პირველი დაუვიწყარი მოგზაურობა

ჩემი პირველი მოგზაურობა დაახლოებით 8-9 წლის წინ იყო, მაშინ ასე 21 წლის ვიქნებოდი.

თანხა არ მქონდა და უახლოეს მომავალში, ამ მიზნისთვის გადადებას ვერც შევძლებდი, ბინისთვის ვაგროვებდი, ისტერიულად, ჰოდა რამე შემოვლითი გზა უნდა მომეფიქრებინა.

ეს გზა აღმოჩნდა დაფინანსება, სტუდენტური პროექტიდან...

გამოიცანით, რომელი იყო ჩემი პირველი ქვეყანა?

არც მეტი, არც ნაკლები - ყირგიზეთის დედაქალაქი, ბიშკეკი!

ჰო, ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, მომენტალურად გამიქარწყლდა წარუმატებელი ქართველების მიერ ყურში ჩაჩხავლებული სტერეოტიპები:

  • ყველა ქვეყანა ძაან მაგარია
  • ჩვენ ყველაზე ცუდ დღეში ვართ
  • ნეტა აქედან გამაღწევინა,
  • ა.შ.

ბიშკეკი, საშუალოზე დაბალი დონის ქალაქი იყო, სადაც ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა საინტერესო.

თუმცა ეს არ იყო მთავარი:

მიუხედავად, არც ისე წარმატებული პირველი ქვეყნისა - აქ იყო თავისუფლება, ბედნიერება, აქტიური ცხოვრება, უამრავი სიახლის შემეცნება და ბევრი, ბევრი ახალი, სასიამოვნო ემოცია!

აქ ყველა სწავლისთვის და პლუს კულტურული „იქსჩეინჯისთვის“ იყო ჩამოსული, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი, სიამოვნებით ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, ვგეგმავდით საღამოს გასართობ ღონისძიებებს, ვუყვებოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ.

ბევრი ჩვენგანისთვის პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვიმოგზაურეთ და იმ წუთებში, ყველაზე არარეალურ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომდევნო 8 წელში, კიდევ 70 ქვეყანას „დავლაშქრავდი“, მათ შორის ყველაზე მიუწვდომელ და საოცნებო ქვეყნებსაც.

ბიშკეკის შთაბეჭდილების ძალიან ბედნიერი გაგრძელება ჩვენი შაბათ-კვირა აღმოჩნდა, ისიკ კულის ცნობილ ტბაზე.

აი აქ უკვე, სულ სხვა ყირგიზეთი ვიხილეთ: პლიაჟები, ძვირადღირებული სასტუმროები, ბევრი დამსვენებელი და შესაშური გართობა.

ჩემთვის, პროექტის ფარგლებში გადმოცემული 115 ევროც, რომელიც ვერც კი ვხვდებოდი, როგორ უნდა მყოფნოდა 2 კვირაში - მეფური გასამჯელო აღმოჩნდა, მაქსიმალური გართობის პირობებშიც კი - მისი მხოლოდ ნახევრის დახარჯვა მოვახერხე, საოცარი ფასებიდან გამომდინარე :)

უკანა გზაზე, ხანგრძლივი გადაჯდომა გვქონდა სტამბოლში, ჰოდა კიდევ ერთი დიდი ბედნიერება, უფრო სწორად დაგვირგვინება - ეს საოცარი ქალაქი აღმოჩნდა, რომელიც ჩემს ტოპ ხუთეულში მყარად იკავებს პოზიციებს და აი ახლაც, 1 კვირაში - მეათე ვიზიტს განვახორციელებ.

მართალია, მას შემდეგ, უამრავი საოცარი მოგზაურობა გადამხდა თავს, მაგრამ პირველს მაინც თავისი, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს!

2019-01-21
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?