უხსოვარი დროიდან მოგზაურობდნენ ადამიანები. თუმცა, ბევრად ნელა და ნაკლებად საინტერესოდ. ჩვენმა შორეულმა წინაპარმა მოგზაურობა თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაიწყო ეთიოპიიდან და გავრცელდა მთელ დანარჩენ დედამიწაზე. მას შემდეგ ადამიანები მოუსვენრად გადაადგილდებიან კონტინენტიდან კონტინენტზე, იპყრობენ ზღვებსა და ოკეანეებს, ითვისებენ ჩრდილო თუ სამხრეთ პოლუსების თოვლით დაფარულ სივრცეებს, ლივლივებენ ცაში და მიისწრაფიან, რათა მეტი შეიცნონ ახალი ადგილების შესახებ.
საუკუნეების წინ ადამიანები მოგზაურობდნენ სავაჭრო მიზნით ან და საბრძოლველად. სწორედ ეს ორი გახლდათ ახალი კულტურების, ცივილიზაციების შეცნობის ერთადერთი გზა. მოგვიანებით, საერთაშორისო ავიახაზების განვითარების შედეგად ადამიანმა სწრაფი ტემპებით აითვისა გართობისა და დასვენების ახალი ხერბები, რომელიც უცხო ქვეყნების მონახულებით, კამკამა სანაპიროებით ტკბობის, მთის კურორტებზე თოვლში სრიალით, ეგზოტიკური ქალაქების ვიწრო ქუჩებში უბრალოდ ხეტიალით თუ უამრავი სხვა ფორმით გამოვლინდება.
მოგზაურობის დაგეგმვა მრავალი საინტერესო და ამავდროულად რთული კომპონენტისგან შედგება, რა დროსაც სხვადასხვა წვრილმან-მსხვილმანი საქმეები გვაქვს შესასრულებელი. ვიყიდოთ ავიაბილეთები, მოვძებნოთ და დავჯავშნოთ საცხოვრებელი, ზამთარში ჩრდილოეთისთვის მოვიმზადოთ ღუნღულა ტანსაცმელი, ზაფხულში კი იმგვარი, რომ ყველა ხვდებოდეს აქ თუ ვინმე ჭეშმარიტად „გულაობს“, ეს სწორედაც რომ ჩვენ ვართ. ბარგი ჩავალაგოთ, არ დაგვრჩეს სმარტფონის დამტენი და ფოვერბანკი, რასაკვირველია არც ფოტოაპარატი. უამრავი საჭირო თუ უსარგებლო ნივთი. თუ ქინდლი არ გვაქვს, ერთი სქელიყდიანი წიგნიც გვჭირდება, თუნდაც რეპუტაციისთვის, სასურველია ფრანგი მწერლის, სამწუხაროდ უელბეკი აღარ გამოდგება, ნაწყენები ვართ. თუმცა კარგ ფრანგ მწერლებს რა გამოლევს. თემას ავცდით, მგონი ყველაფერი ჩავალაგეთ, ბილეთები ხელში გვიჭირავს, ტაქსი გამოძახებულია.
თითქოს ყველაფერი მარტივადაა. ევროპის მიმართულებით ვიზა აღარ გვჭირდება და აბა რაღა აღუდგება წინ იმას, რომ ჩვენს ისტორიულ სამშობლო მიწას, ჭეშმარიტ ევროპულ სივრცეს შევუერთდეთ და ჩვენი წილი ევროპელობა დავიბრუნოთ. ჩავალთ და ყველა გვკითხავს საიდან ვართ და სხაპასხუპით ვუპასუხებთ, - ფრომ ჯორჯია, ქანთრი. ისე, ურიგო არ იქნებოდა, სახელმწიფოსთვის პირდაპირ ამგვარი სახელწოდება მიგვენიჭებინა - “Georgia country”.
თუმცა, ქვეყნის სახელწოდებას დავეხსნათ და მთავარია შორეული ფრენის მოლოდინით აღელვებული გული ცოტა ხნით დავაოკოთ და დავფიქრდეთ, რაიმე ხომ არ გვრჩება? ასეთ ვითარებაში, ადვილია გამოგვჩეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიც კი, როგორიცაა სამოგზაურო დაზღვევა. მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მოგზაურობისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა აღარ გვჭირდება, სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაზღვევა მაინც საჭიროა. რასაკვირველია, უმჯობესია ყველაფერი წინასწარ მოვამზადოთ, თუმცა არც გულმავიწყებს გაწირავს ბედი და სადაზღვევო სექტორი, რადგანაც თუნდაც აეროპორტიდან შეგვიძლია ონლაინ ვიყიდოთ დაზღვევა, რომელიც მომენტლურად გააქტიურდება და შეგვეძლება სუფთა სინდისით წარვსდგეთ საპასპორტო კონტროლის წინაშე.
ამის შემდეგ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ჩავისუნთქოთ ჩვენი ქვეყნის მტვრიანი, თუმცა მაინც საყვარელი ჰაერი, მზერა მივაპყროთ ჰორიზონტზე ლურჯ სივრცეებს და ამაყად გავეშუროთ პირველი ევროპელები სხვა ევროპელ ნათესავებთან შესახვედრად. რაც მთავარია გვახსოვდეს, ბერგჰაინი ვერასდროს შეედრება მშობლიურ ბასიანს, ხოლო LSD საყვარელ LRG-ის.