რას დააზღვევდნენ ფილმის გმირები

ფილმის, მით უფრო ანიმაციური ან ბლოკბასტერის ჟანრის ყურებისას, ხშირად გვრჩება შეგრძნება, რომ ესა თუ ის დეტალი რეალობას არ შეესაბამება, რომ შეუძლებელია ერთი სახურავიდან, მეორეზე თავისუფლად გადაფრინდე, ხანძრიდან სრულიად უვნებელი, ლამაზი ვარცხნილობით გამოძვრე, ან უზარმაზარი შუშა თავზე დაგემსხვრას და საღამოს ისე წახვიდე სასეირნოდ, ვითომ ერთი ჩვეულებრივი დღე ყოფილიყოს. სასიამოვნოა რეალობას მოწყდე, ვიზუალური სიამოვნება მიიღო  და ქმედების მიღმა დაინახო ფილმის არსი, თუმცა გამოგონილი პერსონაჟები, რომ ჩვენს სამყაროში ცხოვრობდნენ, ამა თუ იმ ტიპის დაზღვევა აუცილებლად დასჭირდებოდათ. სიაში ნახავთ რამოდენიმე მათგანს:

 

ყველაზე მაგრები (Incredibles) - საოჯახო დაზღვევა

                                                                                                                          

ფილმის მთავარი გმირს, ბობ პარს დაზღვევის შესახებ ნამდვილად სმენია. ის უარს ამბობს კრიმინალებთან ბრძოლაზე და მღელვარე თავგადასავლებზე, მის ოჯახთან ერთად მშვიდად იწყებს ცხოვრებას და სადაზღვევო ზარალის შემფასებლად მუშაობს. რთულია სუპერგმირისთვის მსგავსი ურბანული ცხოვრების სტილი, და მაშინ, როდესაც ბობი საიდუმლო დავალებას მიიღებს, ის კვლავ ირგებს თავის გმირულ სამოსს. თანდათან ოჯახის ყველა წევრი გამოავლენს სუპერგმირის თვისებებს და სრული შემადგენლობით იწყებენ სამყაროს უსაფრთხოებისთვის ბრძოლას. აქვე არ უნდა დაავიწყდეთ საკუთარი უსაფრთხოება და მაშინ როდესაც, ერთ-ერთი მათგანი უგზოუკვლოდ ქრება და სხვადასხვა ძალებს ეთამაშება, ერთი ელვის სისწრაფით დარბის და მეორე მთელი სხეულით იწელება, ურიგო არ იქნებოდა ისეთი სადაზღვევო პოლისი შეეძინათ, რომელიც მთელი ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოიცავს, თუნდაც მათ სუპეროჯახი ერქვათ.

 

 

სამეფო კარის თამაშები (Game of Thrones) - ხანძრის დაზღვევა

 

დრაკონების დედის, დაენერის ტარგარიენის ქმედებამ გადაეწვა მთელი ქალაქი, არა მხოლოდ მაყურებლისთვის იყო შოკისმომგვრელი, არამედ სამეფო ტახტზე მჯდომი სერსეისთვისაც. დაენერისის პერსონაჟის ისტორია საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა, თუმცა ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე, ის თითქოს ერთმა პატარა დეტალმა თვალის დახამხამებაში მიიყვანა, რამაც ათწლეულების მანძილზე ნაშენები ქალაქი უკანასკნელ შენობამდე გადაბუგა. ამიტომ, იმ სამყაროში, სადაც დრაკონები არსებობენ, ალბათ ხანძრის დაზღვევა ყველაზე ლოგიკურია.

 

 

მაღლა (Up) - უძრავი ქონების დაზღვევა

სახლი, რომელიც ბუშტებზე მობმული დაფრინავს, უფრო მეტ ყურადღებას და მოვლას საჭიროებს, ვიდრე სტანდარტული საძირკველით. ანიმაციურ ფილმში, 78 წლის მოხუცი კარლი ოცნებას ისრულებს და მსოფლიოს გარშემო, 8 წლის რასელთან ერთად იწყებს მოგზაურობას, არც მეტი არც ნაკლები მფრინავი სახლით. არც ისე უსაფრთხო ნაბიჯია, იალქნებად ფარდები გამოიყენო და ასე მოიარო სამყარო, იფრინო ჩანჩქერის თავზე, ჭექაქუხილში თუ დარიან ამინდში, გადაურჩე გიგანტურ ფრინველებს და ეცადო გაასწრო მფრინავ ხომალდს, ამიტომ სულ ცოტა მსგავსი ქცევა, ქონების დაზღვევას იმსახურებს.

 

 

უოლ-სტრიტის მგელი (Wolf of Wall Street) - ბიზნესის დაზღვევა

 

მარტინ სკორეზეს ბიოგრაფიული ფილმი, დაფუძნებულია რეალურ პიროვნებაზე, ჯორდან ბელფორტის ამავე სახელწოდების მემუარებზე. მან ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია დააარსა და სხვადასხვა ფინანსური მაქინაციებით იყო დაკავებული. ვვაურაუდობთ, რომ ადამიანს, რომელიც უოლ-სტრიტის მგელის სახელით იყო ცნობილი, ბიზნესის დაზღვევაზე აუცილებლად იზრუნებდა, რადგან მის საქმიანობაში მხოლოდ შარმი და დარწმუნების უნარი ვერ დაიცავს საქმიანობას შეფერხებისგან, ბიზნესს კი- გაკოტრებისგან. ბიზნესის დაზღვევაში მოიაზრება საწარმოს დაზღვევა, თავად ქონების, შიგთავსის, დანადგარების და ა.შ. მის შემთხვევაში უფრო აუცილებელია, ბიზნესის შეფერხების დაზღვევა, რადგან მოსალოდნელია ერთმა შეცდომით გადადგულმა ნაბიჯმაც კი გააკოტროს კომპანია.

 

 

 

ფორსაჟი (Fast & Furious) - ავტომობილის დაზღვევა

 

წარმოგიდგენიათ ლოს-ანჟელესის ქუჩის მრბოლელის ცხოვრება ავტომობილის დაზღვევის გარეშე? ფორსაჟის მთავარ პესონაჟს დომენიკს, საეჭვო რეპუტაცია აქვს, რამოდენიმე ძარცვის განხორციელებაშია ეჭვმიტანილი, ამავდროულად ორმაგ ცხოვრებას ეწევა, დღის მანძილზე ავტომობილის შეკეთებითაა დაკავებული, ღამე კი არალეგალურ ქუჩის რბოლაშია ჩართული. ეს მხოლოდ 9 ნაწილისგან შემდგარი ფილმების სერიის დასაწყისია. მას შემდეგ პერსონაჟის ავტომობილი ყველანაირ შემთხვევას გამოცდის: ავტოავარიას, აფეთქებას, ვანდალიზმს, საგნის დაცემას თუ სტიქიურ მოვლენებს.

                                                                                                  

 

ოუშენის 8 მეგობარი (Ocean’s 8) - ქონების დაზღვევა

 

დაფნას პერსონაჟმა ოუშენის 8 მეგობარიდან, ქონების დაზღვევაზე უპირობოდ უნდა იფიქროს, მაშინ, როდესაც გალა ღონისძიებას ძვირადღირებული სამკაულით დამშვენებული ესწრება და ქალთა ჯგუფს 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულის მოპარვა აქვს განზრახული, მით უფრო თუ ეს დები ოუშენები არიან და ამ შურისძიებას თითქმის 6 წელი გეგმავდნენ.

2019-11-21
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?