კიბერ თავდასხმების რიცხვი იმის პარალელურად იზრდება, რამდენადაც ადამიანები დღითიდღე დამოკიდებული ვხდებით ტექნოლოგიებზე. ცხოვრების უდიდესმა ნაწილმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა: ვაკეთებთ შენაძენს, მოვიკითხავთ მეგობრებს, ვეცნობით სიახლეებს, ვმუშაობთ, ვანთავსებთ ჩვენს განვლილ დღეს. ამ ინფორმაციის შეკრებით კი, ჩვენი, როგორც პიროვნების დეტალური ანალიზია შესაძლებელი. უამრავი კომპანია მზადაა სწორედ ამ ინფორმაციის გამოსასყიდად საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს. ამ და სხვა მოტივით, კიბერ თავდასხმების რიცხვი დღითიდღე მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჯადოსნური ღილაკი არ არსებობს თავდასაცავად, გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად გზას:
პერსონალური ინფორმაცია
სხვადასხვა აპლიკაციის თუ სერვისის გამოყენებისას, საკუთარ თავზე გაუაზრებლად უზარმაზარ ინფორმაციას გავსცემთ. შეიძლება გაოცდეთ, როცა გაიაზრებთ თუნდაც პოტენციურმა დამსაქმებელმა რამდენი რამ იცის თქვენს შესახებ, იქნება ეს მისამართი, პირადი ურთიერთობები, შაბათ-კვირას გატარებული ღამეები, ინტერესები და ა.შ. ამ ყველაფერს რა საკვირველია ჩვენი სოციალურ ქსელში აქტივობა უწყობს ხელს, იმდენად, რომ ჩვენი ფსიქოტიპიც კი ცხადია დაინტერესებული ადამიანისთვის. გარდა ადამიანებისა, ბოტები კიდევ უფრო ხარბად აგროვებენ ჩვენზე ინფორმაციას, რათა მიყიდონ კომპანიებს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც გავხდებით და ჩვენზე სხვადასხვა მანიპულაციებს მოახდენენ, თუნდაც თავიანთი პროდუქტის თავზე მოხვევით.
ამიტომ, ვიდრე შეავსებდეთ ერთი შეხედვით სახალისო კითხვარს, ან სოციალურ ქსელში ‘’ჩემ შესახებ’’ ველის თითოეულ გრაფაში მიუთითებთ პირად ინფორმაციას, დაფიქრდით, გადასცემდით ამ მონაცემებს სრულიად უცხოს, პირადად? - ონლაინ კი, ამას მილიონობით ადამიანს და ბოტს ვუზიარებთ.
ინკოგნიტო ფანჯარა
მარკეტერებს ჩვენზე ყველაფრის ცოდნა სურთ, ასევე ჰაკერებს. ჩვენზე უამრავი რამის გაგება შეიძლება, იმის მიხედვით თუ რა ვებსაიტს ვსტუმრობთ, რისთვის ვიყენებთ სოციალურ ქსელებს, რას ვყიდულობთ, რა საძიებო სიტყვებს ვიყენებთ, ვმოგზაურობთ თუ არა, ვართ თუ არა მშობელი, ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მივდევთ… ეს სია უსასრულოა, რადგან დღესდღეობით, უმარტივესი დავალების შესასრულებადაც კი ინტერნეტს ვიყენებთ. ასე რომ, განიხილეთ კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა, როგორც ბრაუზერზე, ასევე მობილურ ტელეფონზე. ამისათვის არსებობს აპლიკაციებიც, მაგრამ ყველაზე მარტივი გზა, ინკოგნიტო ფანჯრის გამოყენებაა. მისი დადებითი მხარეებია:
- ავტომატურად არ იმახსოვრებს თქვენს პაროლს ან საკრედიტო ინფორმაციას;
- ბრაუზერში არ რჩება ისტორია თუ რა ვებსაიტებს ესტუმრეთ;
- თუ მაგალითად თვითმფრინავის ბილეთის შეძენას გეგმავთ, მეორე დღეს არ აღმოაჩენთ, რომ მისი ფასი გაძვირდა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ბრაუზერი თქვენს ქცევას არ იმახსოვრებს;
თაღლითების ცნობა
ნიგერიის პრინცს, ჩვენი საკრედიტო ინფორმაცია რომ არ უნდა გადავცეთ, ამის შესახებ არაერთი ხუმრობაა. ალბათ გახსოვთ, მსგავსი შინაარსის ელექტრონული წერილები, ჩვენი მოგვარე სადღაც, შორს, რომელიღაც ქვეყანაში მთელ ქონებას ჩვენ გვიტოვებს, რადგან სხვა არავინ გააჩნია, ამ პროცედურის მოსაგვარებლად კი მხოლოდ 200 დოლარია საჭირო. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ვინც ოპტიმისტურად განეწყო და არც გადახდილი თანხა და არც სამართალი აღარ უნახავს. თაღლითებისგან დაზღვეული ბოლომდე არავინ ვართ, რადგან ტექნიკას და მეთოდებს ისინი ყოველდღიურად ხვეწენ. თუმცა ეს არის უპირობო გზები:
- არასდროს გადახვიდეთ ელ.ფოსტაზე მოსულ ბმულზე, თუ ის უცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, რა სერვისს, ბილეთს კანარის კუნძულებზე, თუ გაურკვეველ ვითარებაში მოგებული თანხის გამოტანას გთავაზობენ. ეს ინფორმაციის გამოძალვის ერთ-ერთი გავრცელებული გზაა.
- მით უფრო არასდროს გახსნათ ან გადმოწეროთ უცნობი ადრესატისგან გამოგზავნილი მიმაგრებული ფაილი.
- ასევე ფრთხილად იყავით საეჭვო აპლიკაციებთან, დააკვირდით რას წერს მომხმარებელი, რა რეპუტაცია აქვს კომპანიას. ერთი შეხედვით, უწყინარი ნაბიჯების მთვლელი აპლიკაცია, შესაძლოა თქვენს ტრაქტორიაზე ინფორმაციას საკმაოდ ძვირად ყიდდეს.
- არასდროს გასცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია ტელეფონზე საუბრისას ან ელ.ფოსტაზე, მით უფრო საბროკერო კომპანიის აგენტთან.
მეტი უსაფრთხოება
ქვემოთ მოცემული 5 ოქროს წესი გადამწყვეტია უსაფრთხოებისთვის:
- ძლიერი პაროლი! - რომელსაც არავის გაუზიარებთ და არ გამოხატავს თქვენს რომელიმე მოგონებას, საყვარელ მუსიკალურ ჯგუფს ან სხვა დამახასიათებელ შტრიხს. პაროლი უნდა შეიცავდეს, როგორც დიდ, ასევე პატარა ასოებს, ციფრებს და სიმბოლოს. რეკომენდირებულია მისი პერიოდულად განახლებაც.
- ასევე პერიოდულად განაახლეთ ბრაუზერი, საოპერაციო სისტემა, ანტი-ვირუსი და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.
- გამოიყენეთ VPN (ვირტუალური პირადი ქსელი) საჯარო wi-fi-სთან დაკავშირებისას, რადგან ეს ინფორმაციის მოგროვების მარტივი გზაა. VPN-ის არაერთი აპლიკაცია არსებობს და ხშირ შემთხვევაში უფასოა.
- დააკვირდით URL-ს ონლაინ-შეძენის გაკეთებისას. თუ მხოლოდ http://-ს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის დაცული. ბმული უნდა იწყებოდეს https://- სადაც, ეს დამატებითი s, secure-ს, ანუ დაცულს აღნიშნავს.
- ხშირად განაახლეთ ანტივირუსის პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში ბევრ სიურპრიზს აგაცილებთ თავიდან.