ნაძვის ხე მორთულია, შამპანური მაცივარშია, სადღესასწაულო განათებები ჩართულია, წვეულების აქსესუარებიც შერჩეულია, მაგრამ რჩება ყველაზე მთავარი - საახალწლო სუფრა. საქართველოში სადღესასწაულოდ საკმაოდ მრავალფეროვანი და გამორჩეული კერძები გვაქვს, გავიხსენოთ, რა არ უნდა გამოგვრჩეს, თუმცა ასევე შემოგთავაზებთ იდეებს სხვადასხვა ქვეყნის მაგიდებიდან, რომელიც შეგიძლიათ შემატოთ თქვენს სუფრას, იმის მიხედვით თუ გასამზადებლად რამდენი დროისა და ენერგიის დათმობას აპირებთ, ან რა რაოდენობის სტუმარს ელოდებით:
საქართველო
პირველ რიგში დავრწმუნდეთ, რომ ქართული საახალწლო სუფრის აუცილებელი კომპონენტები მზად გვაქვს:
საცივი - ერთ-ერთი წამყვანი კერძის მთავარი შემადგებელი ელემენტი ნიგოზი და ქათმის (ან ინდაურის) ხორცია. აქვე საიდუმლოსაც გაგიმხელთ, მნიშვნელოვანია, რომ ფრინველის ხორცი ჯერ მოიხარშოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიწვას ღუმელში, ნიგოზი კი თეთრი და ცხიმიანი უნდა იყოს. სანამ სტუმრებს გაუმასპინძლდებით ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებულმა საცივმა, მაცივარში 4-5 საათი უნდა დაჰყოს.
გოზინაყი- შეუცვლელ ტკბილეულს,გარდა ჯანსაღი ინგრედიენტებისა, სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია. ძველ დროში ჩურჩხელას მეომრებს ბრძოლაში ატანდნენ, ხოლო დაბრუნებულებს გოზინაყს ახვედრებდნენ, რაც მათ აძლიერებდათ. დღეს ის, ყველა ოჯახში სხვადასხვა ფერით და ფორმით შეგხვდებათ. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ხარისხიანი თაფლი გადამწყვეტ როლს თამაშობს მის გემოვნებაში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს წაბლის.
შემწვარი გოჭი - შემწვარ გოჭს ასევე სხვადასხვა ფორმით შეხვდებით, პირში ბოლოკით თუ უბოლოკოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ის ბევრ ცხიმს შეიცავს, სასურველია ტაფის მაგივრად ღუმელში შევწვათ, ასე გაცილებით ჯანსაღია. ასევე ხშირად უმატებენ აჯიკასაც, მეტი სიცხარისთვის. როგორც ამბობენ, გოჭი სუფრაზე იღბლის მომტანია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კერძებისა, სია ამგვარად გრძელდება: ხაჭაპური, ღომი, ფხალეული, ნიგვზიანი ბადრიჯანი, აფხაზურა, ფელამუში, ხაჭაპური, ვინეგრეტის სალათა, და ა.შ.
ფინეთი
სანტა კლაუსის სამშობლო ფინეთია, კერძოდ ლაპლანდიის მიდამოები, სადაც საშობაოდ ვარსკვლავის ფორმის ღვეზელებს მიირთმევენ, სახელად იოულუტორტუ(Joulutorttu). ტკბილ ქიშმიშიანი ღვეზელს სხვადასხვა ხილის ჯემით ავსებენ, გარე ზედაპირს კი, პუდრით რთავენ. პირველ რიგში, ცომის მომცრო ნაჭერი დიაგონალზე ოთხ ნაწილად უნდა დაჰყოთ, შემდეგ ერთი კოვზი შუაგულში მოათავსოთ და ოთხქიმიანი ვარსკვლავის ფორმის მსგავსად გადაახვიოთ. გარდა ამისა ფინურ საახაწლო სუფრაზე იხილავთ:
- ორაგულს და ქაშაყს - რომელიც მსოფლიოში ყველაზე წყალუხვ ქვეყანაში, ბარაქას გამოხატავს;
- ბრინჯის პუდინგს- რძისგან და ბრინჯისგან დამზადებული ფაფა;
- ღუმელში შემწვარ ლორს- რომლის მომზადებასაც საათობით ელიან, შემდეგ კი მდოგვში და ჭვავის ფქვილში ავლებენ.
- ჭარხლის სალათს- კუბებად დაჭრილი სალათი გარნირად, სტაფილოთი, ხახვით და სხვა სასარგებლო ბოსტნეულით.
გერმანია
გერმანია ნაძვის ხის სამშობლოდ ითვლება, სადაც საშობაო სეზონზე ჩასვლისთანავე ჯანჯაფილის პური (Lebkuchen) და ასევე კოჭას ბისკვიტები უნდა დააგემოვნოთ. საშობაო სიმყუდროვის განუყოფელი ნაწილი ბავარიული ცომის გუფთებია (Semmelknödel). ზეითუნის ზეთი, ყვითელი ხახვი, რძე, ფქვილი, გახეხილი ოხრახუში, მუსკატის კაკალი და ფარში- ის ინგრედიენტებია, რითიც ტრადიციული ბურთულები მზადდება.
გარდა კერძებისა, გერმანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში, ქალაქები დარიჩინის სუნით ივსება, რასაც გლუვაინის დასამზადებლად იყენებენ, ეს არის ღვინო, დამატებული შაქრით, ესენციით და შემდეგ შეცხელებული. ცხელი ღვინით გაგიმასპინძლდებიან, როგორც ოჯახში, ასევე საშობაო ბაზრობებზე.
იტალია
იტალიური საშობაო სუფრა სხვა ქვეყნებისგან განსხვავები შედარებით მსუბუქია და ნაკლებ ხორცეულს შეიცავთ. თუმცა აქ შეხვდებით ზღვის პროდუქტის ნაირსახეობებს და რა თქმა უნდა ტკბილეულს.
მაკარონი ბულიონში ის კერძია, რომელსაც ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე მოყოლებული ყველა ოჯახში შეხვდებით. ცხელი კერძი არაერთი სახით არის მოწოდებული, მათ შორისაა, როგორც კლასიკური ტორელინი, ასევე ატრია, სპაგეტის მსგავსი გრძელი პასტა, რომელიც სხვათა შორის ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოა.
გარდა ჩვენს მიერ ნახსენები კერძებისა, საშობაო არდადეგები საუკეთესო პერიოდია სხვადასხვა ექსპერიმენტისთვის, და თქვენი საფირმო კერძის გამოსაგონებლად.