ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სეკრეტ სანტას საჩუქრების გაცვლის ტრადიციას სათავეში თეთრწვერიანი კაცი არ უდგას და მის წარმოშობას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, კეთილი ადამიანის ისტორიაა, თუმცა არის მასში რაღაც ჯადოსნური, რაც ახალ წელს შეეფერება.
რა არის სეკრეტ სანტა?
დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველამ იცის სეკრეტ სანტას თამაშის და მისი წესების შესახებ. ამ საახალწლო ტრადიციას, როგორც წესი სამსახურში, სასწავლო დაწესებულებებში, სამეგობრო წრეში ან მრავალსულიან ოჯახში ასრულებენ, სადაც მონაწილეები, თვალდახუჭული ამოღებენ საჩუქრის ადრესატის სახელს, და მას საიდუმლოდ იტოვებენ. თამაშის სხვადასხვა წესი არსებობს:
- ადრესატმა საჩუქრის მიღების შემდეგაც არ იცის თუ ვისგან მიიღო ესა თუ ის ნივთი.
- საჩუქრის გადაცემის დღეს, ამხელენ თუ ვინ ვისი სანტა იყო.
- ადრესატი მთავარი საჩუქრის მიღებამდე, არაერთ მცირე სიურპრიზს იღებენ, როგორიცაა შოკოლადები, სახალისო ბარათები, მინიშნებები და ა.შ.
თუმცა საინტერესოა ვინ წამოიწყო ეს ყველაფერი და რა არის ამ ტრადიციის ისტორია.
სეკრეტ სანტას ახასიათებენ, როგორც კაცს, რომელმაც სამყარო უკეთესი გახადა, სიკეთის სხვადასხვა გზით გამოვლინებით. მისი სახელი ლერი დინ სტიუარდია. 1948 წელს დაბადებული, ამერიკელი მეწარმე, კენზასიდან, საშობაო პერიოდში უამრავ ფულს გასცემდა ადამიანების გასამხნევებლად.
ყველაფერი 1979 წლის, დეკემბრის ცივ დღეს დაიწყო. ლერი ფინჯან ყავაზე, ერთ-ერთ რესტორანს ესტუმრა, იმ ფაქტიდან ყურადღების გადასატანად, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო მისთვის, როდესაც საშობაოდ დაკარგა სამუშაო ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე მილიონები გამოემუშავებინა, სატელეფონო სერვისების ბიზნესის მეშვეობით. ამასობაში, იმავე რესტორანში უსახლკარო ადამიანი შევიდა, საკმაოდ დაბნეული ჩანდა, როგორც ჩანს ჯერ მოფიქრებული არ ქონდა როგორ გადაიხდიდა სადილის ფულს, ან გონებაში თვლიდა თუ რამდენს გასწვდებოდა. ამ დროს, მზარეულმა ჯიბეები მოიჩხრიკა, და მას მიუახლოვდა: ‘’მგონი დაგივარდათ’’- უთხრა უსახლკაროს და 20 დოლარიანი გაუწოდა. შეუდარებელი იყო მისი სახის დანახვა.
ლერის ამ ისტორიამ და საკუთარმა სევდამ თვალები უფრო ფართოდ გაახელინა და მიმოიხედა, დაინახა თუ რა თხლად ეცვა ფანჯარასთან მომსახურე მიმტანს, გაიაზრა რამდენად ცოტას გამოიმუშავებდა ის თუნდაც ამ საშობაო დღეებში. დახმარება მისით დაიწყო, და საკმაოდ მსუყე გასამრჯელო დაუტოვა. შემდეგ წავიდა ბანკში, წვრილად დაშალა ფული, ჩამოუყვა ქუჩებს და ვისაც შეატყობდა, რომ ფული სჭირდებოდა, ყველას ურიგებდა, ზოგს ეუბნებოდა, რომ დაუვარდათ, ზოგსაც უსიტყვოდ. ეს მან ტრადიციად აქცია და 26 წლის მანძილზე, ყოველ დეკემბერს გასცემდა 100 დოლარიანს სხვადასხვა ადამიანზე, რისმა ჯამმაც 1.3 მილიონი დოლარი შეადგინა. მას ასევე "100-დოლარიან კაცს’’ ეძახდნენ, ყველას სურდა მისი სახელის გაგება, თუმცა ის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ლერის მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები, როგორც კი მისი ვინაობა გამოაშკარავდა.
ლერიმ გარდა ამისა, 25 000 დოლარი შესწირა ნიუ იორკის მცხოვრებლებს 9/11 ტერორისტული აქტის შემდგომ და სხვა მსგავს კეთილ საქმეს ხშირად საიდუმლოდ იტოვებდა. ის, სამწუხაროდ 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, სწორედ დაავადების შეტყობის შემდეგ გადაწყვიტა, არა მხოლოდ გაემხილა მისი ისტორია, ასევე გაძღოლოდა მის მიმდევრებს, ახალ სანტებს, გაეგრძელებინათ ხალხის დახმარების ტრადიცია. დღესდღეობით სეკრეტ სანტას ფონდი არსებობს და ათასობით ადამიანი საჩუქრდება ყოველწლიურად.
სეკრეტ სანტა პოპულარულია გაერთიანებულ სამეფოში- კრის კრინგლის, ირლანდიაში კი - კრის კინდლის სახელით. სხვადასხვა ჯგუფებს სტანდარტული პრინციპით ენიჭებათ ადრესატის სახელით, რომელიც საჩუქარს საშობაოდ კარის ზღურბლთან მიიღებს. თუმცა წესი ურყევია, ვინაობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტყონ, რადგან ეს საჩუქარი მაგიურ სანტას უნდა მიეწეროს.
ასევე არსებობს ბიუჯეტის შეზღუდვაც მეტი სამართლიანობისთვის. ამ დროს ჯგუფი ირჩევს, რომ მაგალითად 10 დოლარს არ უნდა გადააჭარბოს საჩუქარმა. ხშირად სახელის ქვეშ სურვილსაც აწერენ, თუ რას ისურვებდნენ საახალწლოდ, რაც სანტას საქმეს უადვილებს.
სეკრეტ სანტა სხვა კულტურების ნაწილიცაა, მაგალითად სკანდივანიის ქვეყნების. მათ ვერსიას "იულკლაპ" ქვია (Julklapp). აქ ყველაფერი მარტივია- მეზობლის კართან ტოვებენ საჩუქარს, და ბოლო წამს აკაკუნებენ კარზე, შემდეგ კი გარბიან.
სეკრეტ სანტა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის ბიზნესის ერთგვარი ნაწილიც გახდა. მაღაზიებში ცალკე დახლები და კატეგორიებიც კი გამოჩნდა ‘’სეკრეტ სანტას’’ სახელით. რედიტის 85 000 კაციან კამპანიაში, ყოველ წელს ბილ გეითსიც კი იღებს მონაწილეობას.
ყველაზე მთავარი ის გადამდები ენერგიაა, რაც ამ დროს ადამიანებს ეუფლებათ. იმ უანგარო წამების სიხარული, რაც სხვა ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთებას მოაქვს და ხანდახან უბიძგებს მეორეს, ასევე რაიმე სახის სიკეთე ჩაიდინოს, თუნდაც არა შობას, არამედ სხვა ნებისმიერ დღეს.