სხვა ეგვიპტე

2006 წელი იყო.
სკაუტებმა დამირეკეს, _ გაცვლითი პროგრამაა და მონაწილეობის სურვილი თუ გაქვსო.
18 წლის ბიჭისათვის, რომელიც ლაგოდეხზე შორს არსადაა ნამყოფი, უცხოეთში წასვლის ნებისმიერი შანსი ლატარიაში გამარჯვებას ჰგავს.
ამიტომ, არც მიკითხავს რომელ ქვეყანაში მივდიოდი, _ კი მეთქი, _ ეგრევე დავთანხმდი.

ასე აღმოვჩნდი კაიროში.
პირველი ფრენის შესახებ დეტალებში არ შევალ,მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნახევარი ლიტრი საფერავი მქონდა დალეული და მეგობრის ნათხოვარ
CD Player-ში, _ როგორც ეს სამშობლოდან პირველად, ორი კვირით გადახვეწილ, ნამდვილ პატრიოტს შეშვენის, _  მთელი გზა „ჩაკრულო“-ს ვუსმენდი.

პირველი რაც ჩაფრენისას დავაფიქსირე სიცხე იყო.
თუმცა, იქაურ სიცხეს ჩემთვის ნაცნობი სხვა სიცხეებისგან ის განასხვავებდა, რომ ჩანდა, _ ვხედავდი როგორ „არ იძვროდა ჰაერი“.
თავიდან შევშინდი, ორი კვირა აქ რა გაძლებს,_მეთქი, მაგრამ , როგორც ჭეშმარიტ ადამიანს შეეფერება, _ მალევე შევეგუე.

 



პირამიდების გარდა, ჩვენთან, ეგვიპტე, ძირითადად იაფ დასვენებასთან, ულიმიტო ჭამა-სმასთან და მარტივ სექსთან ასოცირდება,
(იქ ჩასული სლავი ტურისტების გამო), თუმცა მაშინ ეგეთები მეკიდა. ნუ, პირველი ორი დღე მაინც.
(სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს,რომ ეს ლოგიკა უფრო სინას ნახევარკუნძულსა და წითელ ზღვას შორის რეგიონს ეხება: ხურგადებს, შარმებს და ეგეთებს)

აქეთ, კაიროსკენ, სხვა ეგვიპტეა.
მშრალი და მდუმარე „უნაყოფო მიწა“.  
ძველი ცივილიზაციის აჩრდილი, სადაც სარკოფაგებში გამომწყვდეული წარსული დიდება ქვიშის ქარებად,
პირქუშ შენობებად, ნაცრისფერ ქუჩებად , მზერაგატეხილ მშრომელ ადამიანებად და დაღლილი ტურისტებით სავსე მუზეუმებადაა ქცეული.
როგორც წინაპრების ნასახლარზე ნაპოვნი ძველი, გაყვითლებული წიგნი, რომელიც ერთდროულად, თან გიზიდავს, თან განგიზიდავს,
რადგანაც მის სიყვარულს ბოლომდე თრგუნავს მისივე პატივისცემა.
ალბათ ასეთ ეგვიპტეზე თქვა თავის დროზე რეი ბრედბერიმ:
A new book smells great. An old book smells even better. An old book smells like ancient Egypt.

ასეთი, ეგზოტიკური განწყობით ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც გეზი გიზისაკენ ჰქონდა აღებული (როგორც თბილისისათვის რუსთავი, ისეა კაიროსთვის გიზა)
ფანჯარაში უინტერესოდ ვიყურებოდი და ვცდილობდი გამომეცნო რამდენი გრადუსი სიცხე იქნებოდა უდაბნოში, რამდენი ხანი დამჭირდებოდა კაიროს მაღაზიებში
ლუდის საშოვნელად საღამოს და ასეთები. სწორედ ამ დროს მოხდა რაღაც განსაკუთრებული:
უდაბნოს ქარებში გახვეული პირამიდები ჯერ ავტობუსის მტვრიანი შუშიდან ამოიზარდნენ მიწიდან და უცებ ზღაპრული ურჩხულებივით წამოგვადგნენ თავზე.

 

 

მაშინ მივხვდი, რომ  „სულისშემკვრელი“ სულ ტყუილად მეგონა იქამდე ფუჭი და პათეტიკური სიტყვა.
თუმცა ეს შორიდან. ახლოდან ? _ მაგაზეც გეტყვით.

Netflix-ის სერიალია _ „Narcos”, ესკობარის ცხოვრებაზე გვიამბობს, სადაც, პაბლოს ლიკვიდაციის მერე ფედერალური ბიუროს აგენტი ასეთ რამეს ამბობს :
When you lay eyes on him, the devil's a real letdown.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ეპოქის შვილისათვის ზუსტად ასეთი იმედგაცრუებაა ახლოდან პირამიდებიც.
თუ გონებაში იმ ეპოქის სიმულაციას არ მოახდენ, თუ არ გაიაზრებ, რომ ხეოფსის ყოველი ქვა მინიმუმ 2 ტონას იწონის,
რომ იმდროინდელი სამშენებლო ტექნიკისა და ინჟინერული მიღწევების ფონზე მსგავსი პროექტის განხორციელება წარმოუდგენელი ამბავი იყო,
რომ ათწლეულების მანძილზე ათასობით ადამიანი „შეეწირა“ მარადიულობის ამ ძეგლის შენებას, _ ისე მაინცდამაინც არ გიკვირს.

 



ეგვიპტეზე აქამდეც უამრავი ბლოგი დაწერილა, ამიტომ აღარ შევჩერდები ისეთ დეტალებზე რაც უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ.
(რომ „ხან ელ ხალილის“ ბაზარში აუცილებლად ყველას შეევაჭროთ, რომ ბედუინებს აქლემზე სასეირნოდ მაინცდამაინც შორს არ უნდა გაჰყვეთ,
რომ ადგილობრივი ადათების მიხედვით დახლთან გაჩერება და ნივთების თვალიერება ავტომატურად გავალდებულებთ მეპატრონისაგან რამე აუცილებლად შეიძინოთ და ა.შ. )

 



ეგვიპტეში მოგზაურობისას გუსტავ ფლობერმა თქვა :
“(Egypt) is a great place for contrasts: splendid things gleam in the dust.”

ჩემი „სხვა ეგვიპტეც“ ასეთია: გიზისაკენ მიმავალი ავტობუსის მინიდან დანახული,_ მტვრიანი და სულისშემძვრელი ერთდროულად.

p.s. ჰო, გაცვლით პროგრამას რაც შეეხება : ჩვეულებრივად ჩაიარა, როგორც ეს გაცვლითი პროგრამების უმრავლესობას ახასიათებს:
საქმიანი იერით შესრულებული უამრავი ფუჭი აქტივობით, თუმცა, ბევრი, კარგი, ახალი ადამიანით.

p.p.s. განწყობის შესაქმნელად ამ ლიბანელ კაცს გიტოვებთ.
კომპოზიციაც ბეირუთზეა, მაგრამ „სხვა ეგვიპტესაც“ ძალიან უხდება.

https://www.youtube.com/watch?v=nxA6xEllGq8

2019-08-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?