მოგზაურობას ხშირად ჯადოსნურ ელექსირს ვადარებ, რომელიც სასიამოვნოდ მოქმედებს ჩვენს ემოციებზე და უფრო მეტი სიახლის აღმოჩენისკენ გვიბიძგებს. თუ ერთხელ მაინც გაბედე და წახვედი სამოგზაუროდ, განმეორების სურვილი არასდროს მოგასვენებს.
მინდა ჩემი პირველი სიყვარულის, პირველი მოგზაურობის შესახებ მოგითხროთ, რომელსაც იტალია ჰქვია. ყველაფერი დაიწყო 22 დეკემბერს, ჩავფრინდი მილანში საიდანაც „მილანო ცენტრალე“ - დან უნდა წავსულიყავი ვენეციაში იმავე დღესვე. დროში საკმაოდ შეზღუდული ვიყავი, მახსოვს ძალიან ვჩქარობდი და ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ერთადერთი რაც იმ დღიდან არასდროს დამავიწყდება ესაა „მილანო ცენტრალი“ - რკინიგზის სადგური. წარმოიდგინეთ ძველი შენობა, სადაც ყველა მხრიდან შემოდიან მატარებლები და წამის მეასედში იცვლებიან ეკრანზე წარწერები. ისეთი ჯადოსნური გარემო შეიქმნა, თავი ჰარი პოტერის ფილმში მეგონა და არარსებულ ბაქანს გულაჩქარებული ვეძებდი. საბედნიეროდ, რონის მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელდა და ვენეციისკენ მიმავალი მატარებელი წარმატებით მიმასწავლეს.
პირველი სამი დღე სან მარკოს მიდამოების ნახვას დავუთმე, ბევრი ვიარე ვენეციის ძველ ქუჩებში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა ქუჩა ერთმანეთს ჰგავს და ამასთან, ყველას თავისი უნიკალური ხიბლი აქვს. თითოეული კუთხე-კუნჭული ისტორიას გიყვება და ერთგული მსმენელისკენ აუღელვებლად აცეცებს თვალებს. თუმცა, დამავიწყდა, თვალებს ძირითადად ჩვენ ვაცეცებთ, ისინი უბრალოდ ჩვენს ემოციებს აირეკლავენ. შეგიძლია უგზო-უკვლოდ იარო, საითაც გული გაგიწევს და დაკარგვის არ გეშინოდეს, რადგან ღიმილიანი იტალიელები ყოველთვის მიგასწავლიან ცენტრში დასაბრუნებელ გზას.
ყველაზე შთამბეჭდავი კუნძული ბურანო იყო, თითქოს არაფერი, ლამაზი ფერადი სახლებია, მაგრამ ისეთი ზღაპარულია იქაურობა მიჭირს ეს ემოციები გადმოგცეთ. თითქოს, საყვარელი ზღაპრის კითხვისას წარმოდგენილ გარემოში ვმოგზაურობდი. თითოეული სახლი სხვადასხვა ფერია, შობის განსაკუთრებული მოკაზმულობა კი კიდევ უფრო თვალისმომჭრელს ხდის.
თუ ვენეციაში მოხვდებით აუცილებლად ეწვიეთ სასტუმრო დანიელს, უძველეს სასტუმროს, რომელსაც საბოშაოდ ისე საოცრად რთავენ, თავი სამოთხეში გეგონებათ. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო რეალტოს ხიდი, კიდევ ერთი სასწაული, რომელიც დანახვისთანავე გხიბლავს და ულამაზეს ხედებს გთავაზობს. ვენეციაში სულ 8 დღე გავატარე და შუალედში კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილის მონახულება მოვასწარი.
ფლორენცია შედარებით პატარა და კოხტა ქალაქია, რომელიც ულამაზესი ქუჩებით, ხიდებით, შენობებითა და განსაკუთრებული ხალხით გამახსოვრებს თავს. სანტა მარია ნოველას ტაძართან აღმოვაჩინე ერთი პატარა კაფე, რომელსაც ძალიან თბილი და პოზიტიური დიასახლისი ყავდა, სახელად მარია. მარიას სახიდან ღიმილი არ შორდებოდი და ყოველთვის ვგრძნობდით მის მზრუნველობას. რაც მთავარია, ფლორენციის ისტორიებსაც ენთუზიაზმით გვიყვებოდა, ჩვენც აღფრთოვანებულები ვუსმენდით. მე-12 დღეს ისევ დავბრუნდი მილანში სადაც ლამაზი დუომოს მოედანი ვნახე და თვალისმომჭრელი სვაროვსკის ნაძვის ხე.
ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, იტალია,დაუვიწყარი მოგონებებით სავსე და ბედნიერი ემოციებით დატვირთული. მოგზაურობის მოყვარულებს გირჩევთ იტალია აუცილებლად მოინახულოთ და რაც მთავარია, სამოგზაურო დაზღვევაც არ დაივიწყოთ. პირველი მოგზაურობის წინ იმდენად ვღელავდი, ყველა შესაძლო სცენარი წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა მომხდარიყო. საბედნიეროდ, ჯიპიაის აგენტმა გულმოდგინედ დამამშვიდა და სამოგზაურო პოლისი შემომთავაზა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პოლისის დამსახურებაა ჩემი უდარდელი განწყობა და თავგადასავლით ბოლომდე ტკბობა.