ონლაინ შოპინგი არაჩვეულებრივი გზაა შეადარო ფასები, იპოვო სარფიანი შეთავაზებები და მიიღო ფატობრივად ნებისმიერი სახის პროდუქტი, რასაც ფანტაზია გაწვდება. ამ დროს ვზოგავთ ფულს, ერთი მაღაზიიდან მეორეში გადასვლის დროს, მაგრამ რაც უფრო იზრდება მისი პოპულარობა, მით უფრო დიდია რისკი გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რისი დაცვის შემთხვევაშიც უსაფრთხოდ გააკეთებთ შენაძენს და კმაყოფილიც დარჩებით. პირველ რიგში გამოვყოფთ თუ რა რისკები შეიძლება ახლდეს თან:
რისკები
- საბანკო ბარათის დეტალების მოპარვა;
- ვერ მიიღოთ შეკვეთა;
- დაბალი ხარისხი, რისი იდენტიფიცირებაც სურათზე ვერ მოხდა;
- შეუსაბამო ზომა, ფორმა, ა.შ.
გთავაზობთ უსაფრთხოების გზებს რისკებისგან თავის დასაზღვევად:
გამოიძიეთ პლატფორმა
დღესდღეობით ონლაინ გამოწერების ათასობით ვებსაიტი არსებობს, რომელთა უმეტესობაც სანდოა, თუმცა აქაც არსებობენ თაღლითები. თუ პირველად იყენებთ ვებსაიტს, გირჩევთ TrustPilot-ის სისტემაში მოიძიოთ მკვეთრად უარყოფითი უკურეაქცია ხომ არ აქვს მომხმარებლისგან. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილო კლიენტი ნებისმიერ სერვისს თუ პროდუქტს ეყოლება, მაგრამ საუბარია უფრო სერიოზულ დარღვევაზე, როგორიცაა მონაცემების მოპარვა, ან სულაც პროდუქტი არ იქნა მიწოდებული. ასევე დააკვირდით ბმულის დასაწყისში ეწეროს https:// სადაც სიმბოლო S- დაცულობას აღნიშნავს.
გამოიძიეთ მოვაჭრე
დარწმუნდით, რომ კომპანია კანონიერია და საეჭვო რეპუტაცია არ აქვს. ამის ერთ-ერთი უმარტივესი გზა, მომხმარებლის მიმოხილვების წაკითხვაა. ასევე შეამოწმეთ, აქვთ თუ არა ვებსაიტი. გარდა ამისა, საძიებო სისტემაში კომპანიის სახელით ძებნისასაც მარტივად ნახავთ უარყოფით შეფასებას მისი არსებობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, აქვთ თუ არა საკონტაქტო ელ.ფოსტა ან ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომი.
უსაფრთხო კავშირი ინტერნეტთან
დარწმუნდით, რომ გადახდისას უსაფრთხო ინტერნეტთან ხართ დაკავშირებული. არ გამოიყენოთ ღია, საჯარო wi-fi კაფესა თუ ქუჩაში. ხშირად ეს ქცევა, ინფორმაციის მოპარვის რისკს შეიცავს, რადგან მარტივად ხელმისაწვდომია თაღლითებისთვის. ჯობს, საკუთარი სახლის/ოფისის ინტერნეტით ისარგებლოდ, ან თუნდაც მობილურის ნომრით შეძენილი ინტერნეტ-პაკეტით.
უსაფრთხო გადახდა
საუკეთესო ვარიანტია, გამოიყენოთ საკრედიტო ბარათი ან PayPal-ის ანგარიში. თავიდან აირიდეთ სადებეტო ბარათის გამოყენება, რადგან მისი უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული და რაიმე პრობლემის შექმნის შემთხვევაში მიმდინარე ბალანსიდან ჩამოგეჭრებათ თანხა. ასევე კარგი იდეაა, გააქტიუროთ დამატებითი ავტორიზების გზები გარკვეული თანხის ლიმიტზე. მაგალითად, 50 ლარზე მეტის შეძენის შემთხვევაში, სასურველია მოგთხოვოთ მობილურის ნომერზე მოსული კოდის შეყვანა. გარდა ამისა, თუ ონლაინ გამოწერების აქტიური მომხმარებელი ხართ, მეტი თავდაჯერებულობისთვის, ცალკე ბარათიც შეგიძლიათ იქონიოთ, რასაც მხოლოდ ონლაინ ტრანზაქციებისთვის გამოიყენებთ და საეჭვო ქმედების შემთხვევაში მომენტალურად დახურავთ.
საეჭვოდ კარგი შეთავაზება
ალბათ შეგხვედრიათ ზედმეტად მიმზიდველი და ამავდროულად იაფი შეთავაზება, რაც უმეტეს შემთხვევაში ნამდვილად დამაეჭვებელია. თუ ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, პროდუქტის ხარისხთან შედარებით, ჩნდება ლოგიკური კითხვები:
- ლეგალურად აქვს თუ არა პროდუქტი გამყიდველს მოპოვებული?
- ხარისხი იმდენად დაბალი ხომ არ არის, რომ ერთი სულის შებერვით ან დაჟინებული მზერით გაფუჭდეს?
- რაიმე დამალული საკომისიო ხომ არ არის გადასახდელი?
- ნამდვილად მიიღებთ ნივთს?
- თქვენი ინფორმაციის მოპოვებით ხომ არ გამოიმუშავებენ თანხას?
- უკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებთ თუ არა მის უკან დაბრუნებას?
ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ იმდენად იდეალური შემოთავაზებაა, რთულია რეალობას შეესაბამებოდეს, ალბათ ასეც არის. რა თქმა უნდა ეს წესი არ ეხება განსაკუთრებულ ფასდაკლების დღეებს, როგორიც მაგალითად შავი პარასკევია.
სხვა წესები
გარდა ზემოთ მოცემულისა:
- შექმენით ძლიერი პაროლი ვებსაიტზე შესასვლელად
- დაუკვირდით აღწერილობას, რადგან დეტალებში შეიძლებოდეს იმალებოდეს თქვენთვის არასასურველი რამ
- არ გასცეთ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე შეძენისთვისაა საჭირო, მაგალითად დამატებით გამოკითხვებში მონაწილეობა და ა.შ.
- გადაამოწმეთ დაბრუნების წესები, დარწმუნდით, რომ დასაბუთებული უკმაყოფილების შემთხვევაში, ნივთს უკან დაიბრუნებენ
- ასევე გაეცანით ტრანსპორტირების წესებს და ვადებს
ამ ძირითადი წესების გათვალისწინებით პროცესი გაცილებით სასიამოვნო იქნება და შედეგად მიიღებთ იმას, რაც შეუკვეთეთ.