ამასწინათ ფოთის ულამაზესი ფოტო დავდე და მწუხარება გამოვთქვი, რომ ასეთი კარგი პოტენციალის მქონე ქალაქი, როგორ უპერსპექტივოდ და უტურისტოდ არის მეთქი...
კომენტარებმაც არ დააყოვნა და უმრავლესობამ კოღოებთან დააკავშირა - სანამ ამდენი კოღოა, ვეჭვობთ, მანდ ხალხის შეტყუება შეძლოთო
მეც დავფიქრდი, როგორ მაწვალეს ამასწინათ მწერებმა ზანზიბარში, როგორ მელანდებოდა მალარია, ყვითელი ცხელების მწარე ნემსიც მახსოვს, აფრიკაში წასვლამდე რომ გავიკეთე პრევენციის მიზნით და ასე და ამგვარად, თავში მორიგი მნიშვნელოვანი თემა, მწერებისგან დაცვა ამომიტივტივდა, რომელიც ზაფხულში კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
თან ჩემთვის ორმაგად, რაკი სხვებს თუ იგივე კოღოს ნაკბენები წერტილებად ემჩნევა, ჩემს ალერგიულ კანს დიდ, წითელ ბურთებად აჯდება და მეც ცოტათი უფრო მეტი მიზეზი მაქვს პანიკის.
ესე იგი, გთავაზობთ რამდენიმე გზას, როგორ დავიცვათ თავი მწერებისგან...
- თუ ღია ფანჯარაში გვიყვარს დაძინება, როგორც მე, რაკი კონდიციონერი, რომელიც მთელი ღამე ჩართულია - ყელს მტკენს - მაშინ მწერებისგან დამცავი ბადე გამოგადგებათ. ან ფანჯარაში, ან საწოლის თავზე, რაც ერთგვარ რომანტიკულ ვიზუალს ანიჭებს საწოლს, მეტად დაცულიც ვართ და უფრო ტკბილადაც გვძინავს
- მწერებისგან დამცავი სპრეი - მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვიყენებდი აფრიკაში მოგზაურობისას. შევისხამდი კიდურებზე და ყელზე და აი, არაფერი მეკარებოდა, როცა სხვა შემთხვევაში, მათთვის ძალზედ საინტერესო კანი, თუ სისხლი მაქვს და პირველი, თუ ვინმეა დასაკბენი - ჩემთან მოდიან. ამიტომ, ეს შემთხვევა, ძალიან კარგი გაკვეთილი იყო ამ მხრივ.
- დენში შესაერთებელი, სურნელოვანი ნივთიერებები - ესეც კარგად გამოიყენება, კოღოებისგან და შედარებით „მსუბუქი“ მწერებისგან დასაცავად. სურნელიც მშვენიერი აქვს, თუმცა ხალხის ნაწილზე ცუდად მოქმედებს აღნიშნული სუნი, ამიტომ დიდად ეფექტიანად, ამ საშუალებას ვეღარ იყენებენ;
- ფანჯრების გაწმენდა ევკალიპტის და/ან მიხაკის ნაყენით - კოღოებს აღნიშნული სურნელები არ უყვართ, შესაბამისად, ფანჯრებს არ ეკარებიან. ჩვენც, არც ქიმიური სპრეი გვიწევს ვიკპუროთ, არც ჩასართავი რამეები და არც ბადეებით გარემოცულს გვძინავს, ანუ, შედარებით ბუნებრივი გზაა და ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით, ხალხის ნაწილს, შესაძლოა ეს ვარიანტი ერჩივნოს...
- კოღოს საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი, კიდევ ერთი, საკმაოდ ეფექტური საშუალებაა გვირილა. გამხმარი გვირილა შეგვიძლია დავფშვნათ და მიმოვფანტოთ ოთახში, სხვადასხვა ადგილებში. გვირილა აზიანებს კოღოებს და გვიცავს მათი შემოსევისგან, თუმცა - ადამიანისთვის აბსოლუტურად უვნებელია;
- ნუ დატოვებთ მაგიდასთან ტკბილეულს - მწერებს უყვართ აღნიშნული და შესაძლოა, ეს გახდეს მათი მოზიდვის ხელშემწყობი ფაქტორი. ამიტომ, ეს კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მათგან თავის დასაცავად.
სავარაუდოდ, კიდევ სხვა, ბევრი საშუალება არსებობს, თუმცა ნებისმიერი წამლის გამოყენების წინ, გირჩევთ, საგულდაგულოდ გაეცნოთ მისი მოხმარების ინსტრუქციას.
ასევე, მე ისევ დაზღვევას გირჩევდით, რაკი მწერები მხოლოდ კოღოები არ არიან, არსებობენ დაავადებების გადამტანი მწერებიც, შესაბამისად, გართულების შემთხვევაში - სასურველია დროულად მივმართოთ ოჯახის ექიმს და თავი დავიზღვიოთ არასასურველი გაპრობლემებისგან.
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას, საქმეებისგან, ნეგატივისგან, მძიმე რუტინისგან და აუცილებლად - მწერებისგანაც!