კუჭი და მისი მოვლა.
მასთან დაკავშირებული - ჯერ საკითხები, ხოლო შემდგომში პრობლემები, მარტო გადაცხოვრების პირველივე წლებიდან მაწუხებს.
- ჯერ იყო და კარტოფილი და კვერცხი მქონდა ყელში ამოსული, აბა სხვა რამის მომზადების სწავლა თან მეზარებოდა და თან უდროობით ვამართლებდი
- მერე სასმელსაც მივეპარე, ნუ ძალიან ხარისხიანს ვერ გავწვებოდი, ახალგაზრდა სტუდენტი, ჰოდა ამითაც ცოტა არ იყოს გავიფუჭე კუჭი
- ცომეული, გაზიანი ტკბილები - ნუ სად მესმოდა იმ პერიოდში ჯანმრთელი კვება და რაც მესმოდა - ფინანსურად მიჭირდა რეგულირება
მერე სწავლა პლუს მუშაობამ, ღამეების თენებებმა და არანორმირებულმა კვებამ ჩაანაცვლა და დაამძიმა ეს პრობლემები, როცა მომიხერხდებოდა - ორი კვების ტოლფასს მივირთმევდი, საბოლოოდ კი - ცოტა არ იყოს და დასუსტებული კუჭი მივიღე.
დამიგვიანდა, მაგრამ მაინც მოვიძიე ინფორმაცია, კუჭის პრობლემურ დაავადებებზე და აი ასე მივადექი გასტრიტს.
გასტრიტის ორი ფორმა არსებობს:
- ქრონიკული
- მწვავე
მათი გამომწვევი ბევრი რამ შეიძლება გახდეს:
- დიდი რაოდენობით წამლები და განსაკუთრებით ზოგი ანტიბიოტიკი;
- ალკოჰოლი, ნარკოტიკი;
- ბაქტერიები და ვირუსები, ა.შ.
- არაჯანსაღი კვება, ცხარეები, ქიმიური საკვებით სავსე რაციონი, მარინადები, კონსერვები, არასაკმარისი რაოდენობით ვიტამინების მიღება
- სტრესი
სიმპტომებით დავიწყოთ: გულძმარვა, გულის რევა, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, ფაღარათი, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი...
სანამ სამეციდინო დონის მკურნალობაზე გადავალთ, ცოტა რამ საოჯახო პირობებშიც რომ ვიცოდეთ არ გვაწყენს:
- გასტრიტს არ უხდება: კივი, ატამი, შოკოლადი, ნიორი, ნაყინი, კაკალი, ნუში, თხილი, მარცვლოვნები, ყურძენი, არაქისი, ხორცის შემცველი პროდუქტები, ღორის ხორცი, იხვისა და ბატის ხორცი, ა.შ.
- სასურველი და კარგია: ქათმის ხორცისა და თევზის ბულიონები, ხილი, კენკრა, რძის ნაცვლად მიირთვით რძის შემცველი პროდუქტები (კეფირი, მაწონი), ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი, წიწიბურა, შვრიის ფაფა, ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი, მსუბუქი ჩაი
თუმცა ყველაფრის საწყისი მაინც ჯანსაღი კვებაა.
ამით, არამხოლოდ გასტრიტის პრევენციას მოვახდენთ, შეძლებისდაგვარად (რაკი მხოლოდ კვებით არ ხდება მისი წარმოშობა), არამედ - წონის რეგულირების, ტონუსში ყოფნის და ჯანმრთელობის განმსაზღვრელი სხვა საკითხების უკეთ მართვასაც შევძლებთ.
ჯანმრთელ სხეულში რამდენად არის ჯანმრთელი სული კაცმა არ იცის და საერთოდაც, ეგ ჯანსაღზეა, მაგრამ ზოგადად, ჯანმრთელობა რომ აუცილებელი და უპირველესი რამეა - ამაზე მგონი ვთანხმდებით.
ჰოდა, გადავდგათ პირველი, უფრო სწორი ნაბიჯები დღესვე...