ავტომობილის დაზღვევის 5 მიზეზი

საქართველოში არსებული სოციალური ფონისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, საკუთარი ყოველთვიური შემოსავლის მნიშნელოვანი პროცენტული წილის გადადება უწევს ისეთი ყოველთვიური ხარჯებისთვის როგორებიცაა: ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის გადასახადი, წყლის გადასახადი, დასუფთავების გადასახადი, საკუთარი ან საკუთარი ოჯახის წევრის განათლების დაფინანსების ხარჯები, მობილური ტელეფონის ხარჯები, სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებების შესრულების მიზნით ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადასახდელი თანხები და სხვა მსგავსი ფინანსური დანახარჯები, ამ სიის თუნდაც ერთი პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილების მიღება ხშირად არის საყოყმანო საკითხი.

თუმცა, მოდით გავიხსენოთ ძველი სიბრძნე იმის შესახებ, რომ ძუნწი ორმაგს იხდის.

მართლაც და, ეს ანდაზა ძალიან ბევრ სიტუაციაში ამართლებდა და დღემდე ამართლებს საკუთარ აზრს.

მაგალითად, ფულის ეკონომიის მიზნით დაბალ ფასიანი პროდუქტის შეძენის შემდეგ, თქვენ შესაძლოა, შენაძენით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ ან ნივთი მალე გამოვიდეს მწყობრიდან და იგივე ხარჯის მეორედ გაწევა მოგიწიოთ.

სიძუნწის სავალალო შედეგების სიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სადაზღვევო სერვისებისა და პროდუქტების უგულვებელყოფას, მათი საფასურის, კერძოდ კი მცირე ყოველთვიური გადასახადის თავიდან არიდების მიზნით.

რატომ? იმიტომ, რომ სადაზღვევო პაკეტში დახარჯული X თანხა შესაძლოა, რომ მომავალში, აღნიშნული X თანხაზე ათჯერ ან ასჯერ დიდი ოდენობის ხარჯისგან გათავისუფლების მიზეზი გახდეს.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ X თანხის ყოველთვიურ ეკონომიას ახდენთ, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ძუნწი, რომელსაც ორჯერ, სამჯერ ან ათჯერ მეტის გადახდა მოუწევს. (გააჩნია შემთხვევას)

მეტი კონკრეტიკისთვის განვიხილოთ ავტომობილის დაზღვევის მაგალითი.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ავტოდაზღვევაზე ეკონომიას აკეთებთ და ამით თქვენი ყოველთვიური ხარჯების შემცირებას ცდილობთ, ფულის ეკონომიის ეს გზა აუცილებლად გაგიხდებათ სანანებელი იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილი დაზიანდა და მისი შეკეთების ხარჯების გაწევის აუცილებლობის წინაშე დადგებით.

ავტო დაზღვევის ფოტო ბმვ

უფრო მეტიც, თუ თქვენი ავტომობილის დაზიანების პროცესში, თქვენი ბრალეულობით, თქვენს ავტომობილთან ერთად სხვა ავტომობილებიც დაზიანდა, თქვენ მათი შეკეთებისთვის აუცილებელი ხარჯების გაწევაც მოგიწევთ.

კოლოსალური ხარჯების თავიდან აცილება არ გახლავთ თქვენი სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის აუცილებლობის მხოლოდ ერთადერთი მიზეზი, რადგან ავტო დაზღვევას სხვა ღირსებებიც გააჩნია.

რა ღირს ავტომობილის დაზღვევა?

დაზღვევის ფასი საშუალოდ ავტომობილის ღიღებულების 2%-დან იწყება და ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: ავტომობილის ღიღებულებაზე / საბაზისო ღირებულება, ავტომობილის ტიპზე, გამოშვების წელზე და მართვის გამოცდილებაზეც

ავტომობილის დაზღვევის სხვა მიზეზები

მიზეზი N1 - კომფორტი

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ თქვენს სადაზღვევო აგენტთან.

ის მაქსიმალურად სწრაფად მოვა შემთხვევის ადგილზე და საკუთარ თავზე სრულად ან ნაწილობრივ აიღებს ყველა იმ უსიამოვნო საკითხის მოგვარებას, რომელიც თან ახლავს ავტოსაგზაო შემთხვევას. (დაზიანებული ავტომობილის ან ავტომობილების ევაკუაცია, ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა მონაწილეებთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ..)

მიზეზი N2 - სიმშვიდე

როდესაც თქვენი ავტომობილი დაზღვეულია, თქვენ შედარებით ნაკლებს ნერვიულობთ არამხოლოდ ავარიებზე, არამედ ისეთ საფრთხეებზეც, როგორებიცაა: ხანძარი, სეტყვა, მიწისძვრა, ზვავი, მოტეხილი და თქვენს მანქანაზე დაცემული ხის ტოტი, მშენებარე ნაგებობიდან გადმოვარდნილი ან გადმოღვრილი სამშენებლო მასალა, მეზობლის ბავშვების მიერ საქარე მინისთვის გარტყმული ბურთი, ვანდალიზმი და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია ჩვენს ქვეყანაში ავტომობილის მოპარვის ფაქტებს ადგილი აღარ აქვს, მაგრამ მათი გაძარცვის (ავტომობილის შიგთავსის, საბურავების ან სხვა გარე ნაწილების მოპარვა) ფაქტები იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქსირდება ჩვენს დედაქალქში.

სადაზღვევო პაკეტის შემდეგ, ნებისმიერ ზემოაღნიშნული უსიამოვნება ხდება თქვენი კი არა სადაზღვევო კომპანიის პრობლემა, რადგან სწორედ მას უწევს თქვენი დაზიანებული ავტომობილის შეკეთება ან მოპარული ნაწილების შეძენა.

მიზეზი N3 - მძღოლის კეთილსინდისიერება

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილით სხვა ადამიანების ქონებას ან ჯანმრთელობას დააზიანებთ ამ ადამიანებზე ის სადაზღვევო კომპანია იზრუნებს, რომლის ავტოდაზღვევის პაკეტსაც ფლობთ თქვენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია თქვენს შეცდომებს თქვენს ნაცვლად გამოასწორებს და შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ნაცვლად მოიხდის ბოდიშს, არა სიტყვებით არამედ ქმედებებით.

მიზეზი N4 - საკრედიტო ვალდებულებები

ავტომობილის დაზღვევა განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალება კრედიტის საშუალებით აქვს შეძენილი.

ვალით ნაყიდი მანქანის დაზიანების შემთხვევაში, თქვენ ორმაგ წაგებაში ხართ, რადგან თუ ავტომობილს დაამტვრევთ, მოგიწევთ იხადოთ იმ ნივთის საფასური, რომელიც აღარ არსებობს.

ეს ფაქტი კიდევ უფრო სავალალო შედეგებს მოგიტანთ იმ შემთხვევაში თუ თქვენს ცხოვრებაში ფინანსური კრიზისი შეიქმნება და კრედიტის გადახდას ვეღარ მოახერხებთ, რადგან დამტვრეული მანქანის გაყიდვით, მის შესაძენად აღებული თანხის დაბრუნება შეუძლებელია.

 

avto-dazghveva-poto

მოკლედ, რომ ვთქვათ, ავტომობილის დაზღვევის აუცილებლობის 5 მთავარი მიზეზი გახლავთ:

  • გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან თავის დაცვა და საკუთარი ფულის გონივრულად გადანაწილება;
  • მძღოლის კომფორტის უზრუნველყოფა;
  • მძღოლის სიმშვიდის უზრუნველყოფა;
  • მძღოლის კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო ვალდებულებების დამძიმებისგან თავის დაცვა.

ავტოდაზღვევის ტიპები

მომხმარებლის მოთხოვნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არსებობს ავტომობილის სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტები.

თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ მანქანა: სტიქიური უბედურებისგან, ვანდალიზმისგან, ავტოსაგზაო შემთხვევისგან და ა.შ.

ზოგიერთი სადაზღვევო პაკეტი მოიცავს მხოლოდ ავტომობილის დაზღვევას, ზოგიერთი კი ავტომობილთან ერთად აზღვევს მისი მძღოლისა და მგზავრის ჯანმრთელობასაც.

ასევე არსებობს ე.წ. მესამე პირის დაზღვევა, რომლის შეძენის შემთხვევაშიც, სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მიერ, სხვა ადამიანებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ან ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებასა და დაფინანსებას.

რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია ის სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა ზემოაღნიშნულ სერვისს ერთდროულად მოიცავს, თუმცა არჩევანი პირადად თქვენზეა დამოკიდებული.

2018-04-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?