უსაფრთხოების წესები ზამთრის კურორტებზე

ზამთრის კურორტზე დასვენებას, უამრავი დადებითი მხარე აქვს: ჟანგბადით სავსე ჰაერი, ზამთრის სპორტით დაკავების საშუალება, მყუდროდ გატარებული საღამოები, გარანტირებული თოვლი, თავგადასავლები, გაჯანსაღებული სხეული და გონება. საქართველოში, არაერთი ზამთრის კურორტი გვაქვს, მათ შორის სათხილამურო. ბაკურიანი- მისი კლიმატის თავისებურობით გამოირჩევა, გუდაური- მრავალფეროვანი ფერდობებით და ყოველ წელს მოისმენთ ადამიანების სჯა-ბაასს, თუ რომელი მიმართულება სჯობს. გარდა ამისა, თანდათან სხვა ადგილებიც ვითარდება, მაგალითად, გოდერძი და ჰაწვალი. თუმცა, ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უსაფრთხოების წესები.

 

უსაფრთხოების ზომების მიღება იწყება სწორი აღჭურვილობის შერჩევით:

 

  • შესაფერისი აღჭურვილობა გადამწყვეტია დაზიანებებისგან თავიდან ასაცილებლად. მათ შორისაა: ჩაფხუტი და დამცავი სათვალე, მაჯის დამცავი- სნოუბორდის შემთხვევაში.
  • წყალგაუმტარი ტანსაცმელი მნიშვნელოვანია თქვენი კომფორტისთვის და სითბოს შესანარჩუნებლად. ტანსაცმლის შიგნიდან შეგიძლიათ ჩაიცვათ თერმული, ტანზე მომდგარი შარვალი, ზემოდან კომბინიზონი და პოლიესტერის მასალისგან დამზადებული ზედა, ბოლოს კი- სათხილამურო ქურთუკი. ტანსაცმელი მოძრაობაში არ უნდა გზღუდავდეთ. რაც შეეხება წინდებს, გაგიკვირდებათ, თბილი, ბამბის წინდა, საუკეთესო ვარიანტი არ არის. პირიქით, ის უნდა იყოს თხელი, კარგად მომჯდარი მატერია, რომელიც სუნთქავს და მარტივად შრება.
  • დარწმუნდით, რომ ბათინკი იდეალურად ერგება თქვენს ფეხს და კარგადაა მოჭერილი, თხილამურის სიგრძე შეესაბამება თქვენს სიმაღლეს თუ წონას. ასევე სასრიალო დღის დაწყებისას შეამოწმეთ აღჭურვილობა, რომ გამორიცხოთ ხარვეზი. ბათინკის მოშვებულ მდგომარეობაში ხმარება ზრდის მოტეხილობის რისკს.
  • თუ აჭურვილობის ქირაობას აპირებთ, იპოვეთ კარგი რეპუტაციის მქონე პუნქტი, სადაც ასევე გირჩევენ რა აქსესუარები დაგჭირდებათ. არ ითხოვოთ მეგობრისგან, თუ ზომებით თქვენი ასლი არ არის.

 

 

მოემზადეთ გასვლის წინ

 

  • შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი, რომ შესაბამისად ჩაიცვათ. ზედმეტად თბილი ან თხელი ტანსაცმელი, მნიშვნელოვანი დისკომფორტია დღის მანძილზე. საუკეთესო ვარიანტია, რამდენიმე შრედ ჩაიცვათ და ამინდის ცვლილებას, შესაბამისად მოერგოთ.
  • ზურჩანთაში ჩაალაგეთ სათადარიგო ხელთათმანები, წინდები, ქუდი და სხვა ნივთები, რაც შესაძლოა დასველდეს. ამ გზით გაციებასაც აირიდებთ თავიდან და სახლში მიბრუნების აუცილებლობასაც.
  • მსუბუქი ვარჯიში და გაწელვა გაახურებს კუნთებს და გაცილებით მეტ ძალას იგრძნობთ მწვერვალების დასაპყრობად.
  • გაეცანით ინფორმაციას მარშრუტების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ისეთ ბილიკზე მისვლა, რომელიც ბუნებრივი პირობების გამო დაკეტილია. გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად ტობოგანი ქარიან ამინდში არ მუშაობს, ზოგიერთი საბაგირო ძლიერ თოვლში, ესა თუ ის გზა უფრო მეტად იყინება და სახიფათოა, და ა.შ.

 

სრიალისას

 

და როცა დადგება სანატრელი მომენტი და მთიდან დაშვებას აპირებთ, გაითვალისწინეთ მომდევნო წესები:

 

  • რაც არ უნდა საკუთარ სპორტულობაში დარწმუნებული იყოთ, არ ღირს გარისკვად პირველივე ჯერზე დამოუკიდებლად სრიალი. აიყვანეთ პირადი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, ვინც თქვენს გვერდზე იქნება პირველი ‘’ნაბიჯების’’ გადადგიმას, და აგიხსნით ძირითად პრინციპებს. ამ გზით არა მხოლოდ თქვენ, არამედ გარშემომყოფებიც უსაფრთხოდ იქნებიან.
  • სანამ კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდებით, არ ისრიალოთ მარტო, გყავდეთ თან მეგობარი, რომელიც რთულ მონაკვეთზე დაგეხმარებათ, ან თუნდაც მოგიკითხავთ თუ ჩამორჩით.
  • უფრთხილდით ხეებს გარშემო და მოყინულ მონაკვეთებს, გახსოვდეთ, რომ ყინულზე მკვეთრი დამუხრუჭება სახიფათოა.
  • ისწავლეთ წაქცევის ტექნიკა! რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, როდესაც ხვდებით რომ წაქცევა გარდაუვალია, ჯობს ტექნიკურად თავად, გვერდულად დაეცეთ და აირიდოთ სერიოზული დაზიანებები.
  • თუ ათლეტი არ ხართ, ყურსასმენებით სრიალს არ გირჩევთ. იყავით მობილიზებული და აუცილებელია გარშემო ხმები გესმოდეთ, შესაძლოა ვინმე გზის დათმობას გთხოვდეთ.
  • სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. არ ცადოთ ისეთი ფერდობიდან დაშვება, რომელიც თქვენს ამჟამინდელ უნარებს აღემატება.
  • არ გადაუხვიოთ გაუკვალავ გზაზე.
  • დაემორჩილეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, მათ არსებობას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მიზანი აქვს.
  • იქონიეთ დატენილი მოწყობილობა, მობილური ტელეფონი, რისი მეშვეობითაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში კომუნიკაციის დამყარებას შეძლებთ.
  • დიდხანს არ შეჩერდეთ და დააყოვნოთ იმ მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა მინიმალურია, შესაძლოა მოსრიალემ ვერ შეგამჩნიოთ.
  • შეისვენეთ, როდესაც ამას სხეული გთხოვთ.

მშვიდობიან დასვენებას გისურვებთ!

 

2019-11-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?