ამასწინათ, გადავწყვიტე ჩემი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და აღარ დამენანოს ფული ჩემი სიამოვნებისთვის
ეს მასაჟია!
- ყველა ქვეყანაში
- ყველა რეგიონში
- ყველანაირი მასაჟი გამიკეთებია
უფრო მეტიც, სახლის ქვემოთ ჩინური მასაჟის სახლი მქონდა
და მხოლოდ 2 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში საროსკიპოს თავზე ვცხოვრობ...
ცოტა გავცდით თემას, დავბრუნდეთ :)
მოკლედ, მასაჟის სპეციალისტმა, თუ მასაჟისტმა, როგორც ჰქვია - ზურგის დამუშავებისას შენიშნა, რომ ხერხემალზე მთლად კარგი რამ არ ხდება.
არ გამკვირვებია, ბავშვობიდან მოხრილი დავდივარ. კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი, თან დიდი სხვაობით, ჰოდა იმან, რაც იდეაში კარგ რამეს ითვლება - მე დამაკოპლექსა
მერე იყო მრავალწლიანი საოფისე სამუშაო.
ჰოდა, ამესახა კიდეც ხერხემალზე.
საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი (ოღონდ არ მკითხოთ, რამდენად ზუსტია ეს სტატისტიკა) საოფისე საქმითაა დაკავებული, მათი დიდი ნაწილი, საკმაოდ ბევრი საათის განმავლობაში ზის.
პოზის სწორად შენარჩუნებაც რთულია, ჰოდა ადამიანების დიდ ნაწილს სქოლიოზი, ან ხერხემლის რამე სხვა ფორმით გამრუდება აწუხებს.
ხერხემლის ტკივილიც - პრობლემაა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.
ექიმები გვირჩევენ: ჯანმრთელი ცხოვრების წესს, სიმძიმეების აწევის შეზღუდვას, ცურვას და მსუბუქ ვარჯიშს, მასაჟს და ხერხემლისთვის სერიოზული ყურადღების მიქცევას.
ცოტა რომ აგაღელვოთ და შოკური თერაპიის მეშვეობით გაიძულოთ ჯანმრთელობა, გეტყვით, რომ შრომისუნარიანობის დაკარგვის მაჩვენებლით საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და რესპირატორული დაავადებების შემდეგ. ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ძვლისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს წარმოადგენს...
ხერხემლისთვის აუცილებელია სწორი ვარჯიში, გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას
- ვარჯიში საჭიროა კვირაში 2-3-ჯერ
- ხანგრძლივობა 30 წუთი
- ძილის წინ არ ივარჯიშოთ
- სწორად ისუნთქეთ
- ტანის ან ფეხების აწევა ამოსუნთქვას დაამთხვიეთ
- ვარჯიშიც დაწყებამდე და მას შემდეგაც ოთახი კარგად გაანიავეთ
დადექით მარჯვენა მუხლზე და რაც შეიძლება გაიწელეთ, თითქოს შპაკატში ჯდებით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი და გაიმეორეთ ეს ვარჯიში 2-ჯერ ფეხების მონაცვლეობით, სასურველია ყოველდღე გაიმეოროთ მსგავსი ტიპის მსუბუქი და მარტივი ვარჯიშები, რომელიც შეგიძლიათ ოფისშიც გააკეთოთ შესვენების დროს.
ასევე, საინტერესოა სად უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს ხერხემლის პრობლემები. ექიმები ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან:
დაზიანების სიხშირით პირველ ადგილზეა წელის მალები, რადგან ყველაზე დიდი დატვირთვა ამ მიდამოზე მოდის, თანაც იგი მოძრავია, ამასთან, დისკოები დიდია და ამიტომ მათი დაზიანების შანსიც მეტია.
მეორე ადგილს კისრის მალების ოსტეოქონდროზი იკავებს. ყველაზე იშვიათად ვითარდება პროცესი გულმკერდის მალებში, ვინაიდან ისინი ფიქსირებულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით, ამიტომ ამ სეგმენტში ტკივილები ყოველთვის ნაკლებია.
ჰოდა, გავუფრთხილდეთ ხერხემალსაც და ამ გახსენებაზე, ჯანმრთელობის დაზღევა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და გამოვიყენოთ.