ისტორიები
უხსოვარი დროიდან მოგზაურობდნენ ადამიანები. თუმცა, ბევრად ნელა და ნაკლებად საინტერესოდ. ჩვენმა შორეულმა წინაპარმა მოგზაურობა თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაიწყო ეთიოპიიდან და გავრცელდა მთელ დანარჩენ დედამიწაზე. მას შემდეგ ადამიანები მოუსვენრად გადაადგილდებიან კონტინენტიდან კონტინენტზე, იპყრობენ ზღვებსა და ოკეანეებს, ითვისებენ ჩრდილო თუ სამხრეთ პოლუსების თოვლით დაფარულ სივრცეებს, ლივლივებენ ცაში და მიისწრაფიან, რათა მეტი შეიცნონ ახალი ადგილების შესახებ. საუკუნეების წინ ადამიანები მოგზაურობდნენ სავაჭრო მიზნით ან და საბრძოლველად. სწორედ ეს ორი გახლდათ ახალი კულტურების, ცივილიზაციების შეცნობის ერთადერთი გზა. მოგვიანებით, საერთაშორისო ავიახაზების განვითარების შედეგად ადამიანმა სწრაფი ტემპებით აითვისა გართობისა და დასვენების ახალი ხერბები, რომელიც უცხო ქვეყნების მონახულებით, კამკამა სანაპიროებით ტკბობის, მთის კურორტებზე თოვლში სრიალით, ეგზოტიკური ქალაქების ვიწრო ქუჩებში უბრალოდ ხეტიალით თუ უამრავი სხვა ფორმით გამოვლინდება. მოგზაურობის დაგეგმვა მრავალი საინტერესო და ამავდროულად რთული კომპონენტისგან შედგება, რა დროსაც სხვადასხვა წვრილმან-მსხვილმანი საქმეები გვაქვს შესასრულებელი. ვიყიდოთ ავიაბილეთები, მოვძებნოთ და დავჯავშნოთ საცხოვრებელი, ზამთარში ჩრდილოეთისთვის მოვიმზადოთ ღუნღულა ტანსაცმელი, ზაფხულში კი იმგვარი, რომ ყველა ხვდებოდეს აქ თუ ვინმე ჭეშმარიტად „გულაობს“, ეს სწორედაც რომ ჩვენ ვართ. ბარგი ჩავალაგოთ, არ დაგვრჩეს სმარტფონის დამტენი და ფოვერბანკი, რასაკვირველია არც ფოტოაპარატი. უამრავი საჭირო თუ უსარგებლო ნივთი. თუ ქინდლი არ გვაქვს, ერთი სქელიყდიანი წიგნიც გვჭირდება, თუნდაც რეპუტაციისთვის, სასურველია ფრანგი მწერლის, სამწუხაროდ უელბეკი აღარ გამოდგება, ნაწყენები ვართ. თუმცა კარგ ფრანგ მწერლებს რა გამოლევს. თემას ავცდით, მგონი ყველაფერი ჩავალაგეთ, ბილეთები ხელში გვიჭირავს, ტაქსი გამოძახებულია. თითქოს ყველაფერი მარტივადაა. ევროპის მიმართულებით ვიზა აღარ გვჭირდება და აბა რაღა აღუდგება წინ იმას, რომ ჩვენს ისტორიულ სამშობლო მიწას, ჭეშმარიტ ევროპულ სივრცეს შევუერთდეთ და ჩვენი წილი ევროპელობა დავიბრუნოთ. ჩავალთ და ყველა გვკითხავს საიდან ვართ და სხაპასხუპით ვუპასუხებთ, - ფრომ ჯორჯია, ქანთრი. ისე, ურიგო არ იქნებოდა, სახელმწიფოსთვის პირდაპირ ამგვარი სახელწოდება მიგვენიჭებინა - “Georgia country”. თუმცა, ქვეყნის სახელწოდებას დავეხსნათ და მთავარია შორეული ფრენის მოლოდინით აღელვებული გული ცოტა ხნით დავაოკოთ და დავფიქრდეთ, რაიმე ხომ არ გვრჩება? ასეთ ვითარებაში, ადვილია გამოგვჩეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიც კი, როგორიცაა სამოგზაურო დაზღვევა. მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მოგზაურობისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა აღარ გვჭირდება, სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაზღვევა მაინც საჭიროა. რასაკვირველია, უმჯობესია ყველაფერი წინასწარ მოვამზადოთ, თუმცა არც გულმავიწყებს გაწირავს ბედი და სადაზღვევო სექტორი, რადგანაც თუნდაც აეროპორტიდან შეგვიძლია ონლაინ ვიყიდოთ დაზღვევა, რომელიც მომენტლურად გააქტიურდება და შეგვეძლება სუფთა სინდისით წარვსდგეთ საპასპორტო კონტროლის წინაშე. ამის შემდეგ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ჩავისუნთქოთ ჩვენი ქვეყნის მტვრიანი, თუმცა მაინც საყვარელი ჰაერი, მზერა მივაპყროთ ჰორიზონტზე ლურჯ სივრცეებს და ამაყად გავეშუროთ პირველი ევროპელები სხვა ევროპელ ნათესავებთან შესახვედრად. რაც მთავარია გვახსოვდეს, ბერგჰაინი ვერასდროს შეედრება მშობლიურ ბასიანს, ხოლო LSD საყვარელ LRG-ის.
ისტორიები
  სოფო ბედიას ქმარი - ცოლს. არავინ იცის პირველმა რომელმა ჟურნალისტმა გამოიყენა ამგვარი წოდება სოფო ბედიას ქმრის მიმართ, თუმცა ფაქტია, ასეთი ორიგინალური ტიტული საკმაოდ დასამახსოვრებელი და გამორჩეულია.      „ხარისხის არხის“ ორი გამოჩენილი წამყვანი, რომელთა სახელებიც ჩვენთვის უცნობია ერთმანეთს დააზღვევდნენ, რადგანაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენს მათ ცალ-ცალკე. ისინი, ისეთივე განუყრელები არიან როგორც ბონი და კლაიდი, დონ კიხოტი და სანჩო პანსა ან Wall-e და ევა.   საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რაგბის ეროვნულ ნაკრებს დააზღვევდა. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები არც თუ სახარბიელო მატჩებს ატარებს წლების განმავლობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც რაგბის ნაკრებმა წარმატებებს მიაღწია, სპორტის ქომაგების ყურადღება ძირითადად ამ მიმართულებით გადავიდა. მორაგბეების წარუმატებლობის შემთხვევაში კი მაყურებელი მზერას ისევ ფეხბურთელებისკენ მიაპყრობს, რაც საკმაოდ შეუშლის ხელს ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს მშვიდად ცხოვრებასა და დასვენებაში.   გუგული მაღრაძე იდეებს დააზღვევდა, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან რომ ამ გამორჩეულ პოლიტიკოსს ყველაზე შთამბეჭდავი იდეები მოსდის, რომელიც შემდგომ კანონის სახეს იძენს. აღნიშნული პოლიტიკოსის, საკმაოდ თამამი იდეები უკვე არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების  ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ხოლო ქალბატონი გუგული კი ახალ-ახალ მოსაზრებებს გვთავაზობს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით.   ზალიკო ბერგერი სელფის ჯოხს დააზღვევდა. მისი სელფ ვიდეოები არნახული პოპულარობით სარგებლობს ქართველ ინტერნეტ მომხმარებელთა შორის, და რაც მთავარია, სორი, მაგრამ დის იზ თრუ.   დემნა გვასალია 90-იან წლებს და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს დააზღვევდა. ამ „საგანძურის“ არ არსებობის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რა გახდებოდა დიზიანერის შთაგონების უშრეტი წყარო.   ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორები და სავარჯიშო დარბაზების მფლობელები მომხმარებელთა სმარტფონებს, ან უფრო ზუსტად სმარტფონის კამერებს დააზღვდნენ. სელფის გადაღების და სავარჯიშო დარბაზში დაჩექინების საშუალების გარეშე, მათ ნამდვილად მოაკლდებოდათ საკმაოდ ბევრი მომხმარებელი.   გრიშა ონიანისთვის საუკეთესო გამოსავალი ბადრი შუბლაძის დაზღვევაა. ყველა ჩვენგან სჭირდება ღირსეული მეტოქე, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს აზრს აძლევს.   ქართული პრეზერვატივების ბრენდი „აიისა“ მწვანე, შავ, თეთრ, ნარინჯისფერ და სხვა დარჩენილ ფერებს დააზღვევდა, რადგანაც ყვითელი როგორც გაირკვა, ზეციური ფერია. ხოლო, წითელი და ცისფერი კი სამეფო მოსასხამის ფერი.   ქართველი მამიდები, დეიდები და ბიცოლები იმ იდუმალ აპლიკაციას დააზღვევდნენ, სადაც შესაძლებელია ნათესავებისთვის დასაპოსტი სტიკერების დამზადება. რომლებზეც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია  ვარდები, გულები, შამპანურის ჭიქები, გედები, ასევე მატერიალური კეთილდღეობის აღმნიშვნელი სიმბოლოები და თან ახლავს ფრაზები: ეს ჩემგან, ხმერთმა დიდი გაგიზარდოს, გიხდება მუტსელი, ჩემი დიდი გოგო და სხვა.
ისტორიები
დაზღვევა მხოლოდ ციფრები და ქაღალდები არ არის და ხანდახან  ბევრად საინტერესო ამპლუაში გვევლინება. შეიძლება აქამდე არ დაკვირვებიხართ, მაგრამ ძალიან ბევრ ფილმში დაზღვევა საკვანძო როლს ასრულებს და მოვლენების მოულოდნელი განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. დღევანდელ პოსტში გვინდა სწორედ დაზღვევის კინო როლებზე გესაუბროთ. ცხადია, ყველა ფილმს, სადაც სადაზღვევო თემაა გაჟღერებული, ვერ მოვიცავთ, თუმცა, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ფილმების ყურებისას ალბათ თავადვე გაამახვილებთ ყურადღებას და შეიძლება გაგაოცოთ კიდეც, რამდენად ხშირად არის კინოში სადაზღვევო კომპანია თუ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები ნახსენები. დღეისათვის სასაუბროდ ათი ფილმი შევარჩიეთ:   1) Lloyd's of London (1936)   რეჟისორი: ჰენრი კინგი როლებში: ტაირონ პაუერი, მედელინ კეროლი და გაი სტენდინგი მოკლე  შინაარსი: ორი მეგობარი, ჯონათან ბლეიკი და ჰორაციო ნელსონი შემთხვევით მეზღვაურების საუბარს მოკრავენ ყურს, რომლებიც მომავალი სადაზღვევო თაღლითობის შესახებ საუბრობენ. ჯონათანი გადაწყვეტს, რომ ლოიდსის თანამშრომლებს ამ თაღლითობის შესახებ აცნობოს. საბოლოოდ, ჯონათანი ლოიდსის სადაზღვევო ბიზნესში ერთვება და წარმატებასაც აღწევს.   2) Double Indemnity (1944) რეჟისორი: ბილი ვაილდერიროლებში: ფრედ მაკმიურეი, ბარბარა სტენვიკიმოკლე შინაარსი: ფილმის სადაზღვევო აგენტის შესახებაა, რომელიც ხვდება ცოლს, რომელსაც ქმრის მკვლელობა აქვს გადაწყვეტილი და სურს, მკვლელობა უბედური შემთხვევის იერი მისცეს, რათა სადაზღვევო კომპანიისგან ანაზღაურება მიიღოს. 3) To Catch a Thief (1955) რეჟისორი:  ალფრედ ჰიჩკოკიროლებში: კერი გრანტი, გრეის კელიდიახ, დაზღვევა ჰიჩკოკის კლასიკაშიც ფიგურირებს. ამერიკელი ემიგრანტი რივიერაზე მშვიდად ცხოვრობს, თუმცა სიმშვიდე მას შემდეგ მთავრდება, რაც მას ლოიდსის მშვენიერი სადაზღვევო აგენტი ქურდის დასაჭერად ქირაობს. 4) The Wrong Man (1956) რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკიროლებში: ჰენრი ფონდა, ვერა მაილსიროგორც ჩანს, ჰიჩკოკს დაზღვევა ძალიან უყვარდა და ფილმებისთვის საინტერესო თემატიკად მიაჩნდა. მის მორიგ ფილმში, ახალგაზრდა მუსიკოსი სადაზღვევო კომპანიაში შედის, სადაც სხვა ადამიანში, კერძოდ კი ქურდში, ეშლებათ და აპატიმრებენ. მან როგორმე თავისი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს. 5) Alias Jesse James  (1959) რეჟისორი: ნორმან მაკლეოდიროლებში: ბობ ჰოუპი, რონდა ფლემინგი, უენდელ კორეი მოკლე შინაარსი:  ვესტერნი კომედია სადაზღვევო აგენტის შესახებ, რომელიც სიცოცხლის დაზღვევას შემთხვევით ცნობილ ამერიკელ კრიმინალს, ჯესი ჯეიმსს მიჰყიდის. აგენტს დასავლეთში ჯესი ჯეიმსის დასაცავად გზავნიან. თუმცა, ჯეიმსი ფერნსვორთის მოკვლას გეგმავს, რათა ანაზღაურება თავად მიიღოს. 6) The Thomas Crown Affair (1968) რეჟისორი: ნორმან ჯიუისონი როლებში: სტივ მაქქვინი, ფეი დანავეი მოკლე შინაარსი:  კიდევ ერთი პოპულარული და კლასიკური ფილმი, რომელშიც სადაზღვევო გამომძიებელი, ბანკის ძარცვას იძიებს. 7) Entrapment (1999) რეჟისორი: ჯონ ამიელი როლებში: კეტრინ ზეტა-ჯონსი, შონ კონერი მოკლე შინაარსი:  კეტრინ ზეტა ჯონსის გმირი სადაზღვევო გამომძიებელს ვეივერლის დაზღვევის თანამშრომელია. ის ხელოვნების ნიმუშების ქურდს ეძებს, მაგრამ ამისათვის თავადაც ქურდად უნდა შეინიღბოს. 8) Memento (2000)   რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი როლებში: გაი პირსი, კერი-ენ მოსი მოკლე შინაარსი:  ლეონარდი, ყოფილი სადაზღვევო გამომძიებელია, რომელიც ცოლის მკვლელობის გამოძიებას ცდილობს. ის ანტეროგრადული ამნეზიით იტანჯება, ამიტომ მცირე ჩანაწერებით და სხეულზე უამრავი ტატუთი, ცდილობს ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტები აღნიშნოს და ასე გაიხსენოს წარსული.   9)  Cedar Rapids (2011)   რეჟისორი: მიგელ არტეტა როლებში: ედ ჰელმსი მოკლე შინაარსი:  კომედია ადამიანზე, რომელსაც სამსახური ყოველწლიურ სადაზღვევო კონვენციაზე. აიოვაში, სიდარ რეპიდში გზავნის თავის წარმომადგენლად. შემდგომი მოვლენები კი რა თქმა უნდა, კომედიურად ვითარდება.   10) Automata (2014) რეჟისორი: გაბე იბანიესი როლებში: ანტონიო ბანდერასი მოკლე შინაარსი:  ანტონიო ბანდერასი რობოტების კორპორაციის სადაზღვევო აგენტია, რომელიც რობოტების მიერ პროტოკოლის დარღვევის შემთხვევებს იძიებს და გამოძიების პროცესში საინტერესო ფაქტებამდე მიდის.  
ისტორიები
სადაზღვევო ბაზარი სულ უფრო ფართოვდება და სადაზღვევო კომპანიებიც ცდილობენ, პროდუქტების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზონ მომხმარებლებს. დღევანდელ დღეს, ფაქტობრივად ყველაფრის დაზღვევა არის შესაძლებელი, უძრავი ქონების, თქვენს საკუთრებაში არსებული პირუტყვის, ხელფასის, სხეულის ნაწილების თუ სხვადასხვა რისკების, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიზნესთან, რომელსაც აწარმოებთ ან სხვა მრავალი. ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო პრემიების მოცულობაც, რომელმაც შვეიცარული შემფასებელი კომპანიის Swiss Appraisal-ის მონაცემებით, 4.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ამ მხრივ აშშ-ზე მოდის, სადაც დაზღვეულებს 1.5 ტრილიონ დოლარს უნაზღაურებენ წელიწადში. 30%-ით ნაკლებია სადაზღვევო კომპანიების დანახარჯი ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. აშშ-ში ყველაზე მოცულობითი სადაზღვევო კომპენსაცია გაიცა ამერიკული ბანკის Lehman Brothers-ის ბანკროტად გამოცხადების შემდეგ, 2007 წელს. მისი ზარალი ანაზღაურდა 100 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზეა ქარიშხალი კატრინასგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია 41 მილიარდი დოლარით. ხოლო მესამეზე, ნიუ იორკის ცხობილი ტერაქტი 9/11, რომელიც 40 მილიარდი დოლარით აზანღაურდა. თუმცა, აშშ-ში გაცემულ სადაზღვევო კომპენსაციებს არც იაპონია ჩამორჩა. ჩერნობილში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატარასტროფა მოხდა იაპონიაში 2011 წელს. ფუკუსიმაზე მომხდარი ბირთვული აფეთქების შედეგად ეკონომიკურმა ზარალმა 350 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაცემული კომპენსაციების მოცულობამ კი 41 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის გარდა, ბირთვულ სადგურ „ფუკუსიმა 1-ზე“ მომუშავე ოპერატორებისთვის კიდევ 1 მილიარდი დოლარის სადაზღვევო კომპენსაცია გაიცა. სიცოცხლის დაზღვევის ყველაზე მსხვილი ანგარიშსწორება კანადაში დაფიქსირდა ჯორჯ მიულერის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, 1971 წელს. მიულერი ხულიგნებისგან იცავდა თავის რანჩოს, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა. რიგითი ფერმერის სიცოცხლე სადაზღვევო კომპანიების მიერ 14 მილიონ კანადურ დოლარად იქნა შეფასებული, რაც მცირედით ჩამოუვარდება ამერიკული დოლარის ფასს. თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი, ხშირად მაინც უარს ამბობს სიცოცხლის დაზღვევაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა, სამწუხაროდ ჩვენ აღარ გვერგება. ჩვენს ახლობლებს კი, მაგალითად 14 მილიონი, თუნდაც კანადური დოლარი, საგრძნობლად შეუმსუბუქებდა ჩვენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.   დაზღვევის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა იყო ყველასათვის ცნობილი გემი „ტიტანიკი“. ხომალდის აგება იმ დროისათვის 7.5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ამის მიუხედავად, ის მხოლოდ 5 მილიონ დოლარად დააზღვიეს 70-ზე მეტ სადაზღვევო კომპანიაში. კატასტროფის შემდეგ ანაზღაურებამ 12 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მაშინ, ინფლაციის გათვალისწინებით არნახულ თანხას წარმოადგენდა. „ტიტანიკთან“ ბევრი სხვადასხვა მითია დაკავშირებული, რომელიც შეიქმნა გემის მშენებლობის დაწყებამდეც კი. ყოვლისშემძლე ტექნოლოგიური პროგრესი ბრწყინვალე ნიმუში, რომელსაც ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია, ასეთი იყო მოლოდინები ტიტანიკის მიმართ. თუმცა, მისმა კატასტროფამ კიდევ ერთხელ ცხადყო რომ ასეთი დიადი წამოწყებაც კი განწირულია თუ მას ბუნება დაუპირისპირდა. კიდევ ერთი მითი, რომელიც ტიტანიკთან ერთად დასამარდა, მსოფლიო სადაზღვევო ბაზრის გიგანტების შესაძლებლობებს უკავშირდება, რომლებსაც თითქოსდა უნდა ჰქონოდათ უნარი, წინასწარ განეჭვრიტათ რისკები, რათა ზარალი აეცილებინათ თავიდან. ტიტანიკის კატასტროფა ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ადამიანთა ტრაგედია, რომლებიც დაიღუპნენ გემზე, არამედ ასევე დასამახსოვრებელი იყო უსასრულოდ გაგრძელებული სასამართლო პროცესებით, რომელთაგან ზოგი დღემდე დაუსრულებელია. სადაზღვევო კონტრაქტების საფუძველზე ანაზრაურდა წარმოიდგენელი მოცულობის ძვირფასეულობა, რომელიც გემზე იყო განთავსებული. ტიტანიკზე იყო 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოქრო, 5 მილიონი ბრილიანტი (1912 წლის ფასებით), მგზავრები პირადი ძვირფასეულობა, რომლებიც მილიონერებს წარმოადგენდნენ. ასევე გემზე იყო უნიკალური ისტორიულ-კულტურული ობიექტები: ომარ ხაიამის შეუფასებელი მანუსკრიპტი - „რუბაიათი“, ასევე ეგვიპტის ფარაონ ამენხოტეპ I-ის მმართველობის პერიოდის მუმია და უამრავი სხვა. რაც შეეხება სადაზღვევო კომპენსაციას ადამიანთა სიცოცხლისთვის (მგაზრტა რიცხვი კი 1554 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან მხოლოდ 703 გადარჩა) სრულად ანაზრაურდა და ახლაც, 100-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ, გარდაცვლილთა ზოგიერთი ნათესავი ჯერ კიდევ იღებს სადაზღვევო თანხას. ტიტანიკთან დაკავშირებულია ბევრი უცნაური დამთხვევა, რომელთაგან ერთ-ერთი უკავშირდება მანამდე თითქმის ყველასათვის უცნობი მწერლის მორგან რობეტრსონის 1898 წელს (ანუ, კატასტროფამდე 14 წლით ადრე) გამოცემულ წიგნს - „ამაოება“. ნაწარმოებში დეტალურად იყო აღწერილი ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შედეგად სუპერ-ლაინერის დაღუპვა. გემის სახელიც კი საეჭვოდ ემთხვევა, რომელსაც წიგნში „ტიტანი“ ერქვა. არსებობს შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც გემის მფლობელებს სურდათ გაეთამაშებინათ კატასტროფა, რათა სადაზღვევო თანხა მიეღოთ. ამ ვერსიით მათ გეგმაში შედიოდა მგზავრების ევაკუაცია, გემის ჩაძირვა და კომპენსაციის მიღება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა. ჩანაფიქრის განსახორციელებლად დაიქირავეს კაპიტანი სმიტი, რომელიც განთქმული იყო თავისი ავანტურისტული ბუნებით, თუმცა საბოლოოდ მისი სიციცხლეც ტიტანიკზე დარჩა. ასეა თუ ისე, ტიტანიკი რჩება დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრაგედიად, ხოლო მისთვის გაცემული სადაზღვევო კომპენსაცია კი ისტორიულ რეკორდად. თუმცა, ის ფაქტიც უცვლელია რომ ამ კატასტროფის შედეგად ბევრი ადამიანი საკმაოდ მოგებული დარჩა.
ისტორიები
გაუთვალისწინებელი არასასიამოვნო შემთხვევები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაატყდეს თავს სრულიად მოულოდნელად. სწორედ ამგვარი შემთხვევებისგან თავის დაცვას ცდილობდნენ ის ადამიანები, რომელბზეც ქვევით მოგითხრობთ. წარმოგიდგენთ გამაოგნებელი და სახალისო სადაზღვევო ისტორიების ხუთეულს: ბრიტანელმა ფერმერმა აივორ ბანეტმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვდა კომპენსაციის თავისი ტელეფონის გამო, რომელიც, მისი თქმით სრულიად მოულოდნელად გაფუჭდა. თითქოს ტელეფონის გაფუჭებაში უცნაური არაფერია, თუმცა მიზეზი მართლაც საყურადღებოა. მისი IPhone დაზიანდა მას შემდეგ, რაც ძროხაში „იმოგზაურა“. როგორც გაირკვა მესაქონლე იყენებდა ტელეფონის ფანარს, როდესაც ძროხას ამშობიარებდა. მშობიარობა გვიან ღამით მიმდინარეობდა. უცნობია როგორ, მაგრამ აივორმა ტელეფონი ძროხის სწორ ნაწლავში მოათავსა, რის შემდეგაც ტელეფონი დაკარგა. მოგვიანებით, ტელეფონი დღის სინათლეს ბუნებრივი გზით დაუბრუნდა, თუმცა უკვე დაზიანებული. შედეგად აივორს სადაზღვევო კომპანიამ ზარალი სრულად აუნაზღაურა.   ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებმა მახვილგონიერმა ადვოკატმა შეიძინა ერთი ყუთი ძვირადღირებული სიგარა, რომელიც დააზღვია წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და ხანძრისგან. ერთი თვის განმავლობაში ადვოკატი ტკბებოდა თამბაქოს არომატული კვამლით, საბოლოოდ კი მთელი ყუთი მოწია. როდესაც სიგარა დაუმთავრდა, სადაზღვევო კომპანიას მიმართა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამეთუ დაზღვევის ობიექტი დაზიანებული იყო მთელი რიგი „მცირე ხანძრებისგან“. მზღვეველმა უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე, საბოლოოდ კი საქმე სასამართლომდე მივიდა. იმის საფუძველზე, რომ ხელშეკრულებაში არ იყო აღნშნული რა ტიპის ხანძარი უნდა აენაზღაურებინა კომპანიას და რა ტიპის არა, სასამართლომ დაადგინა: სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო კლიენტისთვის გადაეხადა 15 000 $. ამასთანავე, ადვოკატი დაადანაშაულა დაზღვეული ნივთის განზრახ დაზიანებაში, რის გამოც მას სასამართლომ 24 თვიანი პატიმრობა და 24 000 $ ჯარიმა შეუფარდა.   ეს საკმაოდ უცნაური სადაზღვევო შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, ესექსში მოხდა. შოტლანდიის ჩრდილოეთში მცხოვრებმა სამმა დამ, რომლებიც ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის წევრები იყვნენ, გადაწვიტეს თავიანთი ქალწულობა დაეზღვიათ, რათა შემთხვევით არ დაორსულებილიყვნენ უბიწო გზით ისესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.   დები 2000 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იხდიდნენ 100 ფუნტს, ხოლო „ზარალის“ შემთხვევაში ერთ მილიონ ფუნტს მიიღებდნენ. სადაზღვევო კომპანია, რასაკვირველია, თანახმა იყო, რადგან საკმაოდ რთული იქნებოდა იმის დამტკიცება რომ „ზიანი“ მართლაც უბიწო გზით მიადგათ დაზღვეულებს. რამდენიმე წლის შემდეგ ამგვარი ტიპის სადაზღვევო ხელშეკრულებები შეწყდა, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ მწვავე პროტესტი გამოთქვა აღნიშნულის მიმართ.   საახალწლო სამზადისში ჩართული ბატონი ფეირკლოუ სანოვაგით და საჩუქრებით დატვირთული შინ ბრუნდებოდა. თუმცა, საღამო უიღბლო გამოდგა. მისი თქმით: წინ მიმავალი მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, რომელსაც სახურავზე ნაძვის ხე ჰქონდა მიმაგრებული. მკვეთრ მოსახვევში ნაძვის ხელ მოწყდა და მის მანქანას შეეჯახა.   ნაძვის ღერო ჩაერჭო მისი მანქანის კაპოტში, რის შემდეგაც მძღოლმა მართვა დაკარგა და გზიდან გადავიზა. ბატონი ფეირლოუ, ასევე დასძენს, რომ წინ მიმავლმა მანქანამ გადაადგილება არ შეწყვიტა და გაუჩინარდა.   შედეგად, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზარალი სადაზღვევო კომპანია. პოლიციის განცხადებით, მათ შეეძლოთ საქმის აღძვრა დამნაშავის წინააღმდეგ, თუმცა დაზარალებულმა უარი განაცხადა.   ქორწილი ბრწყინვალე დღეა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახალშეუღლებულების ცხოვრებაში. თუმცა, მოულოდნოლებები ასეთ დღეებშიც ხდება. საკმაოდ უსიამოვნო ქორწილი გამოუვიდა იტალიელ პაულინა კატელის. იმ დღეს პატარძალი საოცრად ლამაზი იყო, ეცვა ხელით შეკერილი ძვირადღირებული საქორწინო კაბა... იქამდე, სანამ ის აგიზგიზებულ მაყალს არ მიუახლოვდა. ალი მყისიერად მოედო მთელ ქსოვილს. ნეფე არ დაიბნა, ის ხელში აიტაცა და ცეცხლოვან პატარძალთან ერთად ზღვაში გადახტა. საბედნიეროდ, ორივე მათგანი კარგად ცურავდა.   მართალია ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული ამგვარი ზარალის კომპენსაცია, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ ზარალის 50% მაინც დაფარა, შესაძლოა მხოლოდ თაბაგრძნობის გამო.
ახალი პოსტები
რა კავშირი აქვს დაზღვევას და პატრიოტობას?
მანქანის დაუზღვევლობით გამოწვეული უბედურება
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად
5 მიზეზი, თუ რატომ არის სასარგებლო „ონკო ქეარის“ გამოყენება