მიმდინარე თვეში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია დაგეგმილი.
აღნიშნული მოვლენა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური თემაა და დეპუტატობის კანდიდატები აქტიურად ცდილობენ ამომრჩეველთა გულის მოგებას სხვადასხვა მეთოდებით.
სწორედ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენმა ბლოგმა გადაწყვიტა მთაწმინდის რაიონის რამდენიმე მაჟორიტარს გასაუბრებოდა და რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა დაზღვევა იყო.
ჩვენი რესპოდენტები არიან: პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატი ჰერმან საბო, მმართველი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატი ლევან იოსელიანი.
-რომელი სადაზღვევო პაკეტებით სარგებლობთ ახლა?
ჰერმან საბო: მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და ასევე ვსარგებლობ ჯიპიაი ჰოლდინგის პოლისით ონკო ქეარით, რომელიც მოიცავს კიბოს რისკებისგან დაზღვევას.
ლადო კახაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მიწევს უკვე და საყოველთაო დაზღვევა მაქვს.
ლევან იოსელიანი: არ მაქვს დაზღვევა, ჩემს მეუღლეს აქვს ავტომობილის დაზღვევა და ეს არის ჩვენს ოჯახში ერთადერთი სადაზღვევო პროდუქტი.
- რომელი სადაზღვეო პაკეტის შექმნას ისურვებდით, რომელიც აქამდე არ არსებობდა?
ჰერმან საბო: პოლიციის სისულელისგან დაზღვევას მოვიგონებდი, 2 პოლიციელის ჩვენებისგან დაზღვევას, რადგან სწორედ ამის გამოა საქართველოში ციხეების უმრავლესობა სავსე.
ლადო კახაძე: ეს სპეციფიური თემაა, მომზადებული უნდა ვიყო და ისე უნდა გესაუბროთ, ახლა რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ სადაზღვევო კომპანიები, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესთავაზებენ საუკეთესო ხარისხსა და ფასს.
ლევან იოსელიანი: არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და თავს შევიკავებ პასუხისგან.
-დაასახელეთ სამი ქართველი პოლიტიკოსი, რომლებსაც დააზღვევდით და დააკონკრეტეთ რას დაუზღვევდით?
ჰერმან საბო: ქალბატონ ენძელას დავუზღვევდი ქოლგას, ძალიან კარგი ქოლგაა და არ მინდა დაკარგოს ან რაიმე გაუფუჭდეს. ირაკლი კობახიძეს თმებს დავუზღვევდი, რომ არასდროს არ შეიჭრას და მუდმივად ასეთ ახალგაზრდულ „ვიდზე“ იყოს და ჩვენს პრემიერს დავუზღვევდი მიკროფონის ხაზებს.
ლადო კახაძე: დავით აღმაშენებელს დავუზღვევდი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან მისმა გარდაცვალებამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს და მის მომავალს. დავითს რომ უფრო დიდხანს ეცოცხლა, ის კიდევ უფრო მეტის გაკეთებას მოასწრებდა საქართველოსთვის.
ლევან იოსელიანი: ილია ჭავჭავაძეს დავაზღვევდი წიწამურის ინციდენტისგან. კარგი იქნებოდა, რომ მისი მკვლელობა არ მომხდარიყო.
-რას დააზღვევდით არჩევნების შემდეგ?
ჰერმან საბო: არა აქვს მნიშვნელობა გავიმარჯვებ არჩევნებში თუ არა, ორივე შემთხვევაში მთაწმინდელებისთვის დავამატებდი „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან დაცვის დაზღვევას“ რადგან დღეის მდგომარეობით, თუ თქვენს სახლს მიენიჭა ეს სტატუსი, სანამ თავზე არ დაგენგრევათ ხელს არ მოგაკიდებინებენ.
ლადო კახაძე: რა თქმა უნდა, მთაწმინდელების კარგად ყოფნას, ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლების დაზღვევა, რათა არ იყოს საფრთხის ქვეშ მათი სიცოცხლე.
ლევან იოსელიანი: გააჩნია რას, რა პირობებს და რა ფასს შემომთავაზებენ სადაზღვევო კომპანიები.