პირველი მოგზაურობა პირველი სიყვარულივითაა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება, პროცესი იმდენად ამაღელვებელია. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ განსაკუთრებულ ადამიანს იპოვიან, ამას ერთი ნახვით მიხვდებიან და ეს სულთა მონათესაობა სამუდამოა. ჩემი და პორტუგალიის ურთიერთობაც მსგავსია, თავიდან მეგონა ჩემი საყვარელი მწერლის ჟოზე სარამაგუს გავლენით მქონდა ეს განწყობა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ პორტუგალიასთან შუამავალი, თუნდაც ასეთი დიდებული, არ მჭირდება.
ლისაბონის ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას ვგრძნობდი, რომ სადღაც ახლოს განსაკუთრებული რამ უნდა მეპოვნა. სამწუხაროდ, საწოლი ქუჩებივით ვიწრო გვერგო და არც კოღოები გვინდობდნენ ძილის დროს. თუმცა როცა ქაშქაის პლაჟზე შეგიძლია საყვარელ ადამიანთან ერთად წამოწვე და ხელები ქვიშაში ათამაშო, მზად ხარ ცულის ტარზეც დაეტიო.
პლაჟზე ნებივრობა ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ სინტრას ვიზიტისას მივხვდი, რომ ძველი სასახლეების აღმოჩენა და ბოტანიკურ ბაღში საიდუმლო ადგილების ძებნა უფრო მიტაცებს. ამინდი ნისლიანი შეგვხვდა და ეს იდუმალების განცდას კიდევ უფრო გვიმძაფრებდა. თან, ადგილობრივი ტურისტული ტრანსპორტის ნაცვლად, აღმართზე ფეხით სიარული ავირჩიეთ, რადგან დანიშნულების ადგილამდე მისვლაზე მეტად პროცესში მომხდარი მოულედნლობებით ტკბობა გვიზიდავდა.
უცნაურია, მაგრამ პირველივე მოგზაურობისას მივხვდი, რომ პოპულარული ადგილების, ეკლესიებისა თუ მუზეუმების ვიზიტი ჩემი საქმე არ არის. ყველაზე მეტად შემთხვევითი წვრილმანი დეტალებით ტკბობა მიზიდავდა და ამის გააზრების პროცესიც მსიამოვნებდა. მდინარის სანაპიროზე 3 თვითნასწავლი რეპერი და მათი შემოქმედებით აღტაცებული იაპონელი ტურისტი ყველაზე საინტერესო სანახაობა აღმოჩნდა ლისაბონში ვიზიტისას. რეპერებს დინამიკები ჰქონდათ სანაპიროზე გამოტანილი და მართალია უნიჭოდ, მაგრამ გულით მიქსავდნენ. იაპონელი ტურისტის მიერ ამათი აღმოჩენა და პატარა ბავშვივით ხვანცალი სწორედ ის სიყვარულის ისტორია იყო, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. ოღონდ აქ უბრალოდ დამკვირვებელი ვიყავი, ვიცოდი ჩემი აღფრთოვანება ჯერ კიდევ წინ იყო.
ნაზარესკენ შემთხვევით წავედით, პორტომდე 2 დღე თავისუფალი გვქონდა და თან კარავსაც დავატარებდით. როგორც გავიგეთ ნაზარეში ერთ-ერთი ყველაზე კარგი საკემპინგო ზონა არსებობდა და გატესტვა ნამდვილად ღირდა.
ნაზარეს სანაპიროს კლდე ორ ნაწილად ჰყოფს, ერთ ნაწილში თეთრად შეფენილი სახლები და ვიწრო ქუჩებია, მეორე ნაწილში კი უკაცრიელი სანაპირო, საკემპინგო ზონებით. გადასაადგილებლად ტრანსპორტი არ გჭირდება, მაქსიმუმ 10-15 წუთში შეგიძლია ნებისმიერ ადგილზე მიხვიდე და ისეთი განცდა გაქვს თითქოს ეს კარგად ნაცნობი ადგილია, სადაც ბავშვობაში მშობლებთან ერთად ისვენებდი, უბრალოდ მას შემდეგ დიდი ხანია არ ყოფილხარ და ეხლა თავიდან იხსენებ დეტალებს.
სხვათაშორის, სწორედ ნაზარეში დაიპყრო წელს ბრაზილიელმა სერფერმა ყველაზე დიდი ტალღა. მოგზაურობისას ამ ტალღებზე მხოლოდ ჭორები მსმენოდა, თან სეზონიც არ იყო, ამიტომ პრაია დე ნორტეს სანაპიროზე კარავი თამამად გავშალეთ და იქვე მობინადრე თოლიასგანაც ავიღეთ ნებართვა. თავიდან ალმაცერად გვიყურებდა, მაგრამ მეორე დღეს უკვე შეგვეჩვია და თითქოს ინტერესითაც კი გვაკვირდებოდა. ღამით რამდენჯერმე გავიხედე კარვიდან ქარის ხმაზე, ხან ოკეანის ხმაზე, მერე მივხვდი რომ უბრალოდ იდეალურ ადგილას ვიყავი და შემეძლო „ოვერსინქინგის“ გარეშე დავმტკბარიყავი.
ღამით, სრულ სიბნელეში, თეთრი ქვიშის ფონზე ცის ყურებისას, გულში პატი სმიტის სიმღერა წავიმღერე: Because the night belongs to lovers და მივხვდი რომ ეს ადგილი ჩემი პირველი დიდი მოგზაურობის სიყვარული იყო. ეს ჩემი ადგილია, სადაც მგონია რომ ყოველთვის შემიძლია ჩასვლა.