა გამოკვლევების რეგისტრაციისას, არსებობს ჯადოსნური სიტყვები, რომელიც თანხის გადახდას სრულად ან ნაწილობრივ აგაცილებთ, ეს სიტყვებია: „ექიმის მიმართვა მაქვს“. სადაზღვევო პოლისის ფლობისას, პირად ექიმთან ვიზიტი, ხოლო შემდეგ მისი მიმართვის წარმოდგენისას ანალიზის, გამოკვლევის თუ სხვა პროცედურების ჩატარების საფასური ფაქტობრივად ნახევრდება, ან სრულიად ანაზღაურდება. ასევე სამკურნალო მედიკამენტებზეც ვრცელდება მნიშვნელოვანი ფასდაკლება.

 

პირადი ექიმი, ჯერ თავად ეცნობა თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აფასებს მის სიმძაფრეს, გსინჯავთ, გათვალიერებთ ვიზუალურად, ხოლო ამის შემდეგ ან თავად ნიშნავს მკურნალობას, ან სწორად შერჩეულ სპეციალისტთან გაგგზავნით, რაც რა საკვირველია უამრავ დროსა და ფინანსებს დაგაზოგინებთ. სწორედ აქ მთავრება მრავალჯერ მოსმენილი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ კარდიოლოგიდან- ოტორინოლარინგოლოგთან, მისგან კი დერმატოლოგთან, და საბოლოოდ ‘’ვერაფერი გაუგეს’’. არასწორ ექიმთან ვიზიტი, ხშირად ხელის ჩაქნევის მიზეზი ხდება, პრობლემა კი მოუგვარებელი რჩება.

 

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორ გამოკვლევაზე გადამისამართებას. გარდა კონკრეტული შემთხვევებისა, პირადი ექიმი რეკომენდაციას გასცემს, თუ როდის არის სასურველი სისხლის ანალიზი, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

გრძელვადიანი შედეგი

ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, ყველას აწუხებს კითხვები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მით უფრო თუ ჩვენს ახლობელზე ან საკუთარ თავზე გარკვეულ სირთულეს წავაწყდებით. ამ შემთხვევაშიც, პირადი ექიმი არის ის, ვინც გაგვცემს პასუხებს და შფოთვას თავიდან აგვარიდებს. ასევე მოგვცემს ჩვენს ასაკთან, სქესსთან, წონასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შესაფერის რეკომენდაციებს, რაც თავიდან აგვაცილებს ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა დიაბეტი თუ ჰიპერტენზია.

 

არაერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ პირად ექიმთან ურთიერთობა აყალიბებს გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას, დროულად აღმოფხვრის პრობლემას, ნაკლებია სიკვდილიანობის კოეფიციენტი და საგრძნობლად ამცირებს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. ასე რომ, ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში, კითხვაზე, თუ ვის მივმართოთ? სწორი პასუხი მხოლოდ ერთია- პირად ექიმს.

2019-09-23
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?