ბევრი ფული რომ გქონდეს, რაში დახარჯავდი?

თუ საინტერესო ადგილების ნახვითა და უცხო ქვეყნის ქუჩებში ხეტიალით ერთხელ აინთები, ეს განცდა მუდმივად თან გაგყვება და ახალი აღმოჩენებისკენ გიბიძგებს. ჩემი პირველი მსგავსი თავგადასავალი ესპანეთში დაიწყო. მადრიდში ჩემს ოთხ მეგობართან ერთად გავემგზავრე, ოქტომბრის თვე იდგა და მივხვდი, რომ ეს თვე ბევრ მნიშვნელოვან მოგონებას შეინახავდა ჩემს მეხსიერებაში. თვითმფრინავი დილის 5 საათზე აფრინდა და ფრენის პროცესი ფანტაზიების ტყვე გახდა, რომელიც სხვადასხვაგვარ მადრიდს წარმოიდგენდა გონებაში. გადაჯდომა სტამბულის აეროპორტში მოგვიხდა და იქ მეგობრებთან ერთად სამი საათი დავყავი, რომელიც ძალიან მოუსვენრად, ეიფორიაში გავატარე. როგორც იქნა წავიკითხე მონიტორზე ჩვენი „გეითის“ ნომერი და ესპანეთისკენ მიმავალ თვითმფრინავშიც ჩავჯექით. ფანჯრიდან ულამაზესი სანახაობა იშლებოდა, ჯერ კიდევ მგზავრობის პროცესში მიყვარდებოდა იქაურობა და როდესაც ჩავედით კიდევ უფრო განმიმტკიცდა ეს გრძნობა.

ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით მივედით, გზაში ყველაფერს ვაფიქსირებდი და კადრებს ჩემს დოკუმენტურ ფილმს ვმატებდი. მადრიდში მხოლოდ 5 საათი გვქონდა, ამიტომ გეგმას უნდა მივყოლოდით. სანამ საჭმელს შევჭამდით ჩემი დაჟინებული მოთხოვნით რეინა სოფიას მუზეუმისკენ წავედით, სადაც პიკასოს ნახატების ნახვა მსურდა. 15 წუთი ფეხით სიარულის შემდეგ მუზეუმის კარს მიმდგარი დამხვდა წარწერა, რომ სამშაბათობით რეინა სოფია დაკეტილია. პირველი ფრუსტრაცია განვიცადე მთელი მოგზაურობის მანძილზე, ამის შემდეგ დასაკარგი დრო აღარ გვქონდა და პრადოს მუზეუმისკენ გავეშურეთ. სალაროსთან მისულებს 15 ევროს დაზოგვა გამოგვივიდა, რადგან როგორც სტუდენტებს უფასო ბილეთები მოგვცეს. სიტყვიერად იმ სიამოვნებისა და აღტაცების გადმოცემა შეუძლებელია, რომელიც პრადოს მუზეუმის ინტერიერმა და კიდევ უფრო მასში განლაგებულმა ნახატებმა მომანიჭეს. ბოსხი, გოია, ველასკესი - ყველა დროის უდიდესი მხატვრების ნამუშევრებს თვალს ვერ ვწყვეტდი.

ემოციებით დატვირთულმა, თანაც ამავდროულად დაღლილმა სტარბაქსის ყავის დაგემოვნება მოვინდომე და ძალიან გაგვიმართლა რომ იქვე ახლოს აღმოჩნდა. მოსაღამოვდა, აგრილდა, დიდი ჰუდის ჩაცმა აღარ იყო საკმარისი და თან წვიმა იწყებოდა, ცხელი ამერიკანო სწორედაც რომ დროული იყო იმ დროისთვის. მადრიდის ულამაზესი ქუჩები უდაოდ ინსპირაციის წყარო გახდებოდა შემოქმედი ადამიანისთვის. ის ვერ გაგაოცებთ ცათამბჯენებით და ათასი თანამედროვე ნაგებობებით, მასში უფრო მეტი ისტორიულია, ვიდრე ინოვაციური და ეს 21 საუკუნის სამყაროში აღფრთოვანებასაც კი იწვევს. პარკში აუცილებლად შეგხვდებათ საქსოფონისტი, რომელიც კლასიკური ჯაზით გაგაცილებთ მადრიდის ქუჩებში და თავს რომელიმე ძველებური ფილმის მსახიობად გაგრძნობინებთ.

ამის შემდეგ ესპანეთის პატარა ქალაქში გადავედით, სადაც არანაკლებ ლამაზი ქუჩები, ხედები და მოპირკეთებული სახლები შეგვხვდა. ესპანეთში მოგზაურობა ყოველთვის ლამაზად გასახსენებელი ოქტომბრის თვე იქნება ჩემს ცხოვრებაში, ხოლო კითხვაზე...

 - ბევრი ფული, რომ გქონდეთ რაში დახარჯავდი ?  ვუპასუხებდი:

 -ესპანეთში წავიდოდი კიდევ 10 ჯერ.

2018-12-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?