პირველი მოგზაურობის მძაფრი შთაბეჭდილებები

მოგზაურობა არის ჰორიზონტის გაფართოების შესაძლებლობა, ახლის შეცნობის გზა, ახალი ემოცია - კიდევ ბევრის თქმა შეიძლება. პირველი მოგზაურობის დროს კი ხვდები მოგწონს თუ არა ეს ყველაფერი, ხვდები გაქვს თუ არა მოგზაურის სული. მოგზაურობა ვიღაცას უყვარდება, ვიღაც გულგრილი რჩება მის მიმართ, თუმცა შთაბეჭდილება აუცილებლად რჩება.

ჩემთვის პირველი მოგზაურობა შთაბეჭდილებისა და ემოციების გარდა გახდა გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვა და საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მსოფლმხედველობაზე და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.

რატომ?

წარმოიდგინეთ 14 წლის მოზარდი „პოსტ საბჭოთა“ საქართველოდან 90-იანი წლების ბოლოს ხვდება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ ქვეყანაში  - გერმანიაში.

მოგზაურობა ნებისმიერ ახალ ქვეყანაში და ახალ ადგილზე საინტერესოა, ეცნობი ქვეყნის კულტურას, არქიტექტურას, აკვრიდები იმ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების წესს, თუმცა ჩემს მოგზაურობას თან დაერთო გარკვეული „კულტურული შოკი“. კვლავ წარმოიდგინეთ, მაშინ როდესაც თბილისში შუქი არ იყო, ქალაქში ძველი ნახევრად დამტვრეული ავტობუსები დაიარებოდნენ (აღარ ვსაუბრობ, რომ არავინ არაფერი იცოდა შშმ პირებზე ადაპტირებულ ავტობუსებზე), ცნება „კაფე“, როგორც ასეთი, ფაქტობრივად არ არსებობდა, მაღაზიებზე და ჰიპერმარკეტებზე საუბარიც ზედმეტი იყო.

ყოველივე ამის შემდგომ უცბათ აღმოვჩნდი მოწესრიგებულ გერმანიაში, სადაც შუქი არ ქვრება, ნაგავს აფასოებენ, ავტობუსი გაჩერებაზე ტაბლოზე გრაფიკით მოდის, ლამაზ და დიდ სავაჭრო ცენტრებში გაღიმებული მომსახურე პერსონალი გეგებებათ, გარეთ ცენტრალურ მოედანზე შეგიძლიათ დარიჩინიანი კაპუჩინო მიირთვათ. ამდენად, შთაბეჭდილება იყო გაოცება, აღტაცება, ამასთანავე სევდა და აღქმა იმისა რა შავ-ბნელ გარემოში ცხოვრობ.

ამ პირველი მოგზაურობის შემდგომ კიდევ ბევრ ქვეყანაში ვიყავი, ევროპა, ამერიკა, ბევრი საინტერესო ვნახე, ბევრად უფრო შინაარსიანი მოგზაურობები მქონდა, თუმცა ეს პირველი შთაბეჭდილება მაინც სულ იყო დალექილი და იმ შეგრძნების დაბრუნება სრულიად წარმოუდგენელია მრავალი მიზეზის გამო.

ყოველი შემდგომი მოგზაურობისას ვფიქრობდი, რომ ის ემოციები უკვე ნაკლებად თუ მექნება სადმე. ვფიქრობდი, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული ჩემი ემოციების ყველაზე დიდი მაქსიმუმს მივაღწიე  - მაშინ, ბავშვობაში.

მაგრამ ამ პირველი მოგზაურობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ მქონა ისევ ის უზღვავი ემოცია და შთაბეჭდილებები, ისევ აღმოვაჩინე რაღაც ისეთი, რამაც დამანახა, რომ სამყარო ძალიან ამოუწურავია და ამისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა საჭირო თურმე არც ყოფილა.

 პირველად წავედი საქართველოს მთიან მხარეში - ხევსურეთში. აი იქ იყო შთაბეჭდილებები, გერმანიაში პირველი ჩემი მოგზაურობა გამახსენდა. ვხედავდი ამ დიდ მთებს, შატილის კოშკებს, ბედნიერების შეგრძნება მქონდა, ვფიქრობდი, რომ ამაზე ლამაზი წარმოუდგენელია, ამაზე დიადიც.  თუმცა პირველი მოგზაურობისგან განსხვავებით უკვე სულაც არ ვფიქრობდი რომ შაბ-ბნელ ქვეყანაში ვცხოვრობ, ვფიქრობდი, რომ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში, რომელშიც არის ერთდროულად ენით აუწერელი სილამაზე, ავთენტურობა, ისტორია და გარკვეული სევდა საქართველოშია. აქვე გამახსენდა ვიღაცის ფრაზა - „თავისუფლება მთებშია“.

ახლა რომ მეკითებიან პირველი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე, ვყვები პირველ მოგზაურობაზე საზღვარგარეთ და საქართველოში და მიჭირს თქმა რომელი უფრო ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

2018-10-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?