5 სადაზღვევო ტერმინი, რომელიც უნდა იცოდე სანამ დაეზღვევი

დაზღვევის გაფორმება ძალიან მარტივია - სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, სადაზღვევო პოლისი ხელში დაიჭიროთ. თუმცა, სანამ დაეზღვევით, კარგი იქნება თუ ეს სფერო იდუმალებით მოცული არ დარჩება თქვენთვის და რამდენიმე დეტალში გაერკვევით. დაზღვევისას თქვენსა და სადაზღვევო კომპანიას შორის აუცილებლად ფორმდება ხელშეკრულება. ერთი შეხედვით რამდენადაც რთულად და მოსაწყენად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ხელშეკრულება, იმდენად მარტივი და იოლია რეალურად, თუ სადაზღვევო ტერმინოლოგიაში გაერკვევით და ისე წაიკითხავთ. ეს კი არც ისე რთულია. ქვემოთ მოყვანილია 5 სადაზღვევო ტერმინი, რომელიც დაზღვევამდე უნდა იცოდეთ.

1) პრემია

შეიძლება თქვენთვის "პრემია“ შემოსავალთან და წარმატებასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ სადაზღვევო სფეროში ეს ასოციაცია დაივიწყეთ, რადგან სადაზღვევო პრემია ეწოდება თანხას, რომელსაც დაზღვევაში იხდით. პრემია შეიძლება იყოს ყოველთვიური, კვარტლური ან წლიური.

2) ლიმიტი

ამ შემთხვევაში საქმე უფრო იოლადაა და ლიმიტი ნამდვილად ლიმიტს ნიშნავს, ანუ თანხის მაქსიმუმს, რომელსაც სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ. მაგალითად, თუ თქვენ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 1000 ლარი გაქვთ ლიმიტი, პოლისის მოქმედების, ანუ 1 წლის განმავლობაში, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 1000 ლარი შეგიძლიათ დახარჯოთ. ამ თანხას თუ ამოწურავთ, სტომატოლოგიაზე დაზღვევით პოლისის განახლებამდე ვეღარ ისარგებლებთ.

3) გამონაკლისები

აქ ისევ უნდა გადავუხვიოთ პირდაპირ ასოციაციებს. ეს ტერმინი ყველა ხელშეკრულებაშია გამოყენებული და აღნიშნავს იმ შემთხვევებს, რაც დაზღვევით არ ანაზღაურდება. შესაბამისად, როცა დაზღვევის სფეროში "გამონაკლისი" გესმით, არ ნიშნავს, რომ თქვენთვის გამონაკლისს უშვებენ და ზარალს ანაზღაურებენ. გამონაკლისები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

4) ფრანშიზა

ეს უცნაური ჟღერადობის სიტყვა აღნიშნავს თანხის იმ ნაწილს, რომელსაც თქვენ იხდით სადაზღვევო შემთხვევისას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ისევ სტომატოლოგიური მომსახურების მაგალითს მივმართოთ: თუ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სტომატოლოგია 60%-ით გეფარებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მომსახურებაში დახარჯული თანხის 60%-ს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, 40%-ს კი - თქვენ. სწორედ ეს 40%-ია ფრანშიზა. მეორე მაგალითი ავტოდაზღვევაზე ვნახოთ - თუ თქვენ ავტომობილს აზღვევთ და პოლისში მითითებულია, რომ ფრანშიზა 100$-ს შეადგენს, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დროს ასანაზღაურებელ თანხას ეს 100$ გამოაკლდება და დანარჩენი თანხა აგინაზღაურდებათ. რატომ ვირთულებთ საქმეს და ვიყენებთ ფრანშიზას? იმიტომ, რომ ფრანშიზა ფასწარმოქმნაში გვეხმარება და უხეშად რომ ვთქვათ, პოლისს გვიიაფებს. შესაბამისად, ფრანშიზის გარეშე დაზღვევა უფრო ძვირი ღირს.

5) სადაზღვევო შემთხვევა

ყველა შემთხვევას, როდესაც საქმეში დაზღვევა ერთვება და თანხას ანაზღაურებს, სადაზღვევო შემთხვევა ეწოდება. ხელშეკრულებაში მკაფიოდ და ზუსტადაა გაწერილი, რა შემთხვევებს ანაზღაურებს დაზღვევა. სადაზღვევო შემთხვევები და გამონაკლისები (გახსოვთ გამონაკლისები? სულ ცოტა ხნის წინ, ზევით ვისაუბრეთ) ერთმანეთს ავსებს და არც ერთი შემთხვევა რჩება კონტრაქტს გარეთ. შესაბამისად, ზუსტად იცით, რა შემთხვევის ანაზღაურებას უნდა ელოდოთ და პირიქით, რა არ აგინაზღაურდებათ. ამიტომ, ხელშეკრულებაში გამონაკლისების და სადაზღვევო შემთხვევების კარგად გაცნობა მომავალი გაუგებრობებს თავიდან აგარიდებთ.

2018-04-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?