ავტოსტოპი - რისკი თუ მარტივი გამოსავალი?

 

თემას დამაინტრიგებლად ვიწყებ, მაგრამ პასუხი კიდევ უფრო უცნაურია:

არცერთი!

ეს როგორ?

დიახ, როცა ფულიც გაქვს და არც რამე დიდი რისკი არსებობს, მაგრამ მაინც აქტიურად იყენებ...

რატომ და რანაირად, ამას ბლოგში გაგაცნობთ.

ერთი, მოკლე ისტორიით დავიწყებ:

ორი წლის წინ, როცა რაღაცნაირად, საკმაოდ ბევრი, „ლაქშერი“ ლოკაცია დამიგროვდა და ფოტოების გამოქვეყნებაც აქტიურად დავიწყე, ხალხის მხრიდან საკმაოდ დიდი ნეგატივი მოჰყვა:

  • ხან მალდივებზე ხარ, ხან სეიშელებზე და ხან ჯანდაბაში, ხალხი კიდევ შიმშილობს
  • ბევრი ფული გაქვს და ხალხს ახარბებ
  • საზოგადოებას გულს უხეთქავ, ეგრე ფული რომ გვქონდეს ჩვენც გავერთობოდით

მე კიდევ, მეგონა მოტივაციას ვაძლევდი.

ასე და ამგვარად, დავისახე მიზნად, დამემტკიცებინა, რომ ბედნიერება უფულოდაც შეიძლება! ვიპოვე ფეისბუქით ერთი ბიჭი, ჩავიდე საფულეში 20 ლარი და გავუდექით გზას.

ეს ჩემი პირველი სტოპი იყო.

შედეგად: ოთხ დღეში მოვიარეთ ქუთაისი, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, დავრჩით ადგილობრივებთან, ვიარეთ სულ ავტო სტოპებით, გავიცანით უამრავი, ძალიან მაგარი ადამიანი და საოცარი ემოციებით დატვირთულები დავბრუნდით!

ჩემი მხრივ, დავამტკიცე, რომ უფულოდ ბედნიერება არამხოლოდ არსებობს, არამედ საოცარი თავგადასავლებია შესაძლებელი, მას შემდეგ, ორი წელია - აქტიური „სტოპერი“ ვარ, მანქანას კარფურთან ვტოვებ ხოლმე, დავდგები ტრასაზე და წავიდა!

რისკებთან და ზოგადად, ავტო სტოპთან დაკავშირებით, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

  1. ეცადეთ დადგეთ მოსახვევიდან მოშორებით - მანქანას დრო სჭირდება, რომ დაგინახოთ, აღგიქვათ და გადაწყვიტოს, გაგიჩეროთ თუ არა
  2. ფერადად ჩაიცვით - პოტენციური მძღოლი, რომელმაც უნდა გაგიჩეროთ, საინტერესო თანამოსაუბრედ განგიხილავთ, შესაბამისად, ამის შესაფასებლად მას მხოლოდ თქვენი ჩაცმულობა და სახის მიმიკა აქვს
  3. იყავით მომღიმარი - მეორე პუნქტის მსგავსი მიზეზით, პოზიტიურ და საყვარელ ადამიანებს, მალე ჩაჯდომის ბევრად მეტი შანსი გვაქვს
  4. დადექით ისეთ ადგილას, სადაც ასევე იქნება ადგილი, მანქანის გასაჩერებელი - ანუ, არ დადგეთ ხიდებზე, ავტობანზე, გზაზე, სადაც ქუჩაში უწევთ გაჩერება და უკან მომავალი მანქანები აიკლებენ სიგნალებით, ა.შ.
  5. ნუ დაიღამებთ - სიბნელეში გარჩევადობა დაბალია, გარდა ამისა, ადამიანებს უფრო მეტად ეშინიათ, ამიტომ - რისკი ძალიან მაღალია
  6. შეაფასეთ მძღოლი სახეზე - დიახ, გაჩერებული მანქანისთვისაც გაქვთ უარის თქმის შესაძლებლობა და ხათრი არაფერ შუაშია. თუ მძღოლი არ მოგწონთ, რამე საეჭვოა, ან მანქანა სუფთა არ არის, ა.შ. - ჰკითხეთ სად მიდის, პასუხის შემდეგ კი - დაასახელეთ სრულიად საპირისპირო მიმართულება, მადლობა გადაუხადეთ და გზა განაგრძეთ

გოგონების შემთხვევაში, რისკი ოდნავ მაღალია, ისიც მხოლოდ იმის, რომ ვიღაც თქვენს ცდუნებას შეეცდება, მაგრამ გაქვთ სამეტყველო აპარატი, ჰოდა მარტივად ეტყვით ურყევ და მკაცრ „არას“, თუმცა ამის საჭიროებაც ხშირად არ დგას, რაკი ის ხალხი, ვინც ავტო სტოპზე გიჩერებთ და ზოგადად, ეს კულტურა ესმით - განსხვავებულად საინტერესო და სასიამოვნო ადამიანები არიან.

შედეგად: ზოგავთ თანხას, „მარშუტკაზე“ გაცილებით გემრიელად მგზავრობთ და რაც მთავარია, გზად ძალზედ საინტერესო ურთიერთობებს და ადამიანებს იძენთ!

ბედნიერი მგზავრობა მისურვებია!

2019-08-14
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?