მე, გაზომეტრი და ვენა

მოგზაურობა ყველასთვის სხვადასხვა ემოციასთან ასოცირდება, ჩემთვის ეს არის სიახლეების აღმოჩენა, ოცნებების ასრულება და რაც ყველაზე მთავარია კომფორტის ზონიდან გასვლა, რაც საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს და უნარებს აღმომაჩენინებს. სიტყვები არ მყოფნის ჩემი პირველი მოგზაურობის აღსაწერად, რომელიც იყო ჩემს საოცნებო ქვეყანაში ავსტრიაში. არ მახსოვს რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი ვენის ქუჩებში სეირნობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის ფოტოებიც კი არ მქონდა ნანახი. ის ფაქტი, რომ ეს ჩემთვის ასეთი საოცნებო ადგილი იყო ამძაფრებდა მღელვარებას და შიშს იმისა, რომ ჩემი მოლოდინები არ გამართლდებოდა. თუმცა, როგორც იტყვიან, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

რით შეიძლება აღფრთოვანდეს ადამიანი მოგზაურობისას პირველ რიგში? ეს შეიძლება იყოს კოკრეტული ღირსშესანიშნაობა, სტუმართმოყვარეობა და ასე შემდეგ, თუმცა ჩემზე პირველ რიგში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მეტროს გეგმამ მოახდინა. თუმცა ეს ყველაფერი არაა, არ დამავიწყდება ის მომენტი, როცა პირველად შევიგრძენი ამ ქალაქის რიტმი. წარმოიდგინეთ, მივდიოდი ქუჩაში და ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა, ეს იყო ის რაც ყოველდღიურად მაწუხებს ჩემს ქალაქში - ხმაურიანი და გადატვირთული ქუჩები.

 

 

შემდგომ დავმშვიდდი და ვეცადე მაქსიმალურად გადამენაწილებინა დრო ისე, რომ ბევრი მუზეუმის ნახვა მომესწრო. პირველ რიგში ალბერტინას მუზეუმს ვეწვიე, სადაც ჩემი საყვარელი იმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს, ნამუშევრები ვიხილე. წარმოიდგინეთ, ის ნამუშევრები, რომლებსაც წლების განმავლობაში ხელოვნების წიგნებში ვათვალიერებდი, ვუყურებდი ამ ყველაფერს და ბედნიერების ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ამავე მუზეუმში იყო ფიროსმანის ნამუშევრებიც და ვერ წარმოიდგენთ რა ამაყად ვგრძნობდი თავს მათ თვალიერების პროცესში. მინდოდა ყველა იქმყოფთან მივსულიყავი და მეთქვა, რომ ეს მხატვარი ჩემი ქვეყნიდანაა. კლომტის ნამუშევრებიც ვნახე ბელვედერის მუზეუმში, მართლაც რომ გრანდიოზულია.

 

 

მუზეუმების მოვლის შემდეგ გადავწყვითე არქიტექტურისთვის შემევლო თვალი. გაგიკვირდებათ და, პირველ რიგში გაზომეტრის ნახვა მინდოდა, რომლის რეკონსტრუქციის პროექტზე ჩემთვის ერთ-ერთიმა საყვარელიმა არქიტექტორიმა ჯან ნუველმა იმუშავა. ეს ნაგებობები საყოფაცხოვრებო გაზის შესანახად გამოიყენებოდა, ახლა კი საცხოვრებელ, სამუშაო და სავაჭრო-გასართობ ფუნქციებს ითავსებს. მართლაც რომ აღვფრთოვანდი და შესანიშნავი ფოტოებიც გადავიღე. საღამოს ბარში გაცნობილ ბიჭს გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილებები გაზომეტრის შესახებ, მან კი ძალიან ბევრი იცინა, ამდენი შესანიშნავი ტურისტული ადგილი გვაქვს და პირველ რიგში გაზომეტრის სანახავად რატომ წახვედიო. გამეცინა, წარმოვიდგინე საქართველოში ვინმე მხოლოდ ფაბრიკის სანახავად რომ ჩამოვიდეს რა რეაქცია მექნებოდა.

 

 

ვფიქრობ, მოგზაურობის მიზეზი სწორედ ეს უნიკალური, ჩვენი ინდივიდუალური მისწრაფებები უნდა იყოს, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად ნაივური, მაგრამ წრფელია.

2019-09-30
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?