ჩემი პირველი პარიზი

ეს იყო პეტერბურგში… მე, წიგნით ხელში, სასწავლებლის ეზოში ვიჯექ… მართლა, პირველად პეტერბურგში ყოფნისას მომინდა პარიზში წასვლა (მთელი პეტერბურგი ცუდად შესრულებული პარიზის ასლია და შიგადაშიგ სხვა ევროპული დედაქალაქებიც აქვს შერეული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორიგინალის ნახვის სურვილმა შემიპყრო) და ამ “მომინდამ” იმდენად გაიდგა ჩემში ფესვები რომ ტრანსფორმირდა და სხვა სურვილების შეერთება დაიწყო - აუცილებლად თბილი სეზონი უნდა ყოფილიყო, აუცილებლად უნდა მენახა პარიზის ყველა კუთხე და კუნჭული, აუცილებლად უნდა დამელია ღვინო იმ ქუჩებში სადაც სარტრი და ბორის ვიანი  სულ არაფრის გამო მწარედ ჩხუბობდნენ. სადაც ეჟენ იონესკომ უცბად გადაწყვიტა რომ “მელოტი მომღერალი ქალი” საუკეთესო სათაური იქნებოდა მისი მორიგი აბსურდისათვის…. და რაც მთავარია, აუცილებლად იმ ადამიანთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მეყვარებოდა და ზუსტად მეცოდინებოდა რომ ერთი-ერთში იმას იგრძნობდა რასაც მე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ათ წელიწადზე ცოტა მეტი დასჭირდა ამ იდეალური კომპოზიციის შეკვრას და აი, სექტემბრის ერთ არცთუისე თბილ დილას, ბოვეს აეროპორტში დავდგით ფეხი მე და იმან, ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს (მაგ გოგოს ძებნას რამდენი წელი დასჭირდა, მაგაზე ცალკე მოგიყვებით ოდესმე).

 

ჰაერს ძალიან ბევრის თქმა შეუძლია, რაც თავი მახსოვს სუნებით ვიმახსოვრებ ადამიანებს, ადგილებს, სიტუაციებს… მაგალითად შეიძლება ვერ გავიხსენო რა ეცვა ძველ მეგობარს წლების წინ, მაგრამ რა სუნამო ესხა ზუსტად ვიცი. ჰოდა იცით როგორია პარიზი? ახალგამომცხვარი ბაგეტის, ყავის და პარფიუმერიის მაღაზიის სუნი აქვს ერთდროულად. თავიდან ბოლომდე ემოციების ქალაქია - კი, ლამაზი შენობებია, მაგრამ სხვა ქალაქებშიც არაა ნაკლები;  კი, ძალიან მშვიდობიანი და კეთილი ატმოსფეროა, მაგრამ ქალაქის შესაყვარებლად მგონია რომ სუსტი მიზეზია; სენაც ძალიან ლამაზია მაგრამ ეგრე დუნაი ორ სენას ჩაისვამს ჯიბეში… და ასე შეგიძლია დაუსრულებლად შეადარო სხვა ქალაქებს, მაგრამ თუ ერთი წამით მაინც კონცენტრირდები ქალაქის ენერგიასა და ატმოსფეროზე, მაშინვე დაიჯერებ რომ შენი საყვარელი ადგილია და აუცილებლად მოგინდება ისევ და ისევ აქ დაბრუნება.

 

ფრანგები, რამდენადაც ძალიან დიდი შინაგანი კულტურის მატარებელი ხალხია, იმდენად ნაციონალისტური ლაიტმოტივი გასდევს მათ ცხოვრებას - მაგალითად ცოცხალი თავით არ გიპასუხებენ ინგლისურად ნათქვამ გამარჯობაზე ინგლისურად. თუ გინდა რომ მათი გული ოდნავ მაინც მოიგო, აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო მისალმება და დამშვიდობება მათ მშობლიურ ენაზე. 

პარიზული არქიტექტურა სულისშემკვრელია. ათვალიერებ უდიდეს შედევრებს და ვერ ხვდები როგორ შეუძლია ადამიანის ხელს შექმნას ამხელა მასშტაბის მშვენიერება. აქ, მკვეთრად განსხვავებული გოთიკა, ნეო-რენესანსი, ფოვიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი იმდენად ერთიანი და ორგანულია, მსოფლიოს ვერც ერთ ქალაქში ვერ შეხვდებით  მსგავს გენიალურ შერწყმას. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი თავისი ჩამუქებული, საშიში ქვის ფიგურებით და პომპიდუს ცენტრი თავისი ფერადი მილების სისტემით ერთნაირად აღგაფრთოვანებს. და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს აღფრთოვანება არაა განპირობებული მხოლოდ ვიზუალური კუთხით, ეს ენერგეტიკა და ისტორიაა, ქალაქის ისტორია, რომელმაც სამყაროს ხელოვნება აჩუქა - აჩუქა მონე, მოდილიანი, ვიანი, პიაფი; ქალაქის, რომელმაც სწორედ ამ ენერგეტიკით მიიზიდა მილიონობით ხელოვანი და მათი შთაგონების წყაროდ იქცა. 

 

დადიხარ პარიზის ქუჩებში და კიდევ და კიდევ აცნობიერებ რომ ამ საოცარ ადგილას გაიცნეს ერთმანეთი ფიცჯერალდმა და ჰემინგუეიმ, აქ გამოექცა და დაემალა სამყაროს ჯიმი მორისონი, აქ ცდილობდა საკუთარი ნახატების გროშებად გაყიდვას ახალგაზრდა პიკასო….

 

როცა წერა დავიწყე, მინდოდა სტანდარტული, ტურისტებისთვის საჭირო ამბებით გამეჯერებინა ტექსტი, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე როგორ მივიდეთ ან რა უბნებში არ ვიქირაოთ ბინა, მაგრამ მივხვდი რომ ასეთი ინფორმაციის მოძიება უჩემოდაც უმარტივესია ინტერნეტში და არასოდეს არავინ წერს ქალაქების შინაგან სამყაროზე, შეგრძნებებსა და გრძნობებზე, რომლებიც ამ ქალაქებში ყოფნას ახლავს და გვაიძულებს რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვინახულოთ. ასე რომ თუ ოდესმე მიიღებთ იმ დიად გადაწყვეტილებას რომ პარიზი მოინახულოთ, იცოდეთ რომ თუ ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, პოეზია და არქიტექტურა ოდნავ მაინც არ გიზიდავთ, სხვა ქალაქში შეგიძლიათ წახვიდეთ, სადაც ბევრად კომფორტულად იგრძნობთ თავს, იმიტომ რომ პარიზი შინაგანი თავგადასავლების ქალაქია და აქ ერთი მთავარი პირობაა - აუცილებლად უნდა გიყვარდეს!

 

2019-07-30
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?